კვლავ ომის ზღვარზე

სამხრეთ სუდანის სახელმწიფოს მშვიდობიანი შექმნის პროცესს საფრთხე დაემუქრა. 22 მაისს, ჩრდილოეთ სუდანის ჯარებმა, ობეიდის სადავო რეგიონი დაიკავეს. გაეროს ცნობით, 15 ათასზე მეტი ადამიანი სამხრეთში გადაიხიზნა.

ობეიდის ნავთობით მდიდარი რეგიონი, დიდი ხნის მანძილზე სუდანის მშვიდობიანი გაყოფის ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნეოდა. ქალაქი ობეიდი ორივე ქვეყნის საზღვარზე მდებარეობს და მისი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად აფრიკელია. 2005 წელს აშშ-ის ძალისხმევით ჩრდილო და სამხრეთ სუდანმა, ობეიდის ერთობლივი მართვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მხარეებმა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტეს, თუმცა, ვერ შეთანხმდნენ, თუ ვის ენიჭებოდა ხმის უფლება. იმავე წლის იანვარში, სამხრეთ სუდანელების 99%-მა გამოყოფა მოითხოვა. მას შემდეგ, ეს მხარე დაპირისპირების კერად გადაიქცა.

ქალაქის დაკავება პრეზიდენმა ალ-ბაშირმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ სუდანის ჯარებს, ობეიდის დატოვების დროს, სამხრეთის ჯარები დაესხნენ თავს – ალ-ბაშირის თქმით, 70 ჩრდილოეთ სუდანელი სამხედროა მოკლული. პრეზიდენტმა ეს ინციდენტი უფრო მასშტაბური პროვოკაციის განსახორციელებლად გამოიყენა. მან ქალაქს უამრავი ტანკითა და ჯარისკაცით შეუტია.

საინტერესოა, შეძლებს თუ არა ობამა და საერთაშორისო დიპლომატია,  ჩრდილოეთ სუდანის პრეზიდენტს კონფლიქტის შეწყვეტა აიძულონ.
განვითარებული მოვლენების გამო, ობეიდის რეგიონის ერთ-ერთი მინისტრი და გავლენიანი პოლიტიკოსი – ლუკა ბიონგ დენგი, თანამდებობიდან გადადგა. მან განაცხადა,  რომ პრეზიდენტ ალ-ბაშირისადმი რწმენა დაკარგა. ექსმინისტრი მოქალაქეებზე ბარბაროსულ თავდასხმებზე მიუთითებს, რაც მასობრივ გადასახლებებს იწვევს.

ობეიდის მოვლენების ნათელი სურათი არ არსებობს. გაეროს დამკვირვებლებმა და მოსახლეობის უმრავლესობამ ქალაქი მანამ დატოვა, სანამ ჩრდილოელთა ჯარები შემოვიდოდნენ. იქ ალ-ბაშირის ჯარები ჯგუფდებიან. ისინი სახლებს, მაღაზიებს, საწყობებს, მათ შორის გაეროს კუთვნილ საწყობებსაც, წვავენ და ძარცვავენ.

ობამას ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ გამოეხმაურა კრიზისს და ორივე მხარე ძალადობის ესკალაციაში დაადანაშაულა. სუდანში ადმინისტრაციის სპეციალურმა დესპანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ალ-ბაშირს, სამხრეთ სუდანთან მოლაპარაკებების დაწყების სანაცვლოდ, ვალების შემსუბუქებას დაჰპირდა.

მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს. თეთრმა სახლმა, სამხრეთ სუდანის ხელისუფლებას, სამხედრო პასუხებისგან თავის შეკავებისკენ უნდა მოუწოდოს. ასევე  საჭიროა, არაბული ქვეყნები და ჩინეთი აიძულოს, რომ თავიანთი ბერკეტები, ალ-ბაშირზე გავლენის მოსახდენად გამოიყენონ. ცნობისთვის, ჩინეთი სუდანის ნომერ პირველი ეკონომიკური პარტნიორია. 
 

კომენტარები