შეტაკებები ჩრდილოეთ ირლანდიაში

უკვე ორი დღეა ჩრდილოეთ ირლანდიაში შეტაკებებია კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით, ურთიერთობა ორ რელიგიურ ჯგუფს შორის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაძაბულია. 

შეტაკებები უკვე ორი დღეა გრძელდება ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში. პოლიციის განცხადებით დაჭრილია ფოტოგრაფი, კიდევ ორმა ადამიანმა მიიღო მძიმე დამწვრობა მას შემდეგ რაც 700 კაციანმა ჯგუფმა დაიწყო მოლოტოვის კოქტეილების, მაშხალების და სხვა იარაღების გამოყენება. გამოსვლების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა შეტაკებები კვლავ გრძელდება.

დაპირისპირება ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, სადაც უმთავრესად პროტესტანტულ ნაწილში კათოლიკეების მცირე რაოდენობა ცხოვრობს. შეტაკებები ემთხვევა პროტესტანტების ყოველწლიურ პარადებს, რომელიც ბრიტანელთა გამარჯვებას ეძღვნება. მასში ის პროტესტანტები მონაწილეობენ, რომელთაც სურთ რომ ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს ნაწილად დარჩეს. კათოლიკეები, რომელთაც სურთ რომ ჩრდილოეთ ირლანდია ერთიანი ირლანდიის ნაწილი გახდეს, ამ პარადებს პროვოკაციულს უწოდებენ.
 

კომენტარები