უწიგნურთა მხარის სიმდიდრე და სიღატაკე

 სამხრეთ აზიისკენ მიპყრობილი ყურადღება, ძირითადად ავღანეთსა და თალიბანს ეთმობა. არადა რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც მრავალი კონფლიქტია გაჩაღებული. ზოგიც ესკალაციისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება. 

პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში დაპირისპირება უკვე 60 წელია გრძელდება. რეგიონი ქვეყნის უდიდესი პროვინციაა და მისი ტერიტორიის 42%-ს იკავებს. თუმცა იქ მხოლოდ 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რაც პაკისტანის მოსახლეობის მხოლოდ 6-7%-ია.
ბელუჯისტანში, ეთნიკურ ჯგუფ ბელუჯის გარდა პუშტუნები და სინდჰები, ასევე სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები ცხოვრობენ. ბელუჯი რამდენიმე ტომად არის დაყოფილი – მათ შორის ბუგტი, მირრი და მინგალი გამოირჩევა. მათ სარდარები – ტომთა ლიდერები უდგანან სათავეში. 
 
ბრიტანეთის იმპერიის მმართველობის დროს, ბელუჯის ტომებს ფართო ავტონომია ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთმა კოლონიებს თავისუფლება მიანიჭა. ბელუჯისტანი 1947 წელს პაკისტანის შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა უკვე 1948 წელს, პროვინცია პაკისტანის მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდა. მას შემდეგ, ბელუჯისტანში კონფლიქტი არ განელებულა. რიგით მეხუთე ამბოხება 2004 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბოლო 5 წლის მანძილზე, კონფლიქტს ორივე მხრიდან 3 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.
 
ბელუჯისტანი პაკისტანის უღარიბესი, ამავე დროს, რესურსებით უმდიდრესი რეგიონია. სხვა რეგიონებთან შედარებით აქ პროცენტულად ყველაზე ცოტა საგანმანათლებლო დაწესებულებაა, წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა კი სულ 34%-ია (მთლიანად ქვეყანაში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 52%-ს უტოლდება). 
 
აღსანიშნავია, რომ ბელუჯი სპარსული წარმოშობის ტერმინია და უმეცარს, უვიცს ნიშნავს. რეგიონის ეკონომიკური წილი პაკისტანის მთლიან ეკონომიკაში მხოლოდ 5%-ს აღწევს, ისიც ბუნებრივი რესურსების ხარჯზე. უმუშევრობის დონე 30%-ია, წყალთან მუდმივი წვდომა კი მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აქვს. პროვინცია პაკისტანის მთელი გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებს, მაშინ როდესაც ბუნებრივი აირის საბადოების სრული ექსპლუატაცია არ ხდება. ამას გარდა, ბელუჯისტანი  ოქროთი, სპილენძით, ურანითა და ნავთობითაა მდიდარი. 
 
 უკვე ათწლეულებია, პროვინცია პაკისტანის ცენტრალურ მთავრობას ადანაშაულებს, რომ რესურსების ექსპლუატაციის სანაცვლოდ რეგიონს არაფერი უბრუნდება. ბელუჯისტანში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გვადარში ჩინეთის ნაწილობრივი დაფინანსებით აშენდა ახალი პორტი, პაკისტანის მეორე საპორტო ქალაქ ყარაჩიდან გვადარამდე კი ახალი საავტომობილო მაგისტრალი გაიყვანეს. თუმცა სამუშაო ადგილები, ბელუჯის ნაცვლად, სხვა პროვინციებიდან მოსულმა პუშტუნებმა მიიღეს, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა. 
 
ბელუჯისტანზე, შეიძლება, რამდენიმე დიდმა დაგეგმილმა გაზსადენმა გაიაროს. მათ შორისაა, ირან-პაკისტან-ინდოეთისა და თურქმენეთ-ავღანეთ-პაკისტან-ინდოეთის გაზსადენები. ბელუჯისტანი, ენერგეტიკულის გარდა, კრიმინალური დერეფანიცაა. ის ტრეფიკინგის, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის კვანძია. ავღანეთში წარმოებული მთელი ოპიუმის 40%, ბელუჯისტანის გავლით ირანში მიდის, საიდანაც მთელ მსოფლიოში ვრცელდება.
 
ბელუჯისტანის კონფლიქტი სეკულარულია და მხოლოდ ეთნიკურ ხასიათს ატარებს. რეგიონში მოქმედი სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფებების მიზანი ავტონომიის მოთხოვნით იწყება და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილით მთავრდება. 
ბელუჯის ეთნიკური ჯგუფი, პაკისტანის გარდა, ავღანეთსა და ირანშიც ცხოვრობს. პაკისტანის ბელუჯისტანს ირანის პროვინცია სისტან-ბელუჯისტანი ესაზღვრება. შეიარაღებული დაპირისპირება სამხედრო ჯგუფ ჯუნდალაჰსა (ღმერთის მეომრები) და ირანის ცენტრალურ მთავრობას შორის იქაც დაიწყო. ირანის უსაფრთხოების ძალები, მიუხედავად ლიდერ აბდელმალეკ რიგის მოკვლისა, ჯუნდალაჰის დამარცხებას ვერ ახერხებენ. 
 
პაკისტანის ბელუჯისტანი ავღანეთის პროვინცია ჰელმანდს ესაზღვრება, რომელიც ავღანეთის სამხედრო ოპერაციების მთავარი თეატრია. თალიბანის წევრები ჰელმანდიდან ბელუჯისტანშიც ხვდებიან. 
 
თალიბანს რეგიონზე უარყოფითი გავლენა აქვს და ისედაც მწვავე კონფლიქტს კიდევ უფრო ამძიმებს. ის ცდილობს რეგიონში რელიგიურ-სექტარიანული კონფლიქტი გააღვივოს და შიიტები და სუნიტები ერთმანეთს წაჰკიდოს. ამას გარდა, თალიბანს ხელს აძლევს სამხედრო მოქმედებების თეატრის გაფართოება. მას, ავღანეთის მოსაზღვრე პროვინციებიდან, პაკისტანისა და ამერიკის ყურადღების გადატანა სურს. 
 
ბელუჯისტანი ამერიკის სამხედრო ძალების მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ნავთობით, საკვებითა და აღჭურვილობით დატვირთულ ამერიკულ კოლონიებზე, ბოლო წლებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. მათზე პასუხისმგებლობა ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა აიღო, რომელიც თალიბანისა და ალ-ყაიდას ნაზავს წარმოადგენს. 
 
პაკისტანის ცენტრალური მთავრობა, უფრო კონკრეტულად კი, ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი (2001-2008) კონფლიქტის ესკალაციაში ტომობრივ ლიდერებს ადანაშაულებდა. მისი თქმით, სარდარები ხელს უშლიან პროვინციის ეკონომიკურ განვითარებას, რადგანაც ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ. 
 
ცენტრალური მთავრობის პოლიტიკა პროვინციაში სწორედ მუშარაფის დროს გამკაცრდა. 2006 წელს პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ბუგტის ტომის ლიდერი აქბარ ხან ბუგტი მოკლეს, თუმცა ამან დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. 
 
პაკისტანი კონფლიქტის კიდევ ერთ მხარედ ინდოეთს მიიჩნევს და მას ამბოხებულების დაფინანსებაში სდებს ბრალს. 2005 წლის შემდეგ, სამართლებრივი ნორმების დარღვევით, ბელუჯისტანში ათეულობით ადამიანი დააპატიმრეს. მრავალი ადგილობრივი აქტივისტი უცნობმა პირებმა გაიტაცეს, შემდეგ კი ისინი ნაწამები და მოკლული იპოვეს. 
 
ადგილობრივები წამებისა და დახვრეტის ფაქტებში პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებენ. მათი საქმიანობით უკმაყოფილება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოთქვა. 
 
ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა იუსაფ რაზა გილანიმ კი ბელუჯისტანის მიმართ პოლიტიკა შედარებით შეარბილა. 2010 წელს ფედერალურმა მთავრობამ პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ეკონომიკური ინიციატივების პაკეტი შეიმუშავა, რომელსაც ბელუჯისტანის უფლებების დასაწყისი ეწოდა. ინიციატივების იმპლემენტაცია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დაიწყო. 
 
სამთავრობო მონაცემებით, 61 პროექტიდან 15 უკვე დასრულდა, დანარჩენები კი ხორციელდება. ხელისუფლებამ ბელუჯის ტომების ლიდერებსა და ამბოხებულთა სამხედრო მეთაურებს მოლაპარაკებები შესთავაზა. თუმცა აჯანყებულები  პირობების უთანასწორობის მიზეზით ჯერჯერობით უარობენ.
 
პაკისტანის შიდა პოლიტიკაში გარდამტეხი 1970-იანი წლები გამოდგა. 1971 წელს ქვეყანა ინდოეთთან სამხედრო კონფლიქტში დამარცხდა, რასაც ქვეყნის შემადგენლობიდან ბანგლადეშის გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა. ბანგლადეშის მაგალითი ბელუჯისტანსაც გადაედო. 
 
1973 წლის იანვარში პრეზიდენტმა ზულფიკარ ალი ბჰუტომ (პრეზიდენტი 1971-1973 და პრემიერ-მინისტრი 1973-1977 წლებში) პროვინციაში 100 ათასი სამხედრო გაგზავნა აჯანყების ჩასახშობად. იქამდე ბჰუტომ საკუთარი ინიციატივით ჩამოაყალიბა ფედერალური უსაფრთხოების სამსახური. 1974 წელს ინდოეთმა ბირთვული იარაღი გამოსცადა, რის საპასუხოდაც ბჰუტომ ბირთვული პროგრამა დაიწყო. 
 
სამხედრო კონფლიქტებმა, ბირთვულმა იარაღმა და შიდა დაპირისპირებებმა სამხედროები და სპეცსამსახურები არნახულად გააძლიერა. ძალოვანი სტრუქტურები იქცნენ სახელმწიფოდ სახელმწიფოში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა დღემდე შენარჩუნებული აქვთ. 
 
წელს გენერალმა მუჰამად ზია-ულ-ჰაქმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. ზულფიკარ ალი ბჰუტო, 1974 წელს პოლიტიკური ოპონენტის მოკვლის შეკვეთის ბრალდებით, 1979 წელს სიკვდილით დასაჯეს. თავად ზია-ულ-ჰაქი, 1988 წელს, საეჭვო ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ექსპრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი სამხედრო გახლდათ და 1971 წელს ინდოეთთან სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილეობდა. 
 
ზულფიკარის ქალიშვილი, ბენაზირ ბჰუტო 1993-1996 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, მისი ქმარი ასიფ ალი ზარდარი კი პაკისტანის ახლანდელი პრეზიდენტია. 2007 წელს ბენაზირ ბჰუტო მოკლეს. პოლიტიკას მისი ორი ძმაც შეეწირა. 2008 წელს სცადეს პრემიერ გილანის მოკვლაც. 2011 წელს პაკისტანის სასამართლომ ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში მონაწილეობისთვის ფერვეზ მუშარაფზე დაპატიმრების ორდერი გასცა.
 
ბელუჯისტანში კონფლიქტის დაწყნარება პაკისტანის სხვა შიდა პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან პირდაპირ კავშირშია, რასაც ცენტრალური მთავრობის ინიციატივების პაკეტი ჯერჯერობით სასურველ დონეზე ვერ პასუხობს. 
 
თავად ბელუჯის ტომების ლიდერებსა და სამხედრო მეთაურებს შორის კოორდინაციის პრობლემაა. ადგილობრივი აქტივისტები შიდა უთანხმოების გამო ერთიანი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ. რეგიონში არ არსებობს საკმარისი ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსები, რაც რეფორმებს ართულებს. როგორც მთლიანად პაკისტანის, ისე ბელუჯისტანის უახლოესი პოლიტიკური მომავალი, მუქ ფერებში ისახება. 

კომენტარები