პოპ-არტის უცნობი მამა

სამყარო სავსეა ბანალურობითა და ვულგარულობით. მას ან უნდა შეურიგდე, ან ბრძოლა გამოუცხადო, რაც გამიჯვნის ტოლფასი იქნებოდა. ხოსე ორტეგა ი გასეტის თქმის არ იყოს, უხამსობაა სხვებისგან გამორჩეული იყო, ესე იგი, გქონდეს განსხვავებული იდეალები და მოთხოვნილებები. შესაბამისად, მასის მოთხოვნილებები ბურჟუაზიულობისა და კონფორმიზმის ერთ დიდ ნაზავს ქმნის, ორივე ერთად კი ხელოვნებას წარმოშობს, რომელსაც ჩვეულებრივ ენაზე პოპ-არტს ვუწოდებთ ხოლმე.

სტენლი კუნიცს ალბათ ჰქონდა უფლება, ამ მიმდინარეობისთვის დომინანტი სოციალური კლასის წინაშე დითირამბების მიძღვნა დაებრალებინა. ოღონდ, რთულია დაზუსტებით თქვა, რა არის მასობრივი კულტურის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე დიდი პროტესტი – მისგან თავის არიდება თუ ე.წ. ხალხური კულტურიდან წარმოშობილი კიჩის ხელოვნებაში ასახვა და ამ გზით ერთგვარი ირონიის გამოწვევაც საზოგადოებაში. საზოგადოებაში, რომელსაც ყოველ წამს აქვს შეხება რეკლამასთან და ზოგადად მასობრივ პროდუქციასთან, რაც არის კიდეც პოპ-არტის მთავარი წყარო.

დღეს ბევრისთვის პოპ-არტის ცნება, პირველ რიგში, ენდი უორჰოლის სახელთან ასოცირდება, არადა ამ მიმდინარეობას გასული საუკუნის 50-იანებში სწორედ ჰამილტონმა დაუდო სათავე. დღეს ის სამართლიანადაა მიჩნეული პოპ-არტის მამად. არტისტი ფიქრობდა, რომ კინომ, ტელევიზიამ, ბეჭდვითმა მედიამ მთლიანად მოიცვა თანამედროვე ხელოვანის გონება. როდესაც ჰამილტონის შემოქმედებას აკვირდები, ხვდები, რომ პროცესი ორმხრივია, იმდენად კარგად იგრძნობა მის ნახატებსა და კოლაჟებში გასული საუკუნის სუნთქვა.

რიჩარდ ჰამილტონი
რიჩარდ ჰამილტონი 1922 წელს ლონდონში დაიბადა, სამხატვრო ხელოვნებას კი სამეფო აკადემიაში დაეუფლა. ხელოვანმა თავიდანვე დიდ წარმატებას მიაღწია – მისი ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს. მოგვიანებით ისინი ჰანოვერისა და ტეიტის გალერეებში მოხვდა. 1993 წელს ჰამილტონი ვენეციის ბიენალეზე ბრიტანეთის წარმომადგენელი იყო, სადაც ოქროს ლომით დააჯილდოვეს.

ჰამილტონი რამდენიმე დღის წინ, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა და მემკვიდრეობად დატოვა ხელოვნება, როგორიც ათეული წლების წინ სურდა, რომ ყოფილიყო. ანუ მასებისთვის შექმნილი, ხანმოკლე, ადვილად დასავიწყებელი, ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, გლამურული, სექსუალური... რამდენიმე წლის წინ მხატვარმა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, არ მოსწონს თანამედროვე ბრიტანული ხელოვნება, რადგან ახალი თაობა ჯერ კიდევ დიუშანის თეორიების გავლენით მუშაობს და ექსპერიმენტირება არ შეუძლია. თავად ჰამილტონი ყოველთვის ახერხებდა შეექმნა ის, რაც არა მხოლოდ ახალი, არამედ ყოველგვარი კონცეპტუალური თუ ტექნიკური ჩარჩოებისგან თავისუფალი იქნებოდა.

რიჩარდ ჰამილტონის ნაწარმოებების უმეტესობა დამაინტრიგებელია. გამოირჩევა გარკვეული ამბივალენტურობით, რაც ფართო მოხმარების საგნებისა და, ზოგადად, ინდუსტრიული კულტურის ნაყოფის მიმართ თავად ხელოვანის დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. ეს უკანასკნელი რაღაც საშუალოა მადლიერების გრძნობასა და ცინიზმს შორის. მის ფერწერაში ავტორის შეხედულებებზე არ კეთდება აქცენტი, ის უბრალოდ საკუთარი თავის გაანალიზების საშუალებას გაძლევს. ჰამილტონის ნახატებში ადვილად აღმოაჩენ თანამედროვე ადამიანს, რომელიც ზედმეტად არის გატაცებული სპორტით და საკუთარ სხეულზე ზრუნვით, აღელვებს რეკლამა, მოიხმარს ნარკოტიკებს, იბრძვის ძალაუფლების მოსაპოვებლად...
ჰამილტონის ნახატი-კოლაჟი „რა აქცევს თანამედროვე სახლებს ასე მიმზიდველს, ასე განსხვავებულს?” დღემდე მიიჩნევა პოპ-არტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად, რომელმაც ხელოვნების ამ მიმდინარეობას დაუდო საფუძველი. ნახატი 1956 წელს შეიქმნა ლონდონში გამართული გამოფენის This Is Tomorrow კატალოგისთვის. ნამუშევარზე იმ დროის სასტუმრო ოთახია გამოსახული, მასში კი ფრაგმენტის სახით დაკუნთული მამაკაცი, რომელსაც ხელში ჩოგნის ნაცვლად უჭირავს დიდი შაქარყინული, წარწერით POP. ოთახის სხვა მხარეს მკერდმოშიშვლებულ ქალს ვხედავთ. მის უკან მდგარ ტელევიზორში სილამაზის მაშინდელი სტანდარტის კიდევ ერთ ნიმუში ჩანს – ქალი, რომელიც ბედნიერი სახით საუბრობს ტელეფონზე. მთლიანობაში კოლაჟი ამერიკული ჟურნალებიდან ამოღებული მასალითაა შექმნილი და წარმოადგენს გასული საუკუნის თანამედროვე მატერიალიზმის სახეს, ფასეულობების ნაზავს, რომელთა შექმნაში დიდი წვლილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ითამაშა.
არანაკლებ ცნობილია რიჩარდ ჰამილტონის „ვოცნებობ თეთრ შობაზე” – ბინგ კროსბი ვესტიბიულში, რომელიც თვალისთვის, როგორც ნეგატივი, ისე აღიქმება, ამ დროს კი ზეთითაა შესრულებული. მართალია, უფრო დასამახსოვრებელი ჰამილტონის შემოქმედებიდან მიკ ჯაგერისა და რობერტ ფრეიზერის სახეები შეიძლება გამხდარიყო, უფრო სწორად, მათი მცდელობა პაპარაცი ფოტოგრაფებისგან სახის დამალვის. ამ ფოტოს ჰამილტონმა საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა და ჯაგერი და ფრეიზერი ნარკოტიკების შენახვაში „გამოიჭირა”. ყველასთვის კარგად ნაცნობია ბითლზის The White Album-ის გარეკანიც, რომლის დიზაინი სწორედ ჰამილტონს ეკუთვნის, ასევე ჯოისის „ულისესთვის” შექმნილი ილუსტრაციები.

მოგვიანებით ჰამილტონის ხელოვნებაში პოლიტიკური თემატიკა ჩნდება. მხატვარი ტილოზე „მოქალაქე” ირლანდიელ ტერორისტს, ბობი სენდსს ქრისტეს სახით ხატავს, შემდეგ კი ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტითაც ინტერესდება და მათი ტერიტორიების 1947 და 2010 წლის მდგომარეობის ამსახველ ორ რუკას აკეთებს. ალბათ ყველაზე მეტად ეს განასხვავებს ჰამილტონის შემოქმედებას პოპ-არტის სხვა წარმომადგენლებისგან – ის თანახმაა, დაიცვას სტილი, მაგრამ არ ექცევა კონცეპტუალურ ჩარჩოებში, უარყოფს კოკა-კოლას, მერილინ მონროს, მტვერსასრუტების და ა.შ. – გამოსახულებას, როგორც კატეგორიულ იმპერატივს. „ხალხს არ ესმის, რომ ხელოვანი თავისუფალია თავის ქმედებებში, მე კი ყოველთვის სიამოვნებით ვიყენებდი ამ შესაძლებლობას. ხელოვნებაში გონება უნდა იყოს აქტიური და არა თვალი”, – მიაჩნდა ბრიტანელ შემოქმედს.

იგივეა საჭირო მისი ხელოვნების სწორად აღსაქმელად. ჰამილტონის ნახატებში არ არის ადგილი ხმამაღალი ლოზუნგებისთვის, რომელსაც რეკლამასავით კედელზე გააკრავ. იდეების თავზე მოხვევის ნაცვლად მხატვარი საშუალებას გვაძლევს, ფიქრისა და ანალიზის შედეგად, თავად ვიპოვოთ ისინი.

კომენტარები