რუსეთთან ურთიერთობა

სააკაშვილი: პუტინთან სალაპარაკოდ მუდმივად მზად ვარ

”პუტინი არსად არ წასულა, მაგრამ რადგან ახლა ოფიციალურად მოვიდა უკან, მასთანაც სალაპარაკოდ მუდმივად მზად ვარ”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ოქტომბერს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში. მაგრამ, იქვე განმარტა, რომ ეს ლაპარაკი უნდა ეფუძნებოდეს ორი თანასწორი ერის ლაპარაკს და არა ერთი მხარის მიერ მეორის კუთხეში მიმწყვდევას, მოსყიდვას, შიგნიდან ძირის გამოთხრას. პრეზიდენტის თქმით, პუტინთან დიალოგის მზადყოფნის შესახებ მან ფრანგ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაზეც განაცხადა. ნიკოლა სარკოზიმ თბილისში თავის საჯარო გამოსვლაში რუსეთს და საქართველოს მოუწოდა მიჰყვნენ ევროპის ქვეყნების მაგალითს, რომლებმაც ომის შემდეგ შეძლეს  დიალოგის და შერიგების გზას დადგომოდნენ. ამასთან,  ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. თქვა ისიც, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და  ექსკლუზიური გავლენის სფეროების პოლიტიკაზე უარი უნდა ითქვას.

მიხეილ სააკაშვილმა მთლიანობაში ისტორიული მნიშვნელობის უწოდა თბილისში ნიკოლა სარკოზის გამოსვლას.  აღნიშნა, რომ  ევროპაში ყველაფერს წამყვანი სახელმწიფოები წყვეტენ, განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია და გაიხსენა 2008 წლის მარტის ნატოს ბუქარესტის  სამიტი, როცა საფრანგეთი და გერმანია საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ. "საფრანგეთი აქამდე წინააღმდეგი იყო ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ხსენების. დღეს ნიკოლა სარკოზიმ ყველაფერი შემოატრიალა,” - თქვა მან. 

”საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება, შევიდეს ნატო-ში, თუ მის ხალხს ეს ასე სურს და თუ იმ ალიანსის წევრები, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ამის მომხრენი იქნებიან  ბუქარესტის სამიტის პრინციპით. საქართველოს თავისუფალი ნებაა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება დაუახლოვდეს ევროკავშირს და ერთ მშვენიერ დღეს მისი წევრიც გახდეს. ”- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თბილისში,  თავის საჯარო სიტყვაში.

კომენტარები