ეკონომიკა,როგორც ეს ბევრს სჯერა, არ არის მეცნიერება მხოლოდ ფულის შესახებ; ის რესურსებისა და მათი განაწილების შესახებ ცოდნასაც მოიცავს. თანამედროვე ეკონომიკას კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს – არჩევანის თავისუფლება: ყველაფერს აქვს ფასი, არჩევანის გაკეთება კი ალტერნატიულ ვარიანტებზე უარის თქმას ნიშნავს. ვრცელდება თუ არა ეს ლოგიკა სამართალდაცვაზე? შეიძლება თუ არა, რომ სამართალდაცვას სახელმწიფო აპარატის გარდა სხვა ალტერნატივაც ჰქონდეს? – ამ კითხვებზე ტაბულას ედვარდ სთრინგემი პასუხობს.
სამართალდაცვა უფრო ეფექტიანი იქნება, თუ მას არა ცენტრალიზებულად სახელმწიფო, არამედ რამდენიმე დამოუკიდებელი, კერძო ერთეული უზრუნველყოფს?
თუმცა უმეტესობას სჯერა, რომ თავისუფალი ბაზრის თამაშის წესები ამ შემთხვევაში ეფექტიანი ვერ იქნება: დაზარალდებიან ღარიბი ადამიანები, ვინც ვერ მოახერხებს კერძო სერვისში ფული გადაიხადოს. რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი?
უმეტესობის აზრით, სამართალდაცვა საზოგადოებრივი სიკეთეა, რომელსაც უზრუნველყოფს ან მთავრობა, ან არავინ. ასეა?
საზოგადო სიკეთე თეორიულად იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია, მის მოხმარებაში ხალხს ფული გადაახდევინო. შესაბამისად, მისი მიწოდების მოტივაცია არ არსებობს. სამართალდაცვაც ბევრისთვის ასეთი სიკეთეა და ამდენად, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. თუმცა, კერძო სექტორმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსგავსი სიკეთეების უზრუნველყოფა მასაც შეუძლია. საზოგადო სიკეთე შეიძლება კერძო სიკეთეებთან ერთად შეიფუთოს და მომხმარებელმაც მთლიან პაკეტად მიიღოს. მაგალითად, იმისთვის, რომ შოფინგ ცენტრში საკუთარი მაღაზია გახსნათ, ფართი უნდა დაიქირავოთ. თუმცა თქვენ საზოგადო სიკეთეებითაც ისარგებლებთ, მაგალითად, ქუჩის განათებით ან დაცვით.
სამართალდაცვა უფრო ეფექტიანი იქნება, თუ მას არა ცენტრალიზებულად სახელმწიფო, არამედ რამდენიმე დამოუკიდებელი, კერძო ერთეული უზრუნველყოფს?
თავისუფალი ბაზრის პირობებში, კონკურენციის გამო, კერძო სექტორს უფრო ზუსტად შეუძლია შეაფასოს და შემდეგ, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა. საბოლოოდ, მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ პროდუქტს, რომელიც მას სჭირდება: კონკურენციას არა ქაოსამდე, არამედ სერვისების სპეციალიზაციამდე მივყავართ. სახელმწიფო სექტორს მომხმარებლის მოთხოვნის ამგვარი საზომი არ აქვს. კერძო ალტერნატივები სადაც არ არსებობს, იმ ქვეყნებში სახელმწიფო ერთადერთი, უკონკურენტო მოთამაშეა და შესაბამისად, მომხმარებელსაც უწევს, თავისი მოთხოვნები სახელმწიფოს თამაშის წესებს მოარგოს.
თუმცა უმეტესობას სჯერა, რომ თავისუფალი ბაზრის თამაშის წესები ამ შემთხვევაში ეფექტიანი ვერ იქნება: დაზარალდებიან ღარიბი ადამიანები, ვინც ვერ მოახერხებს კერძო სერვისში ფული გადაიხადოს. რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი?
თავისუფალი ბაზარი ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდებას. ყველას სჭირდება, რომ თავისი უსაფრთხოება დაცული იყოს. თუმცა, მაგალითად, ბანკს შეიძლება უსაფრთხოების მეტი მოთხოვნა ჰქონდეს და შესაბამისად, სხვებზე მეტი ფულიც დახარჯოს მის უზრუნველსაყოფად. მათ კი, ვისაც ფული არ ჰყოფნის, ხშირად ურჩევნია ამ სერვისში ნაკლები გადაიხადოს. თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში, ღარიბ ადამიანს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ის და იმ ფორმით, როგორც ეს მას სჭირდება. მაგალითად, თუ მოთხოვნა მაღალია, მწირი რესურსების მქონე ადამიანები შეიძლება გაერთიანდნენ და შეეცადნონ, რომ სერვისი მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მთავრობა ხშირად ერევა ამ ტიპის კერძო არჩევანში. ისე გამოდის, რომ სწორედ მას, ვისაც ყველაზე ნაკლები ფული აქვს, მთავრობის გამო, უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილების ყველაზე მწირი არჩევანი აქვს.
თქვენი შეფასებით, რა ძირითადი გამოწვევები დგას დღეს საქართველოს წინაშე კანონის აღსრულების კუთხით და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას სამართალდაცვის სფეროში კერძო მოთამაშეების გაჩენა?
რამდენადაც ვიცი, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველო პრაქტიკულად პოლიციის გარეშე დარჩა: მთავრობამ დაითხოვა ძველი თანამშრომლები, ახლების შერჩევასა და დასაქმებას კი გარკვეული დრო დასჭირდა. ჩემი ინფორმაციით, ამ გარდამავალ პერიოდში არანაირი ქაოსი არ ყოფილა. სიამოვნებით ვნახავდი ამ მოვლენის ეკონომიკურ კვლევებს, რადგან დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებოდა, რომ წესრიგი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სხვა წყაროებს და არა მთავრობას მიეწერება. სამომავლოდ, რაც უფრო მეტი კერძო მოთამაშე გაჩნდება სამართალდაცვის სფეროში, უსაფრთხოებაც მით უფრო გაიზრდება.




