2011 წელს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დაცვის ხარჯი ისევ – 201.7 მილიონი ლარით – იზრდება. სოციალურ დაცვაზე წელს ყველაზე მეტი – 1.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აქედან ყველაზე ნაკლები – მთლიანი სოციალური დაცვის 0.7% – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მოხმარდებათ, მთლიანი სოციალური დაცვის 16% – სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს, ყველაზე მეტი – მთლიანი სოციალური დაცვის 66.4%, ხანდაზმულთა სოციალურ დაცვას. 2011 წელს, არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალურ სფეროში, 251 მილიონ ლარს შეადგენს.
პოლიტიკოსებისათვის სოციალური ხარჯები ყველაზე სენსიტიური სფეროა. მათი ზრდა არასდროს არის საკმარისი, შემცირება კი მასობრივ უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა დგება დრო, როცა მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი, მთელი ევროპისთვის და საქართველოსთვის ზუსტად ასეთი წყალგამყოფი აღმოჩნდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2010 წელი ერთადერთია, როცა სოციალური დაცვის ხარჯი 40 მილიონი ლარით შემცირდა. კლებაზე გავლენა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოახდინა: 2009 წელს ეკონომიკა 3.9%-ით დაეცა. 2006-2008 წლებში ეკონომიკა ყოველწლიურად, საშუალოდ, 1.8 მილიარდი ლარით იზრდებოდა. სოციალური დაცვის ხარჯი, 2009 წლის ჩათვლით იმატებდა – ყოველწლიურად, საშუალოდ, 181.6 მილიონი ლარით. 2006-2010 წლებში სოციალურ დაცვაზე სულ 5.1 მილიარდი ლარი დაიხარჯა. 2006-2010 წლებში არაკლასიფიცირებული ხარჯი, საშუალოდ, 128.7 მილიონ ლარს შეადგენდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში უცვლელი პრიორიტეტი ხანდაზმულთა დაცვა იყო.
საქსტატის ინფორმაციით, 2010 წელს, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები მთელი მოსახლეობის 18.3%-ს შეადგენდნენ. თითოეული მათგანი, სახელმწიფოსგან დახმარების სახით, საშუალოდ, ყოველთვიურად 92 ლარს იღებდა. 2011 წელს ხანდაზმულთა სოციალური დაცვისთვის დაგეგმილი ხარჯის პირობებში, თითოეული, ყოველთვიურად საშუალოდ 100 ლარს მიიღებს.
საქართველომ სოციალურ დაცვაზე ყველაზე მეტი – 1.3 მილიარდი ლარი ანუ მშპ-ს 7.4% – 2009 წელს დახარჯა. არაკლასიფიცირებულ საქმიანობას 178.6 მილიონი ლარი მოხმარდა, რაც მშპ-ს 1%-ს და მთლიანი სოციალური დაცვის ხარჯის 13.5%-ს შეადგენდა. სოციალურ დაცვაზე გამოყოფილი თანხის უდიდესი წილი – 895.9 მილიონი ლარი ანუ მშპ-ს 5% – ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე დაიხარჯა. შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფი იყო სოციალურად დაუცველი ავადმყოფი ადამიანები, ოჯახები და ბავშვები (მშპ-ს 1.4%). ყველაზე ნაკლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ამ წელს დაიხარჯა (მშპ-ს 0.01%).
საქართველოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სოციალური დაცვის მსგავსი პრიორიტეტები აქვთ. როგორც ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული, უახლესი, 2001-2008 წლების, სტატისტიკა გვაჩვენებს, სოციალურ დაცვაზე, ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მეტი – მშპ-ს 26.4%, 2008 წელს დაიხარჯა. არაკლასიფიცირებული საქმიანობა მთლიანი ბიუჯეტის 2.3% იყო. აქედან ყველაზე მეტი, მშპ-ს 11.5%, აქაც ხანდაზმულთა უზრუნველყოფას მოხმარდა. შემდეგ ორ პრიორიტეტულ ჯგუფს – სოციალურად დაუცველი ავადმყოფი ადამიანები, ოჯახები და ბავშვები წარმოადგენდნენ. ყველაზე ნაკლები – უმუშევართა სოციალურ დაცვას მოხმარდა. ასეთი მუხლი საქართველოს სოციალური დაცვის ფუნქციონალურ განაწილებაში საერთოდ არ არის.
2008 წელს, უმუშევართა დაცვაზე, ყველაზე მეტი ბელგიამ – მშპ-ს 3.3% და ესპანეთმა – მშპ-ს 3% დახარჯა. ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე ყველაზე მეტი – მშპ-ს 16% – იტალიამ დახარჯა. იტალიაში 69 წელზე უფროსი ასაკის მქონე ადამიანები, მთელი მოსახლეობის 25.8%-ს შეადგენდა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი ამ მხრივ 22.5%-ია. ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე ყველაზე ნაკლები – მშპ-ს 5.5% – ირლანდიამ დახარჯა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდაა. ირლანდიაში მთელი მოსახლეობის 27% 20 წელზე ნაკლები ასაკისაა. ეს მაჩვენებელი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისათვის, საშუალოდ, 21.7%-ია. 60 წელზე უფროსი, ირლანდიის მოსახლეობის მხოლოდ 15.4%-ია.
ევროკავშირის შემთხვევაში, სოციალური დაცვის ხარჯების დინამიკა უფრო მრავალფეროვანია. ევროსტატის უახლესი – 2001-2008 წლების მონაცემები აჩვენებს, რომ 2002-2003 წლებში სოციალური დაცვის ხარჯი გაიზარდა. შემდეგ, 2005 წლის ჩათვლით სტაბილური იყო. 2007 წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა. 2007-2008 წლებში კი ისევ მოიმატა – საშუალოდ 0.7%-ით. ეს ძირითადად სოციალური დაცვის ნომინალური ხარჯების მომატებამ და პარალელურად, ევროპის მასშტაბით შემცირებულმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია.
2010 წელს, ევროპამ ქამრების შემოჭერა რეალურად დაიწყო. ბრიტანეთმა პენსიები, საჯარო მოხელეების ხელფასები და სოციალური დახმარებები თითქმის გაანახევრა. გერმანიამ სახელმწიფო ხარჯი 80 მილიარდი ევროთი შეკვეცა – ძირითადად ბიუჯეტის სოციალური ნაწილისა და უმუშევართათვის შემწეობის კლების ხარჯზე. უნგრეთმა, ბიუჯეტის ხარჯების 15%-ით შეკვეცასთან ერთად, საშემოსავლო გადასახადიც გაანახევრა, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის კი გადასახადები შეამცირა.
სოციალური დაცვის სფეროს კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, ხშირად გაუმართლებლად დიდი ხარჯი ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად ასუსტებს. ნებისმიერმა ქვეყანამ, განვითარების გარკვეულ ეტაპზე უნდა უპასუხოს შეკითხვას, თუ რა ურჩევნია: პირდაპირ დაეხმაროს სოციალურად გაჭირვებულ ადამიანს, მისი მოთხოვნილებების ზრდის პროპორციულად დაუსრულებლად ზარდოს სოციალური დაცვის ხარჯები და ამით დამოკიდებული გახადოს სისტემაზე, თუ პრიორიტეტად ეკონომიკური ზრდა აქციოს; შექმნას დასაქმების შესაძლებლობა და საკუთარ კეთილდღეობაზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაჩენას შეუწყოს ხელი.




