მინსკში ”საპროტესტო აპლოდისმენტების” აქცია არ შედგა

ბელორუსის დამოუკიდებლობის დღეს, 3 ივლისს  ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია არ შედგა.  დემონსტრაცია მინსკში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების წინ მიღებული უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების გამო ჩაიშალა.  საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორთა გეგმით, დამოუკიდებლობის დღეს მინსკში დემონსტრანტებს პროტესტი ტაშისკვრით უნდა გამოეხატათ. აქციის დაბლოკვის მიზნით, შაბათ-კვირას ბელორუსის სპეცსამსახურებმა ყველა სოციალური ქსელი დაბლოკეს. შესაბამისად, აქციაზე მხოლოდ სამასამდე ადამიანი მივიდა.  „საპროტესო აპლოდისმენტების” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვიაჩესლავ დიანოვმა განაცხადა რომ დემონსტრაცია ”ობიექტური მიზეზების გამო ჩაიშალა.”

ამასთანავე, გუშინ სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა ბელორუსმა სამართალდამცველებმა მინსკის რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან შეკრებილი 120-მდე ადამიანი დააპატიმრეს. პოლიციელებმა მოქალაქეების დაკავება მანამდე დაიწყეს, ვიდრე ისინი ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აპლოდისმენტების აქციას დაიწყებდნენ. დემონსტრანტების დაშლას მინსკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მილიციის უფროსი, იგორ ევსეევი ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ გაძლიერებულად და მიზანმიმართულად გვახვევენ თავს  ფერად რევოლუციებს,“ განაცხადა გენერალისიმუსის ფორმაში გამოწყობილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას. ბელორუსის პრეზიდენტმა აღლუმი უმცროს შვილთან, კოლიასთან ერთად ჩაიბარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უმცროს ლუკაშენკოსაც სამხედრო ფორმა  ეცვა და აღლუმს სამხედრო წესით ესალმებოდა.  აღულმზე დასწრება მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით იყო შესაძლებელი,  ხოლო „არაორგანიზებული“  მაყურებლისთვის  ადგილები საპრეზიდენტო ტრიბუნიდან საკმაოდ მოშორებით იყო მოწყობილი. 

ოფიციალური პირების თქმით, მინსკში მოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა 150 ათასმა ადამიანმა მიიღო. დამოუკიდებლი დამკვირვებლების განცხადებით, ეს მონაცემი 30-ჯერ აღემატება ღონისძიებებზე დამსწრეთა რეალურ რიცხვს. 

კომენტარები