საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაში გაატარა რამდენიმე რელიგიური ორგანიზაცია

რელიგიების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრმა რელიგიური ორგანიზაციები - ”სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო” და ”იეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში”  რეგისტრაციაში გაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ”მუსლიმთა სამმართველოს” რეგისტრაცია საჯარო რეესტრის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოხდა, ”იეზიდთა კრების” კი - 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო საქმე შეუჩერა და დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30 კალენდარული დღე მისცა რასიმ მამედოვს, რომელმაც 5 სექტემბერს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ”აჰლი-ბეითის” რეგისტრაცია მოითხოვა.

2011 წლის 20 სექტემბერს ასევე მოთხოვნილ იქნა ”ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციისა” და ”საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემის” რეგისტრაცია.  ამ განცხადებების შესახებ გადაწყვეტილებას მარეგისტრირებელი ორგანო კანონით დადგენილ ვადაში, ანუ დღეს მიიღებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცათ, ძალაში 2011 წლის 6 ივლისიდან შევიდა.

კომენტარები