ვონგი

ირაკლი ბლუიშვილი
 ამაღლებული ბაზალტის კიბეებით მაღალ ბელეტაჟზე ადიხარ, კარებს შეაღებ და შენ წინაშე საუცხოო, ეკლექტური დეკორი იშლება: ლითონისფერი, გარდამავალი დაფნისფოთლისფერში, მრგვალზურგიანი ლურჯი სკამები, წნეხის ქვეშ დასტებად ჩალაგებული გაზეთები, პოლირებული ხის მაგიდები და ღია პიტნისფერი გამჭვირვალე ჭიქები. განათებად – ბრინჯის ქაღალდის ფარნები ან გირჩის ფორმის სპილენძის სანათები: თითქოს ჭერში შეკიდული აღმოსავლური ჯამ-ჭურჭელი. ტიბეტური მოტივები კედლებზე და მოხდენილ, აბრეშუმის მოჩითულ ტანსაცმელში გამოწყობილი ლამაზი, ელეგანტური, ყოველთვის მომღიმარი და სტუმართმოყვარე მიმტანი გოგონები. 

ეკლექტიკა ინტერიერში შემთხვევითი არ არის: აღრევა ვონგის მსოფლმხედველობაა, გნებავთ შემოქმედებითი მუხტი. ვონგი – Asian Fusion  ანუ ორიენტი ფართო გაგებით, სადაც ჩინური, ტაილანდური, იაპონური, ვიეტნამური და ინდური სამზარეულოების გავლენითა და შეზავებით თანამედროვე, პიკანტური და დახვეწილი სამზარეულო მივიღეთ. აქვე უნდა ითქვას, რომ ვონგი ამ ტიპის რესტორნის (შერეული სამზარეულოს) პირველი წარმატებული მაგალითია საქართველოში.   

ი. აბაშიძის 29 თბილისი 0179 უბანი: ვაკე ტელ: 30 30 30, 29 25 70 აზიური ეკლექტური /td> საათები: ყოველდღე, 13:00 - 02:00 ბარათები: მიიღება ნებისმიერი ბარათი ფასი: 120-140ლ (ვახშამი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით) პარკინგი: აბაშიძის ან არაყიშვილის ქუჩაზე თუ აქ პირველად მოხვდით და არჩევანი უცნაურად ან უცხოდ გამოიყურება, გირჩევთ სადეგუსტაციო მენიუ (40 ლარი, მინიმალური შეკვეთა 2 ადამიანი) დააჭაშნიკოთ: ეს არის 8 კერძისგან შემდგარი ტრაპეზი, რომელიც საუკეთესო კერძებს აერთიანებს და ახალბედა სტუმარს კარგ შთაბეჭდილებას შეუქმნის: თინუსის და ორაგულის კარპაჩო, ვიეტნამურ ყაიდაზე შექმნილი საუცხოო სალათა პიტნითა და ქინძით, ან შემწვარი ტილაპია ჩილის სოუსით. 

აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ტაილანდსა და ვიეტნამში, სუპს განსაკუთრებული ადგილი უკავია და ყოველდღიური რაციონის ნაწილია, ხშირად დღე იწყება ბოსტნეულის სუპით, რომელშიც ხორცის ან თევზის ნაჭრები და/ან ატრია ურევია. ვონტონის სუპი, ერთ-ერთი საუკეთესოა, რბილი, ჰაეროვანი, ოდნავ მოტკბო ვონტონებით (მომცრო ზომის ხინკალი), კარგად გაჯერებული ცხარე და მჟავე ბულიონით, რომელსაც რეჰანის არომატი ასრულებს. არანაკლებ კარგი დასაწყისია ტაილანდური ტომ-იამი (14 ლ)  – ქათმით ან კრევეტით.

თუ აქ სადილზე მოხვდით, ასევე ხელმისაწვდომი ალტერნატივაა ბიზნეს ლანჩი – იაპონური ბენტო ბოქსი (15ლ) ან კომბინირებული კერძები, სუპის, სალათის და აღმოსავლური ღვეზელების სხვადასხვა ვერსიები –  მარტივი,  მსუბუქი და გამაჯანსაღებელი სადილი. 
ძირითადი კერძებიდან იმდენია საინტერესო და გამომწვევი, რომ არჩევანის გაკეთება რთულია. მე პირადად, თევზის კერძებს გამოვყოფდი, თუმცა  

არანაკლებად მოთხოვნადი აქ ვოკ სტეიკი (24ლ) ან ბალზამიკოს სტეიკია (26ლ). ასევე ტილაპია მწვანე ქერის სოუსით (30ლ), თინუსის სტეიკი შავი სოიოს სოუსით (30ლ) ან ვონგის გვირგვინი – „შავი კოდფიში” – იგივე ვირთევზა მისო-ჯინჯერის სოუსით, რომელსაც გარნირად მოულოდნელი და საუცხოო კარტოფილის პიურე ახლავს, ვასაბის (იაპონური მდოგვი) მსუბუქი გემოთი. თითოეული კერძი შორეული აღმოსავლური არომატული მოგზაურობაა, ჯინჯერის, გალანგალას, ქერის, ლაიმისა თუ პიტნის საუცხოო კომბინაციების სამყაროში.  

ვონგ მოჰიტო (18 ლ) – პოპულარული კუბური კოქტეილის ვონგური ინტერპრეტაცია აქ ერთ-ერთი პოპულარული თავშესაქცევია. ამის მოყვარულები, როგორც წესი, რესტორნის სიღრმეში, „ლაუნჯად” წოდებულ სივრცეში თავსდებიან და იქ ეძლევიან თავდავიწყებას. ასევე, ერთ-ერთი პოპულარული და ყველაზე კარგად დაცული საიდუმლოება, რომელსაც ფრთოსანი ურჩხული იცავს – თეთრი ან შავი შოკოლადის ნამცხვარია (14ლ). აქედან მე პირველს მივანიჭებდი უპირატესობას, ნატიფი ბისკვიტი ცხელი კრემითა და კენკრის სორბეთი. ეს არის საბოლოო დანებების ეტაპი, უპირობო კაპიტულაცია, როდესაც ნატრობ, რომ დასაწყისში დაბრუნდე და ხელმეორედ განიცადო ეს დაუვიწყარი მოგზაურობა. 

კომენტარები