დაბადებულები საქართველოში

 შეფასება 3/5

2010 წელს კომპანია სანგუკომ და კონტროლსტუდიომ ერთობლივ კინოპროექტზე დაიწყო მუშაობა – “5”, რომელმაც 5 რეჟისორის 5 ჟანრულად განსხვავებული ფილმი უნდა გააერთიანოს. აპრილის ბოლოს, ეკრანებზე “5”-ის პირველი ფილმი გამოვიდა – თაკო შავგულიძის დებიუტი “დაბადებულები საქართველოში”.  

თინა (ნუცა კუხიანიძე), გიორგი (გიორგი გიორგანაშვილი), თამრი (თამრი ბზიავა) და ნიკა (ვანიკო თარხნიშვილი) – ბავშვობის მეგობრები არიან. ასე, 30 წლამდე იქნებიან. ოთხივე განსხვავებულია და საქართველოში დაბადებული. არა, განსაკუთრებული არაფერი ხდება. აქ არც ძუძუების სანახავად ღირს წამოსვლა და არც “ღადაობების” მოსასმენად. ორი წყვილის ერთი ჩვეულებრივი ისტორიაა. იქ უკან კი ომია... იყო თუ არის... მოკლედ... 
 
სახლის კადრებს პერიოდულად ენაცვლება მოშიშვლებული თბილისის ზღვა. ან მანქანაში სხედან ან კიდევ გიორგის მაღაზიასთან, პატარა სკამზე. ლაპარაკობენ, არა, თითქმის არ ლაპარაკობენ. უბრალოდ დროდადრო თამრის ფეთქებადი ხასიათი “გაფხიზლებს” ხოლმე. ესაა და ეს. დიალოგებს გრძელი პაუზები ენაცვლება. თბილისის ქუჩები უცხოა. ჩუმი და ცარიელი. მიუხედავად გმირების განსხვავებული ტემპერამენტისა, სიცარიელე ოთხივეს მუდმივ ლანდად დაჰყვება თან. გამუდმებით ეწევიან და სიგარეტს სიგარეტზე უკიდებენ – ასე ცდილობენ სიცარიელის ამოვსებას. სულ გრძნობ დროს. დროს, რომელსაც ვერც კინემატოგრაფისტების საყვარელი ხერხი, მატარებლის ხმაური აიძულებს აჩქარდეს, ნაბიჯს მოუმატოს. არ მახსენდება ბოლო დროს ნანახი არც ერთი ქართული ფილმი, სადაც ასე მძაფრად და ზუსტადაა გადმოცემული გარემო. გარემო, რომელიც თავისი განწყობით თითქმის ანაცვლებს სიტყვის აუცილებლობას. სადაც ფორმა, ძალდაუტანებლად მოდის მაყურებლამდე. ეს არ არის სიტყვის კინო. აქ მთავარი თვალია. შავგულიძის ფილმში დრამატურგიული კვანძი არ არსებობს და დრამის გარდაუვალობა, ფილმის დასაწყისშივე, გმირების გაცნობისთანავე იგრძნობა. ეს არის კონფლიქტი. გარემოსთან, წარსულთან, ომთან და მისგან გამოწვეულ სიცარიელესთან. იმასთან, რაც „საქართველოში დაბადებულების” ნაწილია. მათი ამბავი ხომ 2008 წლის აგვისტოს შემდგომ, „ცარიელ” საქართველოში ხდება.  
 
მიუხედავად დრამატურგიული თუ რეჟისორული ხარვეზებისა, „დაბადებულები საქართველოში” სწორედ ამით გამახსოვრდება – განწყობით. რასაც ეკრანზე კამერა, მხატვრობა, მუსიკა და გიორგი გიორგანაშვილის ყველაზე სიტყვაძუნწი გმირი ქმნის. გიორგი შველიძის კამერას ვერ უპოვი წუნს, ხან აღმოაჩენ, რომ ის მსახიობებზე უკეთესად “თამაშობს”. სალომე სხირტლაძის მხატვრობა და თიკო კვინიკაძის კოსტიუმები – ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. თუმცა ხშირად, ფერთა და გარემოს იდეალური შერწყმისაკენ ზედმეტი სწრაფვა, ბუნებრიობას აკარგვინებს და ძალით შელამაზებულსაც კი ხდის სურათს. გიო ცინცაძის უდავოდ კარგი მუსიკა უკეთესად დაგამახსოვრდებოდა, ასე ჭარბად და უტრირებულად რომ არ იყოს გამოყენებული. ხარვეზები “იპარება”, რიგ შემთხვევაში, არაბუნებრივად აწყობილ დიალოგებშიც, როდესაც სიტყვა სიტუაციიდან ამოვარდნილად, მხოლოდ ამბის განსავითარებლად ანდა პარტნიორის მხრიდან საჭირო რეპლიკისთვის გაისმის. ხარვეზებია სამსახიობო შესრულებაშიც. კინომ ხომ დიდი ხანია, უკან ჩამოიტოვა მუნჯი პერიოდი, სადაც მსახიობებს თვალების დაჭყეტით, ტუჩზე კბენით ანდა ერთ ადგილას ქანაობით უწევდათ მაყურებლისთვის თქმა – ცუდი რაღაც მოხდა, ვნერვიულობო. მსგავსი მინუსები  საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად აკნინებს ფილმის ხარისხს. 
 
სურათში, რომელიც მთლიანად თვალის მგრძნობელობას ემორჩილება, სრულიად ზედმეტია დასაწყისში ნაჩვენები ომის ამსახველი კადრები, მონაცემები… დოკუმენტური მასალა, რომლის ყურებისას შიშიც კი ჩნდება, რომ მომდევნო 80 წუთი ამ თემით მანიპულირებასთან ამოგაყოფინებს თავს. არადა, 5 წუთის შემდეგ, უკვე გრძნობ ზურგთან მოპარულ ვეებერთელა ტალღას. ტალღას, რომელიც არ იცი როდის დაგატყდება თავს. რომელიც კინოთეატრიდან გამოსულს, კიდევ დიდხანს მოგყვება უკან. 
            
 

კომენტარები