უკეთესი დაცვა და ცუდი შეტევა

ბორჯღალოსნებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა გამართეს – შოტლანდიის ნაკრებთან 6:15 დამარცხდნენ.
ინვერქარგილში 14 სექტემბერს წვიმიანი ამინდი იყო. ეს მცირე უპირატესობას თავიდანვე ბრიტანელებს აძლევდა. სქოთებს მეორე პლუსიც ჰქონდათ – მოძმე ირლანდიელი მსაჯი, ჯორჯ ქლენსი.

მსოფლიო თასის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა, სპეციალისტების აზრით, ყველაზე ცუდი სანახავი გამოდგა. წლევანდელ ჩემპიონატზე ლელოს გარეშე მატჩი პირველად დასრულდა. მეტოქეებმა ერთმანეთს ბურთის დამიწების შანსი არ მისცეს. რუმინელებთან მატჩისაგან განსხვავებით, შოტლანდიელებმა ხაზის კარგად გაშლა, ჩვენების გაჭრა და ფრთებზე განავარდება ვეღარ შეძლეს.

მსოფლიო რაგბის სამყაროში აღიარებული ვებგვერდი პლანეტრაგბი საქართველოს ნაკრებს აკრიტიკებს – ბორჯღალოსნები მხოლოდ მეტოქის შეტევების ჩაშლით იყვნენ დაკავებული და შეტევაზე საერთოდ არ ფიქრობდნენო.

შოტლანდიასთან დაპირისპირებისას საქართველოს ნაკრებმა რაგბი რეალურად მხოლოდ პირველ 20 წუთში ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ბორჯღალოსნები შეტევაშიც ცდილობდნენ რაღაცის გაკეთებას და ერთი ასეთი მომენტი კვირიკაშვილის აცილებული არეკნითაც დასრულდა. მერე ჯარიმა გავიტანეთ, დავწინაურდით და ამის შემდეგ ბურთი მხოლოდ მოწინააღმდეგეს ჰქონდა, რაშიც ხელს, მსაჯთან ერთად, ჩვენც ვუწყობდით სრულიად უწყინარ სიტუაციებში ფეხით ბურთის უაზრო გადაკიდებებითა და მეტოქისთვის ჩაბარებით. ამ ამბავში განსაკუთრებით გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე გამოირჩეოდა.

გარდა ამისა, ხშირად ვჯარიმდებოდით, ხან სამართლიანად, ხანაც უსამართლოდ. ეს კი, საბოლოოდ, ჩვენს ნახევარზე გვტოვებდა. შოტლანდიელთა დამრტყმელმა დენ პარკსმა 7-ჯერ სცადა ჯარიმის გატანა და აქედან ოთხჯერ ეს ზუსტად მოახერხა.

მსოფლიო თასის პირველი თამაში და ნაკრების გამოსვლა ალბათ 2007 წლის ანალოგიურ ტურნირს უნდა შევადაროთ. ყველაზე ახლოს ეს მატჩი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ირლანდიელებთან დაპირისპირებასთან დგას. თუმცა იმ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები შეტევაში გაცილებით თავისუფლად მოქმედებდა. ამჯერად ვერ შევუტიეთ და ეს ალბათ ფსიქოლოგიური ტვირთის ბრალიც იყო. ბორჯღალოსნები მაშინ მოედანზე თავიდანვე აუტსაიდერის რანგში გავიდნენ, შოტლანდიელებთან კი რეალურად ყველა მოგებაზე ფიქრობდა.

სამაგიეროდ, წლევანდელი დაცვა ოთხი წლის წინანდელზე მაღლა იდგა. გუნდი ფიზიკურადაც კარგად გამოიყურებოდა. მატჩის ბოლო წუთებში ქართველები ისე მოძრაობდნენ, როგორც შეხვედრის დასაწყისში. თან ეს იმ დროს, როდესაც მთელი დრო მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიებით იყვნენ დაკავებულები.

ერთი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ შოტლანდიელების შერკინებამ და მათმა პირველმა ხაზმა დიდი თავსატეხი გაგვიჩინა. თითქმის 50 კილოგრამით მძიმე შოტლანდიელებმა ჩვენს შერკინებას უპირატესობის მოპოვების და თამაშის შეკვრის საშუალება არ მისცეს. პირიქით, ამ კომპონენტში უკეთესად გამოიყურებოდნენ. ჩვენები ამას არ ელოდნენ და თითქოს დაიბნენ.

შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ინგლისელმა ენდი რობინსონმა განაცხადა: „ჩვენ აქ მინიმუმ ორი თამაშის მოსაგებად ჩამოვედით. მიხარია, რომ საბოლოოდ ასეც მოხდა და დასკვნით ორ შეხვედრას 9 ქულით ვხვდებით. დღეს გამარჯვება ადვილი არ იყო. თუმცა, რაც მთავარია – მიზანს მივაღწიეთ”.

საქართველოს ნაკრების დამრიგებელი რიჩი დიქსონი: „შოტლანდიელებთან წაგების უმთავრესი მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. შეტევაში საერთოდ არაფერი გამოგვდიოდა. ალბათ, გარკვეული როლი, პირველი თამაშის სინდრომმაც ითამაშა. ახლა ეს უკვე განვლილი ეტაპია, წინ კი ინგლისელებთან დაპირისპირება გველოდება”.

კომენტარები