მთიანი ყარაბაღი: მშვიდობის უკანასკნელი შანსი

პრეზიდენტები სარგსიანი, მედვედევი და ალიევი. კიშინიოვი, 09.10.2009
REUTERS
პრეზიდენტები სარგსიანი, მედვედევი და ალიევი. კიშინიოვი, 09.10.2009
ფოტო: REUTERS
წლის 11 ივნისს, მოსკოვში, დახურულ კარს მიღმა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. მთავარი მიზანი იმ ძირითადი დებულებების შეთანხმება იყო, რომლის მიხედვითაც, 25 ივნისს პრეზიდენტების დონეზე დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგი უნდა შედგეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ედუარდ ნალბანდიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა, ელდარ მამადიაროვი კონფლიქტის მოგვარების „ძირითადი პრინციპების” რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმდნენ. ამან მათი პოზიციები მნიშვნელოვნად დააახლოვა.
თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტისთვის კარგი წინაპირობები გამოჩნდა”.

მხარეებს „ძირითად პრინციპებზე” შეთანხმებისკენ მოუწოდეს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმაც. 6-9 ივნისს კონფლიქტის მონაწილეებს ფრანგი, ამერიკელი და რუსი დიპლომატები შეხვდნენ. როგორც 9 ივნისს გავრცელებულ შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია, კონფლიქტის მოგვარების „ძირითად პრინციპებს” მოეწეროს ხელი. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღეს. თუმცა, მას შემდეგ, თანამშრომლობის გაღრმავების ყოველი მცდელობა ჩიხში შესული მოლაპარაკებებით მთავრდება.

კონფლიქტის მოგვარების „ძირითადი პრინციპები” სომხეთის სამხედრო შენაერთების ეტაპობრივ გამოსვლას ყარაბაღის მოსაზღვრე რეგიონებიდან,
ათასობით დევნილი აზერბაიჯანელის სახლში დაბრუნებას და რეგიონისათვის „დროებით სტატუსს” ითვალისწინებს. 

25 ივნისის შეხვედრას, განსაკუთრებული მნიშვნელობა, ორი ძირითადი გარემოების გამო ენიჭება: პირველი, სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაციისთვის აუცილებელია, მხარეებმა უარი თქვან საომარ რიტორიკაზე, რომელსაც ბოლო პერიოდში არც ერთი ერიდება. მეორე, სასურველია, ხელჩასაჭიდი პროგრესის მიღწევა, რათა, როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში, ასევე სომხებსა და აზერბაიჯანელებში არ გაიზარდოს ნიჰილისტური განწყობა.


ფოტო: REUTERS
ანალიტიკოსთა ნაწილის ოპტიმისტური მოლოდინების მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, რომ მხარეები ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმდნენ. ვთქვათ, ყარაბაღს დროებითი სტატუსი მიენიჭა, გაუგებარია, თუ რა პერიოდის განმავლობაში. აზერბაიჯანისათვის სასურველია, რომ ეს დრო შეძლებისდაგვარად გაიწელოს. მისი რესურსების გათვალისწინებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას რეგიონში გავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტების შექმნა შეუძლია. საპირისპიროდ, სომხეთს, არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, ამის რესურსი არ აქვს. ერევანს სურს, ეს ვადა, რაც შეიძლება მოკლე იყოს. გარდა რაციონალური და პრაგმატული გათვლებისა, ემოციური ფონის გათვალისწინებითაც მათ გაუჭირდებათ თუნდაც უმნიშვნელო დათმობებზე წასვლა: საზოგადოება მიწის მცირე ნაკვეთის დაკარგვასაც კი არ აპატიებს.

სომეხი ანალიტიკოსის, რიჩარდ გირაგოსიანის განცხადებით, „მსგავს გარღვევაზე საუბარი არარეალურია... ამ ეტაპზე ხსენებული ამბიციური გეგმის ნაცვლად, მხარეებისთვის უნდა შეეთავაზებინათ ერთგვერდიანი დოკუმენტი – ძალის არგამოყენების შესახებ”.

შესაძლებელია, მორიგმა წარუმატებელმა ეტაპმა, აგრესიული რიტორიკა კიდევ უფრო გაზარდოს. აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა 25 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც რუსეთში უნდა გაიმართოს, „კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის უკანასკნელი შანსი უწოდა”. 

კომენტარები