განმარტებითი ბარათი კანონზე რელიგიური ჯგუფების შესახებ

დღეს პარლამენტის ბიურომ რელიგიური უმცირესობებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონის განმარტებითი ბარათი დააზუსტა.  განმარტებითი ბარათი, ჩვეულებრივ,  კანონპროექტს დამტკიცებამდე ახლავს თან და მასში საუბარია  კანონპროექტის მიზნებზე, ფინანსურ გაანაგარიშებებზე, მის ზოგად შინაარსზე და ექსპერტების მონაწილეობაზე კანონპროექტის შემუშავების პროცესში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა განმარტებითი ბარათი უკვე მიღებულ კანონს დაერთო თან.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ დღეს  პარლამეტის ბიუროს მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების განმარტებით ბარათი, გამოქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ამავდროულად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.

კონსტიტუციით აღიარებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და განსაკუთრებული სტატუსი კიდევ უფრო ნათლად აისახა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არაერთი საკანონმდებლო აქტი ადგენს მთელ რიგ შეღავათებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით.

საქართველოს მთავრობამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად შექმნა ერთობლივი კომისია, რომელიც იხილავს ეკლესიისათვის კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად სხვადასხვა ქონების გადაცემისა და დაბრუნების საკითხებს.

კონსტიტუციურმა შეთანხმებამ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის შემდეგ ნორმატიულ აქტთა იერარქიში ყველაზე მაღალი დონის ნომატიულ აქტს წარმოადგენს, განსაზღვრა როგორც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი, ისე მისი საკუთრების უფლება.

კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, ეკლესია თავისი საქმიანობის განხორცილებისას არ საჭიროებს რაიმე სახის რეგისტრაციას.

კონსტიტუციური შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეკლესიის საკუთრების უფლებას და ადგენს, რომ ეკლესიის ქონება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით.

კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

საქართველოს სახელმწიფოსთან საქართველოში არსებული სხვა რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობა და მათი სტატუსი განსაზღვრება არა კონსტიტუციური შეთანხმებით, არამედ კანონმდებლობით. შესაბამისად, კანონმდებლობით უნდა დადგინდეს ამ გაერთიანებათა სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის წესი და პირობები. კანონმდებლობით განისაზღვრება აგრეთვე სხვა რელიგიურ გაერთიანებათა მიერ ქონებრივი უფლებების მოპოვებისა და განხორციელების საკითხები. აღნიშნული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც თანაბრად ვრცელდება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმირთ.

კანონპროექტი აწესრიგებს მხოლოდ რელიგიური გაერთიანების უფლებას სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქონებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულებებს არ წარმოშობს".


კომენტარები