ლადო ფოჩხუა — მე არ ვხატავ ავტომატებს

ირაკლი ბლუიშვილი

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
„მეხსიერება, ვფიქრობ, სწორედ ისაა, რამაც ბედნიერი ევოლუციის პროცესში ჩვენი დაკარგული კუდი სამუდამოდ ჩაანაცვლა. ის, ჩვენს მოძრაობებსა და, მათ შორის, მიგრაციასაც განაპირობებს. ამის გარდა, ჩვენს მოგონებებში არის რაღაც, რაც მკვეთრად პირველყოფილია. შესაძლოა, მიზეზი ისაა, რომ ეს პროცესი არასდროსაა სწორხაზოვანი. ალბათ რაც უფრო მეტი ახსოვს ადამიანს, მით მეტად ახლოსაა სიკვდილთან”. – ამონარიდი ლადო ფოჩხუას ესედან.

„ამერიკაში ესეისტიკის დიდი კულტურაა. ეს 21-ე საუკუნის სტილია, რომელიც კომუნიკაციის გარკვეულ ფორმას წარმოადგენს. ძალიან მიყვარს წერა და ხშირად ვწერ ისტორიაზე, სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებაზე”, – მიყვება ლადო ფოჩხუა. ლიტერატურის მუზეუმში 13 ივნისს გახსნილ გამოფენაზე, რომელიც 24 ივნისამდე გაგრძელდება, ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის 2009-2011 წლებში შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. დამთვალიერებულს შეუძლია პეტრე ოცხელისადმი მიძღვნილი, უზარმაზარ ქაღალდზე, სხვადასხვა ფერის ტუშითა და აკრილით შესრულებული „წარმოდგენა სარკით” იხილოს, იქვეა ქაღალდზე შესრულებული არწივის მონუმენტიც – სახელწოდებით „ბნელი პეიზაჟი”. სიბრტყეზე შესრულებული ნამუშევრები შესამჩნევი სივრცობრიობით გამოირჩევა – ამას ლადო გარემოსა და ფორმების დამრგვალებით აღწევს, რომელსაც თავად მხატვარი „სარკისებრ ეფექტს” უწოდებს.    

ის სოხუმში დაიბადა. რუსული სკოლა დაამთავრა. შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. ამ პერიოდს მოკლედ იხსენებს – ერთი მხრივ, უმძიმესი დრო იყო. თუმცა, ძალიან  საინტერესო.  

სტუდენტურმა წლებმა დიდი გამოცდილება შესძინა. მას შემდეგ სწავლა აღარც გაუგრძელებია, რაც ვიცი, სამხატვრო აკადემიაში მიღებული საბაზისო ცოდნააო. თავის შემოქმედებას არც ერთ მიმდინარეობას არ მიაკუთვნებს – „მგონია, რომ ეს კლასიკური ფერწერის მეთოდია, როდესაც რომელიმე მიმდინარეობის გარკვეულ ჩარჩოებს ემორჩილები. არც ერთ მიმდინარეობას არ ვეკუთვნი. ხან ინსტალაციას ვაკეთებ, ხან ფერწერულ ტილოს, გრაფიკას, ხან ფურცელზე ვმუშაობ და უფრო ხშირად, ძველ საარქივო ფოტოებზე”.

თავიდან კლასიკური ფერწერით დაიწყო, მაგრამ შემდეგ საკუთარი სტილი იპოვა. ხშირად იმეორებს, რომ მოსწონს გერმანული და ამერიკული ხელოვნება, ენდი უორჰოლი, მეოცე საუკუნის არქიტექტურა და მუსოლინის პერიოდის მონუმენტური არქიტექტურა.

ტოტალიტარული თემატიკა მის შემოქმედებაში საკმაოდ აქტუალურია.  ამბობს, რომ თვითონაც ტოტალიტარული რეჟიმის, საბჭოთა კავშირის შთამომავალია და ეს თემაც ალბათ ამიტომ ფიგურირებს: ტოტალიტარული სიმბოლოები, სურათ-ხატები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ფოტოებში ეძებს, შემდეგ ტილოზე ან ინსტალაციის სახით გადმოაქვს. 

ბევრს მოგზაურობს და საქართველოსავით პატარა ქვეყნებს არჩევს. ასე აღმოჩნდა უნგრეთშიც – „ფოტოსთან ჩემი მუშაობის პირველი იმპულსიც უნგრეთს  უკავშირდება, როდესაც იქ მოგზაურობისას შემთხვევით ძველ, შავ-თეთრ ფოტოს გადავაწყდი: ბურთებით ხელში რვა გოგონა იყო გამოსახული. ფოტო სიხარულსა და ზეიმს ასახავდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ზუსტად 24 საათით ადრე იყო გადაღებული. ომამდე, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა”. ფოტოებით, ქაღალდით, ინსტალაციებით, ტუშით, აკრილისა და ზეთის საღებავებით ლადო ფოჩხუა ნამუშევრებში ადამიანების და მათი ისტორიის გაცოცხლებას ცდილობს.

ამერიკის სხვადასხვა გალერეებში და ხელოვნების კოლეჯებში, ხშირად კითხულობს საჯარო ლექციებს. თემა ძირითადად ქართული და საბჭოთა ხელოვნებაა. ამჟამად „საბჭოთა ნონკონფორმისტი მხატვრების” თემაზე მუშაობს – „როდესაც საბჭოთა კავშირში გაიზრდები, სადაც სულ ომზეა საუბარი, ძნელია გაექცე ამ თემატიკას. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ ვხატავ ავტომატებს. უბრალოდ,  ვეხები გარემოს, პეიზაჟებს და იქ მყოფ ადამიანებს”. 

ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლადო ფოჩხუას სამომავლო გეგმები – საქართველოში დიდი ხნით ჩამოსვლა, ქალაქგარეთ სახლის ყიდვა და დიდი სახელოსნოს მოწყობაა. სივრცისა, სადაც უცხოელ და ქართველ ხელოვანებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს. 
 

კომენტარები