
2011 წლის მეორე კვარტალში საწარმოებში სულ 352 ათასი ადამიანი მუშაობს. აქედან დაქირავებული 336 ათასია. მათგან 61.4% დასაქმებულია მსხვილ, 22.6% – მცირე, ხოლო 16% – საშუალო ბიზნესში. მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 807.1 ლარია, საშუალო ბიზნესში – 508.6 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესში – 429.8 ლარი.
2011 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 6.1 მილიარდი ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა. 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებლები საშუალოდ 1.1-ჯერ გაზრდილია.
მთლიანი ბრუნვისა და პროდუქციის მთლიანი გამოშვების ყველაზე დიდი წილი – შესაბამისად, 84.5% ანუ 5.1 მილიარდი ლარი და 82.7% (2.5 მილიარდი ლარი) – მსხვილ ბიზნესზე მოდის. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები საშუალოდ 1.3%-ით მეტია.
მთლიან ბრუნვაში ყველაზე მეტ წილს – 47.1%-ს ანუ 2.8 მილიარდ ლარს – ვაჭრობის და ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სექტორი იკავებს. 2011 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 1.7%-ით ნაკლებია. ამ სექტორში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 18% ანუ 63 ათასი ადამიანი. გასულ წელთან შედარებით ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 0.8%-ით გაზრდილია.

პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ყველაზე მეტი წილი – 31.1% ანუ 933 მილიონი ლარი – დამამუშავებელ მრეწველობას აქვს. 2010 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია. ამ სექტორში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 17.3% ანუ 61 ათასი ადამიანი. 2010 წლის მეორე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 0.6%-ით მეტია.
პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ყველაზე ნაკლები წილი – 7.3% ანუ 219 მილიონი ლარი – ელექტროენერგიის, აირის, წყლის წარმოებასა და განაწილებაზე მოდის. 2010 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.6%-ით მეტია. ამ სექტორში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 6% ანუ 21 ათასი ადამიანი. 2010 წლის მეორე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 0.4%-ით გაზრდილია.

ბიზნესსექტორში დასაქმებულია მთლიანი რაოდენობის 61.2% ანუ 215 ათასი ადამიანი. ეს მაჩვენებელი საქართველოს 10 რეგიონთან შედარებით საშუალოდ 50.3%-ით მეტია. რეგიონებიდან ყველაზე მეტი – 8.8% ანუ 31 ათასი ადამიანი – დასაქმებულია იმერეთში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 0.4% ანუ 1.4 ათასი ადამიანი – რაჭა-ლეჩხუმში. საწარმოების მთლიანი ბრუნვის 72.2% ანუ 4.3 მილიარდი ლარი თბილისზე მოდის. ეს საქართველოს 10 რეგიონთან შედარებით საშუალოდ 63.1%-ით მეტია. რეგიონებიდან ყველაზე მაღალი ბრუნვა – 7.8% ანუ 468 მილიონი ლარი – აქვს ქვემო ქართლს, ხოლო ყველაზე ნაკლები – 0.1% ანუ 6 მილიონი ლარი – რაჭა-ლეჩხუმს. პროდუქციის მთლიანი გამოშვების 63% ანუ 1.9 მილიარდი ლარი მოდის თბილისზე. ეს 10 რეგიონთან შედარებით 53.9%-ით მეტია. რეგიონებიდან პროდუქციის გამოშვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 11.8% ანუ 354 მილიონი ლარი – მოდის ქვემო ქართლზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 0.1% ანუ 3 მილიონი ლარი – რაჭა-ლეჩხუმზე.
ბიზნესასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის შეფასებით, საქართველოს მასშტაბით მესამე კვარტალში დასაქმების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა დასავლეთ საქართველოში, ტურიზმის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მოიმატებს.




