ჭიდაობა: თბილისის გრან-პრი ხვალ იწყება

პარასკევს, თბილისის სპორტის სასახლეში ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის ტრადიციული საერთაშორისო შეჯიბრება იწყება. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი უკვე ოქროს გრან-პრის სახელს ატარებს. წლევანდელი ტურნირი 10 ივნისს დაიწყება და 12 ივნისს დასრულდება. მსოფლიოში სულ სამი ოქროს გრან-პრი იმართება. პირველი ორი ფულად პრემიებთან ერთად სარეიტინგო ქულებს იძლევა, რომლის მიხედვითაც საუკეთესოები უკვე შემაჯამებელ მესამე გრან პრიზე გამოსვლის უფლებას იღებენ. თბილისურ ტურნირზე პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეს 1500 ამერიკული დოლარი ერგება, მეორეზე გასულს - 800, მესამეადგილოსანს კი - 500.

დღეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის კომისარი ვევილაინენ პერტიმ მიიღეს.

კახა გეწაძემ ძირითადი აქცენტი ქართველი სპორტსმენებისათვის ამ ტურნირის მნიშვნელობაზე გააკეთა: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თბილისური შეჯიბრება გრან-პრის კატეგორიაში აიყვანეს. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა და გამოცდილება იქნება ეს ტურნირი იმ ქართველი მოჭიდავეებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთ ხშირად არ უწევთ სიარული. სწორედ ამიტომ ჩვენ არ შევზღუდეთ ადგილობრივების რაოდენობა. რაც მთავარია, ეს კიდევ ერთხელ მოგცემს საშუალებას, დავაკვირდეთ იმ ხალხს, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოუწევთ გამოსვლა. წლეულს, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატს განსაკუთრებული ფასი აქვს, იქ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება“.

შემდეგ თბილისით მოხიბლული ვივილაინენ პერტის ჯერი დადგა: „ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში მომიწია ჩამოსვლა. თქვენს ქვეყანაში პირველად ვიმყოფები და  აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც აქ ვხედავ. ვიცი, რომ თქვენთან ჭიდაობა ძალიან უყვართ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, კარგ შეჯიბრებას ჩაატარებთ. მე კი აქ წარმატებულ გამოსვლას და შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებებს გისურვებთ“.

კომენტარები