Greenberg Quinlan Rosner Research: გამოკითხულთა 77% სააკაშვილს უჭერს მხარს

საერთაშორისო ორგანიზაცია Greenberg Quinlan Rosner Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მმართველ პარტიას უჭერს მხარს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Apsny.ge იუწყება. კითხვაზე ”მომავალ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” გამოკითხულთა 61-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერდა მხარს. კვლევაში მონაწილეთა 13-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ხმას ქრისტიან-დემოკრატებს მისცემდა, 9 პროცენტმა კი ფავორიტად ლეიბორისტული პარტია დაასახელა. კვლევის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა ვერც ერთმა სხვა პარტიამ - თითოეულ მათგანს მხარი გამოკითხულთა დაახლოებით 1-მა ან 2-მა პროცენტმა დაუჭირა. Apsny.ge-ს ცნობით, კვლევის მონაწილეთა 77-მა პროცენტმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ოპოზიციონერ ლიდერებს შორის გამოკითხულთა უმრავლესობის მხარდაჭერით ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე ლიდერობს ხმათა 21 პროცენტით, შალვა ნათელაშვილს კი კვლევის მონაწილეთა 12 პროცენტი უჭერს მხარს.

ტელეკომპანია ”იმედის” ცნობით, გამოკითხულთა 61 პროცენტი მიიჩნევს, რომ მაისის აქციების უკან რუსეთი იდგა

გამოკითხულთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას გამოკითხულთა 81-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო 12-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ისინი NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არიან. 7 პროცენტს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 86-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, 5-მა პროცენტმა კი არა.

Greenberg Quinlan Rosner Research-ის კვლევა 6-7 ივნისს ჩატარდა. მთელი საქართველოს მასშტაბით 1200 ადამიანი გამოიკითხა.

Greenberg Quinlan Rosner Research, სოციოლოგიური გამოკითხვა, მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა 

კომენტარები