ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ახლებურად დააფიქრეს

საქართველოს ნაკრებმა ექვს ერზე მეშვიდე გუნდი დაგვანახა”, – ასეთი განცხადება გააკეთეს ბორჯღალოსნებისა და ინგლისის მატჩის კომენტატორებმა, მსოფლიო  რაგბის ლეგენდებმა, ინგლისელმა ლოურენს დალალიომ და სამხრეთ აფრიკელმა ფრანსუა პიენაარმა. ეს შეფასება ალბათ ყველაზე უფრო ღირებულია მათ შორის, რომელიც ამ თამაშის შესახებ გაკეთდა.
შეფასებები კი მართლა ძალიან ბევრი იყო. ძირითად აქცენტს ყველა ჩვენი ნაკრების კარგ თამაშზე აკეთებდა. ზოგი გაკვირვებული იყო, ზოგი კი ყველანაირად ცდილობდა პატივისცემის გამოხატვას. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ბორჯღალოსნებმა უძლიერეს მეტოქესთან მხოლოდ 31 ქულით დათმეს შეხვედრა – 10:41.

ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ანგარიშში სხვაობა ძალიან დიდია. სინამდვილეში კი ასე არ არის. ექვსი ერის მუდმივმა მონაწილემ, ასეთ ბრძოლებში გამოცდილმა იტალიის ნაკრებმა წელს ინგლისელებთან 13:59 წააგო. ალბათ ამ ორი ანგარიშის შედარებაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
ბორჯღალოსნებმა 18 სექტემბერს დანიდინში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ რაგბი ითამაშეს. ეს იყო შეხვედრა, სადაც ქართველების წინსვლა გამოჩნდა. შოტლანდიასთან დაპირისპირებისაგან განსხვავებით, რიჩი დიქსონის შეგირდებმა ამჯერად მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ შეტევაშიც კარგად თამაშობენ. ანგარიშში სხვაობა გაცილებით პატარა იქნებოდა, მერაბ კვირიკაშვილს ხელსაყრელი პოზიციებიდან ოთხი საჯარიმო რომ არ აეცილებინა. ამან ერთი პრობლემაც გამოაჩინა. ეს, ალბათ, უფრო მწვრთნელების არასწორ გადაწყვეტილებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა ისე იყო შერჩეული, რომ განაცხადში მხოლოდ ერთი სტაჟიანი კარში დამრტყმელი გვყავდა. აქედან გამომდინარე, როდესაც მისი გამოცვლა გახდა საჭირო, უბრალოდ ალტერნატივის გარეშე დავრჩით. არეულმა კვირიკაშვილმა კი ფეხი ვეღარ გაისწორა და მეტოქის კარში მხოლოდ ერთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა.

ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგული მონპელიესა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი – მამუკა გორგოძე დასახელდა. ის მთელ მოედანზე დომინირებდა და მოწინააღმდეგეს დიდ თავსატეხს უჩენდა. „ინგლისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. აქედან გამომდინარე, მათთან შეხვედრისას საუკეთესო მოთამაშედ დასახელება ყველა მორაგბისათვის სასიხარულოა. შეგვეძლო უფრო მცირე სხვაობით წაგვეგო. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგი კი აშკარად არადამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა გორგოძემ.
მარტინ ჯონსონის გუნდთან მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა – საქართველოს მაღალი დონის ნაკრებებთან ხშირი შეხვედრები სჭირდება. ამაზე საუბრები დიდი ხანია მიდის  და ახლა ამის აუცილებლობა ბორჯღალოსნებმა უკვე მსოფლიო თასზეც დაადასტურეს. სწორედ ასეთ შეხვედრებს მოაქვს ის გამოცდილება, რომელიც შემდეგ შედეგშიც გადაიზრდება. კარგია, რომ ამ ყველაფრის შესახებ ლაპარაკი და მსჯელობა უკვე მსოფლიო სარაგბო თემმა და მისმა მამებმაც დაიწყეს. მათი ჩარევისა და სურვილის გარეშე ხომ არაფერი გამოვა. „ქართველებმა დაგვარწმუნეს, რომ ელიტარულ გუნდებთან ხშირად უნდა ითამაშონ. შეხვედრის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე ინგლისი მხოლოდ 12 ქულას იგებდა. ისიც იმიტომ, რომ ქართველების დამრტყმელმა 5 საჯარიმო ააცილა. თეთრებს უბრალოდ გაუმართლათ”, – წერდა ახალზელანდიური პრესა მატჩის შემდეგ.
ახლა საქართველოს ნაკრებს ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდება. 28 სექტემბერს ბორჯღალოსნები დიდი ხნის მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებს უკვე მსოფლიო თასზე დაუპირისპირდებიან. ეს ის მატჩია, რომლის მოსაგებადაც ქართველმა მორაგბეებმა ყველაფერი უნდა გაიღონ. 

კომენტარები