საქართველო ავღანეთში დამატებით ბატალიონს გაგზავნის

მომავალ წელს საქართველო ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში დამატებით მეორე ბატალიობს გაგზავნის. ამის შესახებ განცხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ NATO-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან, დევიდ პეტრეუსთან შეხვედრის დროს გააკეთა. ამგვარად საქართველო  NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გახდება. ამჟამად ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალი პეტრეუსი ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა. ”გარდა იმისა, რომ ეს იქნება საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, ამით ქართველი სამხედროები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას,” განაცხადა პეტრეუსმა.

ახალაიამ და პეტრეუსმა საქართველოში NATO-ს სტანდარტების რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაც განიხილეს. გენერალი პეტრეუსი მიესალმება ინიციატივას საქართველოში შეიქმნას ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია საერთაშორისო ოპერაციებისთვის გადასროლისწინა წვრთნების განხორციელება, იუწყება თავდაცვის სამინისტრო. გენერალმა პეტრეუსმა აღნიშნა, რომ ცენტრის შექმნისა და წარმატებით ფუნქციონირებაში საკუთარი წვლილის შეტანის საკითხზე ის ამერიკელ სამხედროებთან ერთად იმსჯელებს. 

კომენტარები