Windows 8

გასულ კვირას ტექნომანებს ახალი გასართობი მიეცათ: ლოს-ანჯელესში გამართულ კონფერენციაზე კომპანია Microsoft-მა, საზოგადოებას Windows 8-ის სატესტო ვერსია წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე საინსტალაციო პაკეტის გადმოსაწერი ბმული განათავსეს. კვირის განმავლობაში გადმოქაჩვების რაოდენობამ ერთ მილიონს მიაღწია, რაც ინტერნეტის ვიდეოპორტალებზე აისახა კიდეც. იქ მრავლად შეხვდებით სტივენ ბალმერის შეგირდების ახალი ქმნილების დეტალურ აღწერას. თუ ვიდეომასალაზე წარმოდგენილი ინფორმაციით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ Microsoft-ის ინჟინრები და დეველოპერები კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე არიან.

Windows 8-ის დახვეწილი იუზერ-ინტერფეისი ორ ხედვას აერთიანებს. პირველი წინა ვერსიის გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელში გარკვევაც „სევენ”-ის მომხმარებლებს არ გაუჭირდებათ. მეორე კი უპირატესად პლანშეტური კომპიუტერებისთვის, ანუ ისეთი მოწყობილობებისთვისაა შექმნილი, რომელთან ურთიერთქმედებაც არა მაუსით, არამედ უშუალოდ ეკრანზე თითის დაჭერით, ე.წ. თაჩ-ით ხდება. ამ ხედვის შესაქმნელად Microsoft-მა სპეციალური ენა, Metro შეიმუშავა, რომელიც ჯერ Windows Phone 7-ის იუზერ-ინტერფეისში გამოიყენებოდა. საბოლოოდ, ის იმდენად დაიხვეწა, რომ ახალ ფილოსოფიად იქცა, რომლის დევიზიც ორი სიტყვით შეიძლება გამოვხატოთ: „ძირს მაუსი”.

„მეტრო”-ინტერფეისი ერთი შეხედვით iOS-ს წააგავს, სადაც მთავარ ფანჯარაში სხვადასხვა ხატულებია მიმოყრილი, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, Windows 8-ის ვიჯეტები უფრო დინამიური და ინფორმატიულია. Microsoft-ში არა მხოლოდ Apple-ის გამოცდილება გაითვალისწინეს, არამედ ისიც, თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს Facebook-ში იუზერ-ინტერფეისის კუთხით – კერძოდ, ეს ე.წ. ნოთიფიქეიშენების სისტემას ეხება. ვიჯეტები ნიუსფიდებს იყენებენ, სადაც ონლაინ-რეჟიმში აისახება თუ რა ხდება ელექტრონულ ფოსტაში, სოციალურ ქსელებში, თქვენს საყვარელ ბლოგებზე, ახალი ამბების პორტალზე და ა.შ.

კიდევ ერთი სიახლე, რომლითაც Windows 8 მისი წინამორბედებისგან გამოირჩევა, ე.წ. აპსტორია, ანუ პროგრამული უზრუნველყოფის დიდი საცავი, სადაც მომხმარებელს შეუძლია უფასოდ, ან მინიმალურ ფასად, ისე როგორც ეს Apple-ის „აპსტორის” შემთხვევაშია, გაეცნოს ახალ პროგრამებს, თამაშებს და ჩამოქაჩოს ისინი. Microsoft-ში ამბობენ, რომ ახალი ოპერაციული სისტემა უფრო დაცული იქნება არალეგალური გამოყენებისგან. Windows 8-ის პირატული ვერსიები ისეთი ხელმისაწვდომი აღარ იქნება, როგორც მისი წინა შემთხვევებისას იყო. „აპსტორში” იგეგმება პროგრამების შეძენა ხელმოწერით და შემდეგ თანხის თვიური გადახდით, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ფასიანი პროგრამების უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობას.

სანდო წყაროები ამბობენ, რომ Microsoft-ი უარს ამბობს ფაილურ სისტემა NTFS-ზე. ეს, როგორც ჩანს, იმითაა განპირობებული, რომ ეს უკანასკნელი არაა ოპტიმიზირებული პლანშეტურ მოწყობილობებთან სამუშაოდ, რომელთა ტექნიკური მახასიათებლები ჩამორჩება დესკტოპ-კომპიუტერების მონაცემებს. ჯერჯერობით უცნობია ფაილური სისტემის, სახელად Protogon-ის, ძირითადი განსხვავებანი NTFS-ისგან, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ფაილური სისტემის ცვლილება უსაფრთხოების გაძლიერების მიზნითაა გაკეთებული.

ბოლო მონაცემებით კომპანია Microsoft-ი დესკტოპ-კომპიუტერების ოპერაციული სისტემების ბაზარზე მონოპოლიას ინარჩუნებს. იქ კვლავაც Windows XP-ის მომხმარებლები (35%-ით) ჭარბობენ. ეს მიუთითებს, რომ მომხმარებლები ახალ ოპერაციულ სისტემებს გვიან უწყობენ ფეხს. იმედია, 2012 წელს, როდესაც Windows 8-ის ოფიციალური ვერსია გამოვა, თითოეული ჩვენგანი მზად იქნება „თაჩსქრინიან” მოწყობილობებზე უმაუსო ოპერაციულ სისტემასთან ურთიერთობისთვის, რაც ძველი უნარ-ჩვევების დავიწყებას და ახლის შეძენას ითვალისწინებს.

ინსპირაციის წყარო: http://www.microsoft.com/presspass/press/2011/sep11/09-13FutureofComputingPR.mspx

კომენტარები