შსს-ს ვიდეომასალას კიწმარიშვილმა ”აბსურდი” და ”ფალსიფიკაცია” უწოდა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალას  „ქართული პარტია“ გამოეხმაურა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ეროსი კიწმარიშვილმა სამინისტროს მიერ გავრცელებულ  ვიდეომასალას „აბსურდული სპექტაკლი და ფალსიფიკაცია” უწოდა. კიწმარიშვილის თქმით,  „ქართული პარტია“ მიხეილ სააკაშვილს ”ჩამოაგდებს”, მაგრამ არა ”ისეთი კომიკური სცენარით”, რასაც ვიდეომასლაში აღწერენ.  "ჩვენ ჩამოვაგდებთ სააკაშვილს ისე, როგორც შეეფერება დიდ დიქტატორს – სამოქალაქო ატიურობის გზით, ხოლო როცა დავიჭერთ ვანო მერაბიშვილს და ის იქნება იზოლატორში, მე მოგცემთ ჟურნალისტებს საშუალებას, რომ ვრცელი ინტერვიუ ჩაწეროთ მასთან, თუ როგორ ამზადებდა ის ყალბ ვიდეომასალებს,”  განაცხადა კიწმარიშვილმა.

შსს-მ დღეს გააავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც რამდენიმე დაკავებული პირის აღიარებითი ჩვენებაა ჩაწერილი.  თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი საბაშვილი,  შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი შიუკაშვილი და და შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილი მცველი მაჭარაშვილი აღიარებით ჩვენებებში აცხადებენ, რომ ”ქართული პარტიის” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ვლადიკავკაზში იმყოფებოდა, სადაც მას შეხვდნენ  გორის სატყეო მეურნეობის ყოფილი დირექტორი კაკაშვილი, შსს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ბეგაშვილი და  შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი  საბაშვილი. დაკავებულების თქმით, ამ პირების დახმარებით ოქრუაშვილი   200-მდე რუს სპეცრაზმელთან ერთად  ცხინვალის რეგიონიდან საქართველოში შემოსვლას გეგმავდა. შსს-ს თქმით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილთა დაკავების დროს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი ამოიღო. 

კომენტარები