სომხეთის პოლიტიკური კრიზისი

მთავრობა-ოპოზიციას შორის დიალოგის პერსპექტივები

სომხეთში პოლიტიკური ვაკუუმია – მმართველი კოალიცია (სათავეში უდგას პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის სომხეთის რესპუბლიკური პარტია – HHK) და ოპოზიცია საერთო ენას ვერ პოულობენ. ორივე მხრიდან გარკვეული დათმობების მიუხედავად, პრინციპულ საკითხებზე მათი პოზიციები კვლავაც განსხვავებულია. 

ხელისუფლებისადმი უკმაყოფილოთა გამოსვლები, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის, მთავარი ოპოზიციური პარტიის, სომხეთის ეროვნული კონგრესის (HAK) თაოსნობით თებერვალში დაიწყო. მათ ხელისუფლებას 15 ულტიმატუმი წარუდგინეს. ისინი ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად არჩევნების ნაადრევად დანიშვნას და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მხარეებს შორის საკამათო საკითხებზე სადისკუსიო ფორუმის ფუნქცია 2008 წელს პრეზიდენტის მიერ დაფუძნებულმა, 36 ადამიანისგან შემდგარმა საზოგადოებრივმა საბჭომ იტვირთა. მას დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია ეროვნულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ვაზგენ მამიკონიანი ხელმძღვანელობს და სათათბირო ორგანოს სტატუსი გააჩნია. მისი წევრების გარკვეულ ნაწილს პრეზიდენტი ნიშნავს.

მთავრობამ ვერ შეძლო მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული ოპონენტების მოთხოვნების უგულებელყოფა. შედეგად, ხელისუფლებამ 15-დან 3 მოთხოვნა დააკმაყოფილა. კერძოდ, გაათავისუფლეს დაკავებული აქტივისტების ნაწილი, მათ შორის 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი არეულობის დროს დაპატიმრებული ადამიანები. ასევე, ოპოზიციამ თავისუფლების მოედანზე დემონსტრაციების თავისუფლად გამართვის ნებართვა მიიღო. თუმცა, ადრეული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე სამთავრობო კოალიციამ უარი განაცხადა. ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევის იმედით HAK-ი მთავრობასთან დიალოგს დათანხმდა.

ივლისში დაწყებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა სამთავრობო კოალიციის 3 პარტია (HHK, აყვავებული სომხეთი და კანონზე დამყარებული სახელმწიფო) და პარლამენტის გარეთ დარჩენილი HAK-ი. რამდენიმერაუნდიანი დიალოგის მიუხედავად, მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. 
ამ პერიოდში, სხვადასხვა ოპოზიციური ძალების მიდგომები გარკვეულწილად შეიცვალა. პეტროსიანი მანიფესტაციებზე რევოლუციის მაგივრად დიალოგის სტრატეგიაზე აკეთებს აქცენტს. გამოსვლებზე მოსახლეობის აქტიურობამაც იკლო. ამას გარდა, პარტიის წარმომადგენელთა რიტორიკის შერბილება, შესაძლოა, სარგსიანის ბოლოდროინდელმა წარმატებამ განაპირობა – პრეზიდენტმა სამთავრობო კოალიციის უმცროსი პარტნიორებისგან საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის მხარდაჭერის გარანტია მიიღო. ექსპერტების მოსაზრებით, შესაძლოა, პეტროსიანმა რეჟიმის ცვლილების მოთხოვნას საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალური ხმების მოპოვებაზე ზრუნვა არჩიოს. 

სამაგიეროდ, დიალოგის ტაქტიკა დაგმო ორმა ოპოზიციურმა ძალამ – მემკვიდრეობის პარტიამ (131-ადგილიან პარლამენტში ფლობს 5 მანდატს) და სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ. რადიკალები პეტროსიანს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ და საპირისპიროდ, პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. პოზიციათა სიჭრელე კი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობებს ამცირებს.
 

კომენტარები