„მედიაპალიტრას” საგადასახადო შემოწმება გრძელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა  მედიაჰოლდინგ „მედიაპალიტრაში“ მიმდინარე შემოწმების პროცესზე დღეს ახალი ინფორმაცია გაავრცელა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის "მედიაპალიტრას“ კუთვნილ სამი საწარმოში, რომლებიც დალუქული იყო   გეგმიური სასაქონლო;მატერიალური ინვენტარიზაცია უკვე დაასრულა და პროცესს მხოლოდ ერთ საწარმოში - “გამომცემლობა პალიტრა L”-ში აგრძელებს. შემოსავლების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორდღიან შემოწმებას სამი საწარმოს მუშაობისთვის  შეფერხებები არ შეუქმნია.  სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის   განცხადებით, "გამომცემლობა პალიტრა L”-ში მიმდინარე ინვენტარიზაციაც ”მცირე დროში დასრულდება და ეს პროცესი არ შეაფერხებს ორგანიზაციის სამუშაო რეჟიმს“.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“, რომელიც ”მედიაპალიტრას” შემადგენლობაში შედის, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  შემოსავლების სამსახურმა 7 ივნისს, „მედიაპალიტრას“ ექვს ორგანიზაციაში „სასაქონლო;მატერიალური ინვენტარიზაციის“ ჩასატარებლად შესვლის პარალელურად, ექვსივე ორგანიზაციაში დატოვა შეტყობინება, რომ ამ საწარმოების „გასვლით საგადასახადო შემოწმებას“ იწყებს.

”მედიაპალიტრას” განცხადებით, კანონის თანახმად, ამგვარი შემოწმების შესახებ 10 დღით ადრე უნდა ეცნობოს კომპანიას. შემოწმება უნდა დაიწყოს შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა და ეს პროცესი მაქსიმუმ სამ, ან, საჭიროების შემთხვევაში, ხუთ თვეს შეიძლება გაგრძელდეს.

7 ივნისს ”მედიაპალიტრამ” განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურმა "არაგეგმიური შემოწმება“ მის კუთვნილ ექვს შპს-ში ერთდროულად დაიწყო, მათ შორის ოთხი კომპანიის საწყობები დალუქა ინვენტარიზაციისთვის. საქართველოში ერთ;ერთი მსხვილი მედია ჯგუფის განცხადებით, ამ "საეჭვო“ პროცესმა მას მცირე შეფერხებები შეუქმნა გაზეთების დისტრიბუციის კუთხით.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მედია-საშუალებების ნაწილმა ”მედიაპალიტრას” სოლიდარობა გამოუცხადა. მათ განაცხადეს, რომ საგადასახადო შემოწმების მეშვეობით ხელისუფლება ჰოლდინგზე ზეწოლას ახდენს. მათი თქმით, ეჭვს ის ფაქტი იწვევს, რომ შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 26 მაისის მოვლენები ”მედიაპალიტრას” საინფორმაციო საშუალებებმა აქტიურად გააშუქეს. 

კომენტარები