სრულიად მოულოდნელად აღმოჩენილი თიხისებრი ქანის – ფიქლის წყალობით, ევროპის ენერგოუსაფრთხოება, შესაძლოა, რეალობად იქცეს. რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტს – გაზპრომს, რომლის რესურსზეც ევროპის 25%-ია დამოკიდებული, ახლო მომავალში, ენერგეტიკული პოლიტიკის ლიბერალიზაციის მწვავე საჭიროება შეექმნება. ეკონომიკური თუ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, ენერგეტიკული შანტაჟი აღარ გაჭრის.
კემბრიჯის ენერგეტიკული კვლევითი ორგანიზაციის (CERA) უახლესი კვლევის მიხედვით, ევროპას 173 ტრილიონი კუბური მეტრი არატრადიციული გაზის მოპოვების პოტენციალი აქვს. ფიქლის გაზის დიდი მარაგების არსებობა პოლონეთსა და ლიტვაში უკვე დადასტურდა. ამერიკის ენერგეტიკული დეპარტამენტის შეფასებით, პოლონეთში 5.3 ტრილიონ კუბურ მეტრამდე ფიქლის გაზის მოპოვებაა შესაძლებელი. იმავე უწყების თანახმად, ლიტვა დაახლოებით 113.3 მილიარდ კუბურ მეტრ ფიქლის გაზს ფლობს.
ორივე ქვეყანა რუსეთის გაზის იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. პოლონეთი ყოველწლიურად 14 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იყენებს. ამ მოცულობის 70%-ს ის გაზპრომისგან ყიდულობს. ლიტვა ყოველწლიურად 2.9 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. ქვეყანა რუსულ გაზზე 100%-ითაა დამოკიდებული. ფიქლის გაზის რესურსების რეალიზების შემდეგ, პოლონეთს სულ მცირე 300, ხოლო ლიტვას 40 წლის მანძილზე გაზის პრობლემა არ შეექმნება. ეს ქვეყნები დამოუკიდებლად შეძლებენ საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კვლევები ცხადყოფს, რომ ფიქლის გაზის რესურსები ამ ორი ქვეყნის მსგავსად, შეიძლება რუმინეთში, შვედეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და უკრაინაში იყოს.
ევროპის ბაზრის ენერგოდამოუკიდებლობა გაზპრომის ბაზრის წილს საფრთხეს უქმნის. ეს გაზპრომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის გაზის მოცულობა მთელი რუსული გაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ამ გაზის ევროპის ბაზარზე რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გაზპრომის მთელი შემოსავლის ორი მესამედია და ფედერალური საგადასახადო შემოსავლების 12%-ს აჭარბებს. ამას ემატება ისიც, რომ Nadym Pur Taz რეგიონის სუპერგიგანტული რეზერვები – რუსული ბუნებრივი გაზის 80% – ნელ-ნელა იცლება.
ფიქლის გაზის რესურსების ათვისება, რუსეთს ეკონომიკური გავლენის ბერკეტს ართმევს. სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ამ პოტენციალის ათვისება კი მთლიან ევროპულ ბაზარს კონკურენტულს გახდის. კონკურენციის პირობებში, გაზპრომი თავის ბაზრის წილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ევროპისთვის მიწოდებული გაზის ფასი მაქსიმალურად დაბალი იქნება.
ევროპისთვის გაზის მიწოდების გაიაფებას, რუსეთის მთავრობისა და გაზპრომის გაზსადენების სტრატეგია ხელს უშლის. ამ სტრატეგიის თანახმად, ევროპას რუსეთმა ბუნებრივი აირი ჩრდილოეთის ნაკადისა და სამხრეთის ნაკადის გაზსადენების მეშვეობით უნდა მიაწოდოს. ეს გაზის ფასს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს სტრატეგია წარმატებული კონკრეტულ პირობებში იქნება – როცა ბაზარი ჩაკეტილია, მიწოდების ალტერნატიული წყარო არ არსებობს და მიმწოდებელ კომპანიას გაზის მიწოდების ხანგრძლივვადიანი კონტრაქტები გარანტირებული აქვს. რუსეთს ფიქლის გაზის აღმოჩენამდე ზუსტად ასეთი სასათბურე პირობები ჰქონდა. თუმცა ფიქლის გაზის მარაგების განვითარების შემდეგ, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ბაზრის წილის შენარჩუნებისთვის, ტრანზიტის ხარჯის შემცირება გარდაუვალი იქნება.
ფიქლის გაზი
მიიღება მიწისქვეშა თიხისებრი ქანისგან. პირველად აღმოაჩინეს ამერიკაში, 1821 წელს.ფიქლის გაზის მოპოვების ტექნოლოგია
მიწა იბურღება ჰორიზონტალურად, ფიქლის ქანებამდე. შემდეგ ქანი დიდი წნევის მქონე წყლის ჭავლის მეშვეობით მცირე ნაწილებად იშლება. დაშლის პროცესში მიიღება გაზი.ბრიტანული თერმული ერთეული (btu)
ენერგიის საზომი ერთეული. გამოიყენება მხოლოდ თერმული დანადგარების სიმძლავრის გასაზომად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1 ბრიტანული თერმული ერთეული = 1 055 ჯოული.ტრანზიტის ხარჯის შემცირება, ახალი მილსადენების ნაცვლად, უკვე არსებულთა გამოყენებითაც შეიძლება. მაგალითისთვის გამოდგება უკრაინის მილსადენების ქსელი, რომელსაც 180 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გამავლობა აქვს და სამხრეთის ნაკადისას ბევრად აჭარბებს. სამხრეთის ნაკადი ჯერ მხოლოდ ფურცელზეა აღნიშნული, შესაბამისად მისი შეჩერება კიდევ შეიძლება. იმავეს ვერ ვიტყვით ჩრდილოეთის ნაკადზე: ამ პროექტის დაფინანსება უკვე დაწყებულია. ამდენად, რუსეთს ტრანზიტის ხარჯის მკვეთრად შემცირება მაინც გაუჭირდება.
ბაზრის წილის შემცირება იამალისა და შტოკმანის საბადოების განვითარებას არარენტაბელურს ხდის. ამ საბადოების განვითარება, სულ მცირე, 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამ თანხების მოზიდვა რუსეთს მხოლოდ გარანტირებული კონტრაქტებისა და შემოსავლის პირობებში შეუძლია.
კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად რუსეთს უკეთესი ალტერნატივა აქვს: ამ საბადოების განვითარება შეწყვიტოს და მათზე გამოყოფილი ინვესტიციები ფიქლის გაზის საკუთარი რეზერვების განვითარებისკენ მიმართოს. CERA-ს შეფასებით, რუსეთის ბუნებრივი გაზის ჯამური რეზერვი, რომელიც მსოფლიოში უდიდესად არის შეფასებული, მხოლოდ 47 ტრილიონი კუბური მეტრია. ეს მაშინ, როცა ფიქლის გაზის მოცულობა თითქმის 4-ჯერ მეტს – 150 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.
რუსეთს, რომლის გაზის ბაზარზე წამყვანი კომპანია გაზპრომია, არატრადიციული გაზის რეზერვების განვითარება გაუჭირდება. გაზპრომი ექსპორტისა და მილსადენების მონოპოლიზებასაა შეჩვეული და მოგება გარანტირებული აქვს. შესაბამისად, რისკების შეფასებასა და მაქსიმალურ პროდუქტიულობაზე ნაკლებ აქცენტს აკეთებს.
იმისთვის, რომ ფიქლის გაზი მომგებიანი იყოს, რისკების სწორად დათვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: ნაკადის სტაბილური მოცულობის მიღებისა და შენარჩუნებისთვის ხშირად მიწის ერთჯერადი გაბურღვა და თიხისებრი ქანის ნაწილებად დაშლა საკმარისი არ არის. მოგების მისაღებად, დეტალურად უნდა დაითვალოს, თუ რომელი ხარჯების შემცირებაა შესაძლებელი, რომ ინოვაციური მეთოდის საჭიროებისამებრ განმეორების შემთხვევაში, გაზის ნაკადის შენარჩუნების ხარჯები ძალიან არ გაიზარდოს.
კრემლი სპეკულაციებს სწორედ ხსენებული ინოვაციური მეთოდის შესახებ ავრცელებს. დასაბუთებას მოკლებული არგუმენტები ძირითადად ორი მთავარი ასპექტის გარშემო იშლება: 1) წარმოების მეთოდი გარემოს საფრთხეს უქმნის და 2) ფიქლის გაზის წარმოება გაუმართლებლად ძვირი ჯდება.
ფიქლის გაზის მიღების ტექნოლოგია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რამაც პროდუქციის ხარჯი საშუალოდ გაანახევრა. ამერიკაში 3 მილიონი ბრიტანული თერმული ერთეულის მოპოვება 3 დოლარი ჯდება. 1990-იან წლებთან შედარებით ფასი 1.7-ჯერ ნაკლებია.
ფასი კიდევ უფრო მეტად მას შემდეგ შემცირდება, რაც საქმეში წამყვანი ნავთობკომპანიები ჩაერთვებიან. ბოლო პერიოდში ფიქლის გაზის ევროპული ბაზარი ამ მოთამაშეებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება: Exxon Mobil-მა უკვე დაიწყო ბურღვა გერმანიაში, ConocoPhillips-მა – პოლონეთში, ავსტრიულმა OMV-მ – ვენაში, Shell-მა – შვედეთში. შედარებით პატარა კომპანიები ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საფრანგეთშიც, ეძებენ ფიქლის გაზს. ამ კომპანიების აქტიურობის შედეგად, სხვადასხვა გათვლებით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 5 წელიწადში, 3 მილიონი ბრიტანული თერმული ერთეულის მოპოვება მხოლოდ 2 დოლარი დაჯდება.
გარემოსდაცვითი მთავარი რისკი – ჰორიზონტალური ბურღვის შედეგად, დაბინძურდება სასმელი წყალი – გაზვიადებულია. სასმელი წყალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბინძურდება, თუ ფიქლის გაზის ჭა გაჟონავს. ამის თავიდან აცილება უსაფრთხოების ზომების დაცვით არის შესაძლებელი.
სასმელი წყლის დაბინძურების არგუმენტით მანიპულირების მცდელობა უსუსურია: ისტორიულად, ყოველ ახალ ტექნოლოგიურ გარღვევას, თან სდევდა გარემოსდაცვითი აქტივისტების შეშფოთება დედაბუნების განადგურებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ენერგიის ახალი წყაროების წარმოება და რეზერვები დროთა განმავლობაში, შემცირების ნაცვლად, იზრდება.
საზოგადოებრივი აზრი ასეთ მანიპულაციებს საბოლოო ჯამში ბრმად არ ემორჩილება. გარემოსდაცვით ან თუნდაც პოლიტიკურ რისკებს ადამიანი იმის მიხედვით აფასებს, თუ რა დევს სასწორის მეორე პინაზე: ამის უახლესი მაგალითი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი სისწრაფით გავრცელებული თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალებია. მაშინ გარემოსდამცველების მთავარი გზავნილი სასათბურე გაზების მომატების საშიშროება და შედეგად, გლობალური დათბობის დამანგრეველი ეფექტი იყო. თუმცა მეცნიერული აზრი, გარემოსდამცველი აქტივისტების ალარმისტული გზავნილებისგან ხშირად რადიკალურად განსხვავდება: გაზი – თხევადი იქნება ეს თუ ფიქლის – გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე ნახშირი ან ნავთობი.
ფიქლის გაზის პოტენციალის ათვისებასთან ერთად, თხევად ბუნებრივ აირზე დაიკლებს მოთხოვნა. ფიქლის გაზის აღმოჩენამდე, სხვადასხვა გათვლით, 2025 წლისთვის თხევადი ბუნებრივი აირი საერთაშორისო ვაჭრობის 50% იქნებოდა. ფიქლის გაზის ბუმის პირობებში, ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 1/3-მდე დავა. ამერიკაში ეფექტი უკვე იგრძნობა: თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორი ტერმინალები პრაქტიკულად ცარიელია. ყატარიდან და სხვა მიმართულებებიდან დატვირთული თხევადი გაზის ტანკერები ევროპელი მომხმარებლებისკენ მიდიან. ეს კიდევ უფრო ამცირებს გაზპრომის მოგებას და ევროპის რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულებას.
ევროპის მიერ ფიქლის გაზის პოტენციალის ათვისება, რუსეთს, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური გავლენის ბერკეტსაც ართმევს. 2006 და 2007 წლებში მოსკოვმა გაზის ფასზე უკრაინასთან არსებული უთანხმოების გამო, კიევი და მთელი დასავლეთ ევროპა შუა ზამთარში გაზის გარეშე დატოვა. ამან უკრაინის პოლიტიკურ ორიენტაციაზეც იმოქმედა – NATO-ზე ორიენტირებულ ქვეყანაში, ანტიმოსკოვური დამოკიდებულება შესუსტდა.
ბაზრის დივერსიფიკაციის პირობებში კრემლს მსგავსი ეფექტის გამეორება გაუჭირდება. აქამდე, ევროპული ბაზრის ლიბერალიზაცია პრობლემა იყო, რადგან გაზის ადგილობრივი რესურსები მწირი, მიწოდება კი მონოპოლიზებული იყო. ეს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მუდმივი რისკის ქვეშ აყენებდა. დღეს რეალობა იცვლება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მიწა შეიძლება გაზის საცავი აღმოჩნდეს.




