#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/medvedev.png##fbimage#
რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინთან ერთად მონაწილეობის მიღება ”ქვეყნისთვის საზიანო იქნება.” ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან საუბრისას მედვედევმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი პრეზიდენტის სურვილია მეორე ვადით კენჭისყრა, თუმცა მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მედვედევი ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ ამის შესახებ განცხადებას ”უახლოეს მომავალში გააკეთებს.” პრესის წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტმა სთხოვა ”კიდევ ცოტა მოითმინონ.” ჟურნალისტის შეკითხვაზე ვლადიმირ პუტინთან შესაძლო კონკურენციის შესახებ, მედვედევმა უპასუხა, რომ მსგავსი რამე ”რთული წარმოსადგენია.” ”ჩვენს შორის კონკურენციამ შესაძლოა ავნოს ქვეყანას, იმ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვახორციელეთ,” აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. Financial Times-ის კითხვაზე, ხომ არ შეუწყობდა ხელს რუსეთში დემოკრატიის განვითარებას მედვედევსა და პუტინს შორის ღია კონკურენცია, მედვედევმა უპასუხა, რომ ღია კონკურენცია ყოველთვის კარგია,” თუმცა არა ამ შემთხვევაში.”ამასთანავე, მედვედევმა კატეგორიულად უარყო ცნობები პუტინთან მის უთანხმოებასთან დაკავშირებით. ”ჩვენ ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენთ,” აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.





