
შესაბამისად, მოდური ახლა 2011 წლის კურორტის კოლექციებში წარმოდგენილი სამოსია. 2012 წლის კურორტის მოდა უკვე ორ თვეზე მეტია, პოდიუმებზე ვიხილეთ. აქედან გამომდინარე, უცნაური იქნებოდა დავინტერესებულიყავით მხოლოდ იმით, რაც მოდური უკვე იანვარში გახდა. სინამდვილეში, საქმე არც ისე რთულადაა. 2011-ის საკურორტო მოდის ბევრი ტენდენცია მომავალი წლის მოდას თანხვდება და გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებსაც ეხმიანება. ზაფხული ალბათ წელიწადის ერთადერთი დროა, როდესაც სამი სეზონის ტენდენციები ერთმანეთში ირევა და აქტუალური ხდება.

Voyageur – მოსახერხებელი ტანსაცმელი, დიდი ზომის ჩანთები... ყველამ ვიცით, თუ როგორ იმოსებიან მოგზაურები. თუმცა ამჯერად, ამ ტენდენციას სხვა დატვირთვაც მიენიჭა. 2011 წლის ზაფხულის კოლექციები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მაშინაც გამოგზაურებთ, თუ თვითმფრინავის ბილეთი არ გაქვთ აღებული. ლუი ვუიტონმა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში არტ-დეკოსა და ორიენტალისტური ელემენტების სინთეზირებით ჩინური ესთეტიკა გააცოცხლა. მარკ ჯეიკობსმა (რომელიც ვუიტონის სახლისთვის მუშაობს) წლევანდელი საკურორტო კოლექციებით, ქალებს პარიზელი ფრეფის სტილი შესთავაზა, პასტელის ფერებითა და ფრანგულ შარმზე აქცენტით. ტორი ბარჩმა და პრადამ კი არდადეგების გატარება მექსიკურ რივიერაზე ამჯობინეს.
ეგზოტიკის მოყვარულებისთვის გუჩიმ, ელი ტაჰარიმ, მაიკლ კორსმა, ლუი ვუიტონმა ზაფხულის კოლექციებში საფარის სტილი და აფრიკული პრინტი ამჯერადაც მოდურად აქციეს. მამაკაცები დანიშნულების ადგილის შერჩევაში გაცილებით თავისუფლები არიან – მათ შეუძლიათ მოსახერხებელი ფეხსაცმლითა და ელეგანტური casual სამოსით მოგზაურობა ხმელთაშუაზღვისპირეთიდან დაიწყონ და ნებისმიერი მიმართულებით გააგრძელონ. სტივენ ალანის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში დეტალური ინსტრუქცია ვიხილეთ.

Minimalism – მინიმალისტური სტილი თბილ სეზონზე კარგ ალტერნატივად იქცა მათთვის, ვისაც ეთნო სიჭრელემ, მაქმანებმა, რთულმა ფორმებმა თავი მოაბეზრა. მოდაში ე.წ. ახალი მინიმალიზმია – რბილი, ქალური სილუეტებით და ფერთა ნაზი პალიტრით. თეთრი ფერის total look-ის პოპულარობამ მინიმალიზმი კიდევ უფრო საგრძნობი გახადა. ყველაზე წარმატებული ნამუშევრები, სტელა მაკარტნის, სელინის მოდის სახლებმა, გაზაფხულის კოლექციებში წარმოადგინეს.

Mixed Prints – ზოლიანი კუბოკრულთან, ყვავილით მოჩითული – ზოლიანთან... დიზაინერები სიჭრელისა და მრავალფეროვნების ხასიათზე გასული წლის ზაფხულიდან არიან. საკურორტო, ასევე გაზაფხულის კოლექციებში ამ თემაზე ბევრმა მოდელიორმა იმუშავა. თუმცა, გამბედაობა ყოველთვის წარმატებული შედეგის გარანტია როდია. გემოვნებიანი მაგალითი გვიჩვენა ბალენსიაგამ – 2011 წლის კურორტის, ერდემმა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში.

თუმცა, ზაფხულის დასასრულამდე პოპულარობის პიკზე მაინც ზოლები იქნება. მოდაშია ზოლიანი კაბები, ჩანთები, ღუზის ფორმის სამკაულები, მოკლედ ყველაფერი, რაც საზღვაო სტილთან ასოცირდება. როგორი ბანალურიც უნდა იყოს, მეზღვაურის ჩაცმულობა, ზაფხულის დადგომასთან ერთად კვლავაც აქტუალური გახდა. კიდევ ერთი ნიუანსის გათვალისწინება მოგიწევთ – ამ ზაფხულს შეუმჩნეველი საცურაო კოსტიუმის ჩაცმა ნამდვილი დანაშაული იქნება. მოდური ტენდენციების გავლენით, უპირატესობას ბევრი ჩვენგანი, ალბათ მაღალწელიან ქვედა საცვალს, მთლიან კოსტიუმებსა და ვინტაჟის თემას მიანიჭებს.






