ოქრუაშვილის განცხადებები ოპოზიციამ გააკრიტიკა

„ქართული პარტია“ 16 მაისს თბილისში აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ განცხადება გუშინ საღამოს ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, აქციის მიზანია „გადაკეტოს ონკანის სათავე, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც ქართული საზოგადოება იწამლება.”

”მაესტროს”  ეთერში პარიზიდან პირდაპირი ჩართვის დროს ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „აშშ  ამ რეჟიმისადმი მხარდაჭერით საქართველოში დემოკრატიას ასამარებს“. „თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას და ვერასდროს ტერიტორიებს ვერ გამოვიყენებთ შესაბამისად, თუ არ გვექნება თავისუფლება,” თქვა ოქრუაშვილმა. მან რიგით თბილისელებს აშშ-ს საელჩოსთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა, სადაც, მისი თქმით პარტიის აქტივისტები იქნებიან მობილიზებული.

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართული პარტია, რომელმაც ”უკვე დაასრულა თავისი სტრუქტურების მშენებლობა,” ახლა საქმიანობის მეორე ეტაპზე გადავიდა. ეს, ქართული პარტიის ლიდერის თქმით,  რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვას გულისხმობს.

"მესამე ეტაპი იქნება რეჟიმისთვის მთავარი დარტყმის მიყენება,“ განაცხადა მან და დასძინა, რომ მესამე ეტაპზე გადასვლა უახლოეს მომავალში მოხდება. ოქრუაშვილი სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაემუქრა, რომ თუ  ”დროზე არ მოვლენ გონს” და არ გაიზიარებენ “ქართული პარტიის” პოზიციებს, ის საქართველოში დაბრუნდება და ”არავის დაინდობს.”

ოქრუაშვილის გუშინდელ განცხადებებს დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. ოპოზიციური რვიანის წარმომადგენელმა, მამუკა კაციტაძემ ოქრუაშვილის გამოსვლას  საქართველოს დასავლური ორიენტაციისადმი ”ღია და აგრესიული შეტევა“ უწოდა. მისი თქმით, თუ ოქრუაშვილის პოზიცია ”ქართული პარტიის” პოზიციაა, მაშინ ამ უკანასკნელსა და ”რვიანს” შორის თანამშრომლობა ვერ შედგება, ”რადგან არსებობს ფუნდამენტური პოლიტიკური წყალგამყოფი.”

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ კი  ოქრუაშვილის განცხადებებს ”საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული” გამოსვლა უწოდა და მისი პარტია თალიბანს შეადარა.  „დარტყმა საქართველოს უმთავრეს პატრნიორზე, რომელიც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მხრადამჭერი და დამხმარეა  და თალიბანივით აშშ-ს საელჩოსთან აქციების მოწყობა, ქვეყნის ინტერესებზე დარტყმას ნიშნავს“ აღნიშნა მან. 

კომენტარები