
სექსიზმი ისე ღრმადაა გამჯდარი ჩვენს კულტურაში, რომ მისი შემჩნევა ხანდახან საკმაოდ რთულიცაა. სქესის ზოგიერთი ფუნქციაც დასაწყისშივე ისეა განსაზღვრული, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ, არის თუ არა ჩვენთვის სასურველი მათი შეთავსება. უამრავი სტერეოტიპი და ტაბუ კი ჩვენი იდენტობის განსაზღვრის პროცესს რთულს, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეუძლებელსაც ხდის.
ამის ჩვენებას 14 ივნისის საღამოს გალერეა 9 შეეცადა. ქალთა ფონდი საქართველოში-სა და არტ&სოსაითის ორგანიზებით მოწყობილი ექსპოზიციის მონაწილე ხელოვანმა ქალებმა თავიანთი ნამუშევრებით აჩვენეს დამოკიდებულება გარე სამყაროს, სქესთა შორის ურთიერთობების და გენდერის პრობლემატიკის შესახებ. გამოფენამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ სტერეოტიპებთან ბრძოლა არცთუ მარტივი და ხანგრძლივი პროცესია.
ალბათ ამიტომ, ანა მარტიაშვილის ვიდეოში ქალი ასე დიდხანს ფიქრობს, თუ როგორ დაასრულოს ფრაზა – „ჩემი სახელია...” იმდენად დიდხანს, რომ ბატარეა ჯდება, მაყურებელი კი ბოლომდე ვერ ხდება მისი თვითგაცნობიერების შედეგის თვითმხილველი. თუმცა, როგორიც უნდა იყოს ის, იდენტობა უკვე განსაზღვრულია – ეს სტერეოტიპებისგან თავისუფალი ქალია, რომელმაც გადაწყვიტა, თავად გახდეს საკუთარი „მე”-ს შემოქმედი. ფრენსის ბელზერის ვიდეოს პერსონაჟ ქალს შეუძლია, თავის ძმას საკუთარი „გერლფრენდი” წარუდგინოს ამ საღამოს. ლუიზა ლაფერაძე მას სთავაზობს ატაროს წითელი პომადა, მიუხედავად იმისა, როგორ მიიღებს ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილი... შესაძლოა, გამოფენაზე ნაჩვენები ზოგიერთი პრობლემა დღეს მოძველებულიც იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ სიმბოლიზმია. ის აქტუალურ გენდერულ პრობლემებსა და უფლებების უთანასწორობაზე დაგაფიქრებს.

ამ საქმეში ქალთა ფონდს საკუთარი წვლილი შეაქვს – გარდა იმისა, რომ მსგავსი გამოფენებით ცდილობს დაუპირისპირდეს საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას, ქალთა ჯგუფებს ფინანსურადაც ეხმარება. როგორც ფანცულაიასგან შევიტყვეთ, აღნიშნული გამოფენიდან შემოსული თანხა, მთლიანად გურიის ერთ-ერთ იზოლირებულ სოფელში მცხოვრები ქალებისთვის ხელსაქმის სახელოსნოს მოწყობას მოხმარდება. ფონდი მსგავსი ფემინისტურ-ფილანთროპიული ღონისძიებების მოწყობას მომავალშიც გეგმავს და მათში ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალების ჩართვას აპირებს. ამჯერად გალერეა 9-ში თოთხმეტი მხატვარი ქალის განსხვავებულ მედიებში შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოფენა „ჩემი სახელია...” ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა და 15 ივნისის საღამოს დაიხურა.





