სანამ მოსავალს მოიწევდნენ

ირაკლი კაკაბაძე, რატი ამაღლობელი
ირაკლი კაკაბაძე

ეგებ ჩვენ მკითხველს იმ სოლიდარობაზე მოუყვე, რაც ელა გოჩიაშვილის მიმართ გამოხატე...

ჩემთვის ლიტერატურაშიც, ურთიერთობებშიც და კონკურსშიც მნიშვნელოვანია – სამართლიანობა! არ ვამბობ, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს, მაინცადამაინც, ლაურეატი და გამარჯვებული, ვსაუბრობ, რომ სიაში მოხვდა ძალიან ცუდი კრებულები (სასაცილოც კი)! და არ მოხვდა ძალიან კარგი კრებულები (მაგალითად, ელა გოჩიაშვილი)! ამიტომ მე, როგორც პოეტმა და ფინალისტთა სიაში – დებიუტის ნომინაციაში – მოხვედრილმა, გამოვთქვი პროტესტი ასეთი არაობიექტური სიის გამო, და უპირველეს ყოვლისა ჩემი სოლიდარობა გამოვხატე თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის ელა გოჩიაშვილის მიმართ, რომელიც ფინალისტთა სიაშიც კი არ შეიყვანეს.

ბევრი თვლის, რომ შენ ერთ-ერთი ფავორიტი იყავი ნომინაციაში, ზოგიც მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ, სავარაუდო ხმაურის გამო გააკეთე...

როცა გოჩიაშვილი ვერ ხვდება ფინალისტთა სიაში, იქ ვინმეს შანსებზე ძალიან ძნელია საუბარი! რაც შეეხება ხმაურს, რა თქმა უნდა, ჩემი კანდიდატურა ჩუმად არ მომიხსნია – უკომენტაროდ. ნამდვილად მინდოდა საზოგადოებას სცოდნოდა და ემსჯელა ამ ფაქტის შესახებ, არა ჩემი სოლიდარობის შესახებ, არამედ როგორი ავტორების იგნორირება ხდება პრემია საბას მხრიდან. არ უნდა მეთქვა, რომ ფინალისტთა სიაში ისეთი კრებულებია, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ?! ამბობენ, კერძო კონკურსია და როგორც უნდა ისე მოიქცევიანო, მაპატიეთ და როცა პრეტენზიას აცხადებ, შეაფასო ლიტერატურა, კრიტიკაც უნდა აიტანო და ცოტა ობიექტურობის სურვილიც უნდა გამოავლინო. მეც კერძო პირი ვარ, მაგრამ შემიძლია თავი იაპონიის იმპერატორად გამოვაცხადო? რაღაც წესი და კრიტერიუმები ხომ უნდა არსებობდეს, აღარაფერს ვამბობ გემოვნებაზე! კერძო კონკურსი იმას თუ ნიშნავს, რომ ორგანიზატორებმა ერთმანეთს დაურიგონ ჩინ-მედლები და ჩამოირიგონ პრემიები, თავიდანვე გამოაცხადონ და არ შევაწუხებთ ჩვენი არსებობით.

ეს არის პროტესტი ამ ფორმაციის ჟიურის თუ ზოგადად საბას მიმართ, ანუ ითვალისწინებს ამ პრემიის მიმართ სხვა გამოცდილებას, თუ ასეთი არსებობს?

ფაქტია, რომ ჩვენთან, მრავალ მანკიერებასთან ერთად, კონკურსებისა და პრემიების საქმეც ნაცნობ-მეგობრობით ან გავლენებით წყდება, წელს მე ვიყავი ნომინანტი და სხვა წლებზე და სხვა პრემიებზე სხვებმა ისაუბრონ. ეს არის ჩემი სოლიდარობა საყვარელი პოეტისადმი. სხვა თუ არაფერი, ჩემი პროტესტით, იმედი მაქვს, ის მაინც გავაკეთე, რომ ჟიური და ორგანიზატორები ცოტა მაინც შევაფხიზლე და გამოვაცოცხლე, რომ მეტად დაფიქრდნენ და პრემია ღირსეულებს მისცენ!

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობენ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები და ახლობლები, ჩემი საყვარელი ავტორები, რომელთაც მინდა წარმატება ვუსურვო და ღირსეულებს გამარჯვება. მაგრამ როცა საპროტესტო განცხადებაზე ასე გიპასუხებენ, მე ასეთი პრემიის მომავალს ეჭვის თვალით ვუყურებ:

„ირაკლი, მესმის რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პირადი შეფასებები და გემოვნება, მაგრამ ჩვენ მაინც გვირჩევნია ჩვენი ჟიურის 5 კომპეტენტური წევრის გემოვნებას დავეყრდნოთ...

ნუ მიწყენთ, მაგრამ ერთი დებიუტანტი მწერლის (თუნდაც ძალიან იმედისმომცემი და ნიჭიერის) განსხვავებული აზრი არ არის ის მიზეზი, რის გამოც საჯარო განხილვების მოწყობა ღირდეს....”

რატი ამაღლობელი

რამ განაპირობა და რამდენად სამართლიანი იყო ირაკლი კაკაბაძის გადაწყვეტილება, მისი მოტივი. როგორც ვიცი, მსგავსი შემთხვევები აქამდეც ყოფილა...

საბა ტარდება ყოველ წელს და ის განიხილავს იმ წიგნებს, რომლებსაც წარადგენენ გამომცემლობები და ავტორები. დაახლოებით 200-მდე წიგნი არის ხოლმე წარმოდგენილი, წელს იყო 150-მდე და როგორც ყოველ წელს, გაკეთდა შორთლისტები. ასევე ყოველ წელს არის 1 ხან 2 ზუსტად ასეთი განცხადება და ესეც ამ ადამიანების ნებაა, როგორც სურვილი – წარადგინონ საკუთარი წიგნი ან მოხსნან და მერე ისევ წარადგინონ. ეს არის ლიტერატურული პროცესების ბუნებრივი ყოფა და მდგომარეობა. მსგავსი შემთხვევები ყოფილა. თუ რამ განაპირობა, ეს უნდა ჰკითხოთ ირაკლი კაკაბაძეს. მას აქვს თავისი პოზიცია. ეს არის ლიტერატურა, პრემია კი – სრულიად დამოუკიდებელი. პირველი პრეცედენტია, საქართველოში რომ 10 წელია არსებობს სრულიად დამოუკიდებელი, კერძო ინიციატივაზე დამყარებული ლიტერატურული პრემია, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფოსგან, უბრალოდ, გააჩნია თავისი პოლიტიკა და ამართლებს იმ თვალსაზრისით, რომ ყოველ წელს არის უამრავი წიგნი წარმოდგენილი, რომელსაც განიხილავს ჟიური. მნიშვნელოვანია ლიტერატურული პროცესის პროვოცირება იმ კუთხით, რომ ჩვენ ერთხელ მაინც წელიწადში ვილაპარაკოთ პირდაპირი ეთერით ლიტერატურაზე, გავიხსენოთ ავტორები, აღვნიშნოთ წიგნები, რომლებიც გამოიცა.

საბას აქვს თავისი დამოკიდებულება ლიტერატურისადმი, ის აფასებს 9 ნომინაციის მიხედვით. ძალიან კარგი იქნება, რომ კიდევ გაჩნდეს მსგავსი ლიტერატურული კონკურსები. როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია საბა და ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს ამისადმი საქართველოში. ეს ბუნებრივიცაა. ეს არ არის ფიზიკაში ან მედიცინაში გაცემული პრემია, სადაც შეიძლება ზუსტი ფორმულით იხელმძღვანელო. მხატვრულ გემოვნებაზეა დამოკიდებული ჟიურის ნებისმიერი შეფასება. აქ მორალისტობა, მხატვრულ გემოვნებაში „ეთიკისა და ზნეობის” ძებნა, მე ვფიქრობ, რომ არარელევანტურია.

ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველას პოზიციას ვცემთ პატივს, როგორც ორგანიზატორები. ყველა ავტორი განიხილება, ხოლო, ბუნებრივია, ჟიური იქნება სუბიექტური.

როგორ ფიქრობ, მოახდენს თუ არა რაღაც გავლენას ეს ფაქტი ჟიურის მუშაობაზე ან, ზოგადად, პრემიის პრესტიჟზე, თუ პროცესის თანამდევი ნაწილია?

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ახალგაზრდა ადამიანები განიცდიან, მათ ხშირად საკუთარი ფავორიტებიც ჰყავთ. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე. ჩვენ, და პირადად მე, კრიტიკულად არ ვუყურებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი რაღაცები რომ ხდება. უმჯობესია, რომ ავტორები ბოლომდე ჩამოყალიბდნენ და ზუსტად გაიგონ პრემიის რეგლამენტი, ყველაფერს საკუთარი წესი აქვს. ესეც ურთიერთობის ნაწილია, როდესაც მწერალი მოგმართავს ოფიციალური წერილით, ჯერ ტელევიზიას კი არ მიმართავს – საბას მიმართავს, ტელევიზიით ხომ არ შეიტანა საბაზე განაცხადი, ჩვენ მივიღეთ ოფიციალური განაცხადი გამომცემლობისგან. ასევე ძალიან კარგი იქნება, როდესაც ავტორი აღარ მოინდომებს ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას, ოფიციალური წერილი გამოგვიგზავნოს და გვითხრას თავისი პოზიცია, ეს ძალიან ბუნებრივია. არ უნდა ვიგებდეთ ჩვენ ამას ტელევიზიის მეშვეობით. მე ვფიქრობ, ესეც მოგვარდება და ამასაც ვისწავლით – ინსტიტუციები და ავტორები, გამომცემლობები და ლიტ. კონკურსები, მკითხველები და გამომცემლობები – ეს დიდი ჯაჭვი და ინფრასტრუქტურაა.

მე არ ვარ ჟიურის წევრი, ჩემს პოზიციას არ ვიტყვი არც ერთი ავტორისადმი, ბუნებრივია, ეს სრულიად მიუღებელი იქნება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საბას ჩანაწერები, განცხადებები, პრესრელიზები, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველი წლის ლიტ. პროდუქცია უნდა განსხვავდებოდეს წინა წლისგან. განვიხილავთ 80-90%-ით ახალ ლიტერატურას. შეიძლება 1-2 ტექსტი კრებულში გაპარული იყოს, მაგრამ უმრავლესობა არ უნდა იყოს არსად დაბეჭდილი, იმ წლის წიგნების გარდა. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა წლის საბაზე ნომინირებული წიგნის ნაწილები არის ახალ საბაზე შემოტანილი. ანუ ერთსა და იმავე ტექსტებთან გვაქვს საქმე. ძალიან კარგი პოეტის, პირადად ჩემი სუბიექტური აზრით, ელა გოჩიაშვილის ლექსების კრებულში, ძალიან ბევრი ლექსი იყო სხვა კრებულებიდან შეტანილი, ანუ არ იყო ეს ის წიგნი, რომელსაც განიხილავს საბა. ამ პრემიას ეს პოლიტიკა აქვს, მას უნდა განვლილი წლის ლიტერატურული მოსავლის შეფასება. ასე მარტო „ვეფხისტყაოსანი” გაიმარჯვებს, ჩვენ რომ ყველა დროის წიგნებს განვიხილავდეთ. ხშირად გარედან მაქსიმალური სუბიექტურობა მოდის და მემგონი, ესეც ნელ-ნელა დალაგდება. ქართველი ლიტერატორები ისწავლიან ამ პროცესებში სწორ მონაწილეობას.

კომენტარები