გარეგინ მეორის ვიზიტს თბილისი ”ისტორიულს” უწოდებს

 პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის ვიზიტს საქართველოში ”ისტორიული” უწოდა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა,  მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  "ეს არის გაგრძელება იმ ისტორიული ურთიერთობებისა, რომლებიც ორ ერს შორის ტრადიციულად არსებობს".  გარეგინ მეორე საქართველოში 6-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

გუშინ საქართველოსა და სომხეთის ეკლესიების წინამძღვრები სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრნენ. რადიოსადგურ „ეხო კავკაზას“  ცნობით,  რეგიონში ვიზიტი  ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში სტუმრობით დაიწყო და ახალციხეში სომხურ ეკლესიაში ვიზიტით დასრულდა. „ეხო კავკაზა“ იუწყება, რომ ახალციხეში მოსახლეობა ორ პატრიარქს  ყვავილებით, დროშებით, ანთებული სანთლებით და საეკლესიო გალობით  დახვდა.

სასულიერო პირებთან შეხვედრა ახალციხეში თამარ მეფის ძეგლთან გაიმართა. ილია მორემ შეკრებილები აკურთხა და განაცხადა, რომ სომეხთა და ქართველთა ურთიერთობები   უძველესი დროიდან ”მხოლოდ მხარდაჭერაზე, თანამშრომლობაზე და ურთიერთსიყვარულზე” იდგა.  „სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს,“ განაცხადა ილია მეორემ „სახეები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, გვაჩვენებს რაოდენ ძლიერია სიყვარული და რწმენა ეკლესიისდამი,“ დასძინა მან.

სომხეთის პატრიარქმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ”ორ ხალხს შორის  თანაცხოვრების  უძველესი ტარადიციის” მნიშვნელობას. გარიგინ მეორე მიესალმა „ძმურ სიყვარულსა და მჭიდრო ურთიერთობებს,“ რომლითაც ჯავახეთში სომხები ქართველებთან ცხოვრობენ. „ახლა თამარ მეფის ძეგლთან, საქართველოს პატრიარქთან  ერთად  გავიხსენეთ  ის დროება, როდესაც ქართველი და სომეხი მეომრები ერთად იბრძოდნენ საქართველოსა და სომხეთისთვის,“ აღნიშნა გარეგინ მეორემ. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ადგილობრივი მოსახლობა ორივე პატრიარქის ვიზიტს ”მნიშვნელოვან მოვლენას” უწოდებს.

გარიგინ მეორის ვიზიტი საქართველოში 15 ივნისს დასრულდება. დღეს იგი ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში წირვას ჩაატარებს და ადგილობრივ მრევლს შეხვდება. 

კომენტარები