
სულ რაღაც ერთი კვირა დაგრჩათ იმისთვის, რომ „ახალ გალერეაში” (ბესიკის 26-ში) კერძო კოლექციებიდან წარმოდგენილი იშვიათი ექსპონატების – სერგო ქობულაძის ოპერის ფარდის ესკიზი და მაკეტი, დავით კაკაბაძის „ბიოლოგიური აბსტრაქცია”, პეტრე ოცხელის დეკორაციის ესკიზი შექსპირის „ოტელოსთვის”, და კიდევ ბევრი სხვა შედევრის ნახვა მოასწროთ. გარდა ამისა, აქ მოსული თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გალერეაში მოხვდებით და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ როგორ კარგად შეიძლება შეერწყას ახალი შენობა თბილისის ძველი ქუჩის კუთხეს ისე, რომ სულაც არ „ჩაყლაპოს”, მაგალითად, იქვე მდებარე უძველესი ისტორიის მქონე სულხან-საბას პატარა ბაღი.
მაგრამ ჩვენ ახლა კერძო გალერეებსა და მათ მიმართულებებზე მოგითხრობთ. სასიამოვნო პრეცედენტია, რომ ერთდროულად გვიწევს საუბარი თბილისში, 90-იანების დასაწყისში გაჩენილ პირველ კერძო გალერეასა და, ამავე დროს, ყველაზე ბოლოსა და ახალზე – ამ ორი თვის წინ გახსნილ „ახალ გალერეაზე”. ბაია წიქორიძე კი ის გალერისტია, რომელიც ამ ორ, სხვადასხვა დროსა და სივრცეში შექმნილ გალერეებს აერთიანებს. ის „ახალი გალერეის” თანადამფუძნებელი და საგალერეო საქმიანობის მმართველია.
„პოსტსაბჭოთა პერიოდში, 90-იანების დასაწყისში, კერძო სივრცის ქონა და განცდა ჩვენთვის – ყოფილი საბჭოთა მოქალაქეებისთვის – ცოტა ბუნდოვანი და უცხო იყო. მით უმეტეს 1992 წელს, სამოქალაქო და აფხაზეთის ომების დროს, კერძო სივრცეზე და თანაც იქ გალერეის გახსნაზე და გამოფენებზე საუბარიც კი უტოპია გახლდათ. საკანონმდებლო ბაზაზე აღარც კი ვლაპარაკობ, სრული ქაოსი იყო... მაგრამ ეს „სარისკო” ნაბიჯი ჩემმა პროფესიამ (ხელოვნებათმცოდნეობამ) გადამაწყვეტინა. თბილისის ომის დროს დაიწვა მხატვრის სახლი, სადაც მე ვმუშაობდი და საგალერეო ცხოვრება ჩანასახში არსებობდა. მივხვდი, რომ პროფესიას ვკარგავდი. თანაც ყოველთვის ვამბობდი, რომ კერძო გალერეის გახსნა მინდოდა. ასე რომ, ჩემს ორ მეგობართან (ხელოვნებათმცოდნეებთან – თეა ტაბატაძესთან და ქეთი შუბითიძესთან) ერთად გადავდგი ეს „უტოპიური” ნაბიჯი. ყველაფერი სტიქიურად და უცებ მოხდა. შარდენის ქუჩაზე მოულოდნელად გამოჩნდა ფართი ერთ არქიტექტურულ სახელოსნოში და ასე გაჩნდა გალერეა ორიენტი”, – იხსენებს გალერისტი.
...და ასე გაცოცხლდა პირველად შარდენის ქუჩა, სადაც მაშინ მხოლოდ ერთი სუვენირების მაღაზია და ორიოდ სახელოსნო თუ არსებობდა. ორიენტის გამოფენები ხშირად საგამოფენო სივრციდან პირდაპირ ქუჩაში ინაცვლებდა. სხვათა შორის, ფაქტია, რომ ამ ქუჩის მარკეტინგულ-ტურისტულ სტრატეგიას სწორედ ამ კერძო გალერეის გახსნითა და მისი გამოფენებით ჩაეყარა საფუძველი.
საერთოდ არ იცოდნენ, თუ რას ნიშნავდა კერძო სტრუქტურა. კანონები წარა-მარა იცვლებოდა და ისინიც ფეხდაფეხ მისდევდნენ ამ პროცესს. ნელ-ნელა ჩამოაყალიბეს სტრატეგია და მიმართულებები. მიხვდნენ, რომ უნდა შეესწავლათ ერთი შეხედვით არარსებული, ქაოსური ქართული არტ-ბაზარი. მაშინ დაიწყეს ურთიერთობები კერძო სტრუქტურებთან. პირველი შემთხვევა იყო, როცა ხელოვნებამ ბანკთან ითანამშრომლა: მაშინდელი ივერთბანკის ოფისი დროებით საგამოფენო სივრცედაც კი აქციეს. ბანკი დაეხმარა კატალოგების გამოცემაში, შეისყიდა ნამუშევრები. ეს ის პერიოდი იყო, როცა თბილისში ერთიმეორის მიყოლებით იხსნებოდა საელჩოები და უცხოელები ქართველი მხატვრების ნამუშევრებით ინტერესდებოდნენ. 1994 წელს მოახერხეს და 80-იანელთა დიდი გამოფენა ავსტრიაში წაიღეს.

ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კერძო კოლექციები. მე მათთან თანამშრომლობა 2000 წლიდან დავიწყე, როცა უკვე გალერეა ორიენტის შემადგენლობა დაიშალა და ამ საგამოფენო სივრცეს ბაია გალერეა ეწოდა. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე გამოფენათა ციკლი „კოლექციიდან კოლექციამდე”. კერძო კოლექციებში უამრავი უცნობი შედევრია. ჩვენი გალერეა ახლა უკვე ახალ გალერეასთან ერთად მონაცემთა ბაზის შექმნაზე და არტ-ბაზრის კვლევაზე მუშაობს და ჩვენი ბაზის მიხედვით შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ 90-იანებიდან დღემდე ხელოვნების ნიმუშებზე ფასებს, რეიტინგს, ინდექსის ცვლილებას”.
დღესდღეობით, „ახალი გალერეა”, ქართველი მხატვრების ნამუშევრებზე ფასის განსაზღვრასა და სარეიტინგო მონაცემების დადგენაზე იწყებს მუშაობას. აქ წარმოდგენილი გამოფენა „ქართული მხატვრობა კერძო კოლექციებიდან” (მე-20 საუკუნე) ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი ქართველი მხატვრის ნამუშევრები. სურათების უმეტესობას რარიტეტული და სამუზეუმო სტატუსი აქვს და გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ფასეულობის ნამუშევრები ინახება საქართველოს კერძო კოლექციებში.
P.S. სხვათა შორის, გალერეის მხრიდან ქართული არტ-ბაზრის კვლევაში, თქვენც შეგიძლიათ წვლილის შეტანა, თუ „ახალი გალერეის” (New Gallery) facebook-გამოკითხვაში, ინტერაქტიულ კითხვაზე – „ახალ გალერეაში წარმოდგენილი მხატვრებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას?” – ჩანაწერს დატოვებთ.





