აშშ ავღანეთიდან სამხედროების გაყვანას იწყებს

აშშ ავღანეთიდან ამერიკული სამხედროების ეტაპობრივ გაყვანას იწყებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამერიკის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა. ობამას თქმით, წლის ბოლომდე ავღანეთიდან 10 ათას ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს გაიწვევენ, ხოლო 2012 წლის სექტემბრისთვის ავღანეთიდან გამოყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 33 ათასს მიაღწევს. 

”ავღანეთში ჩვენ სერიოზული დარტყმა მივიტანეთ თალიბანზე და დავიკავეთ მათ მიერ კონტროლირებადი რაიონები. ჩვენთან ერთად, ჩვენი მოკავშირეებმაც გაზარდეს თავიანთი კონტინგენტი ავღანეთში, რამაც ქვეყნის უმეტეს ნაწილში სიტუაციის სტაბილიზებას შეუწყო ხელი,” თქვა ობამამ. მისი თქმით, ავღანეთიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესი 2014 წლისთვის დასრულდება. ”ამის შემდეგ ავღანელები აიღებენ თავის თავზე თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას,” დასძინა ობამამ. 
 
ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო მიესალმა თეთრი სახლის გადაწყვეტილებას ჯარების გაყვანის შესახებ. ”ჩვენ ვაფასებთ იმ ძალისხმევას და მსხვერპლს, რომელიც საერთაშორისო ძალებმა გაიღეს ავღანეთში, თუმცა ამავე დროს ვულოცავთ მათ სახლში დაბრუნებას მრავალწლიანი ომის შემდეგ,” განაცხადა ავღნეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ”ავღანეთის არმია მზად არის დაიკავოს საერთაშორისო კონტინგენტის მიერ დატოვებული პოზიციები, თუმცა ჩვენს არმიას მოუწევს გარკვეულ პრობლემებთან გამკლავება იარაღისა და ეკიპირების უკმარისობის გამო.”
ამ დროისთვის ავღანეთში 100 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.
 

კომენტარები