ძებნილი ჯერონიმო

პაკისტანი, 1 მაისი, 2011 წელი.


გამთენიისას, ქალაქ აბოტაბადში, აშშ-ის საზღვაო ძალების H-60 ტიპის (იგივე „შავი ქორი”) ორი ვერტმფრენი გამოჩნდა. საავიაციო რადარების დამხშობი სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი ავიამზიდები, ქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ ნაგებობას მიუახლოვდნენ და დესანტი გადასხეს. „ზღვის ლომები”, სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული შტაბის #6 ბრიგადა, სამსართულიან სახლში შეიჭრა. წამებში ცეცხლიც გაიხსნა. 

პარალელურად, თეთრ სახლში შეკრებილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სრული შემადგენლობა, აბოტაბადში განვითარებულ მოვლენებს სატელიტიდან მიღებული ვიზუალური სიგნალის მეშვეობით ადევნებდა თვალს. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 40 წუთში, ადმირალმა უილიამ მაკრავენმა ცენტრს აცნობა – Geronimo-E KIA! ჯერონიმო – ოპერაციის კოდურ სახელწოდებას, აკრონიმი E KIA კი, ბრძოლის დროს მტრის განადგურებას (enemy killed in action) აღნიშნავდა. თეთრი სახლის სიტუაციების ოთახში, აშშ-ის პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ შვებით ამოისუნთქა – მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი მოკლულია!
 
ამბავი მსოფლიომ ოდნავ მოგვიანებით შეიტყო. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, საგანგებო სატელევიზიო მიმართვაში 11 სექტემბრის ტერაქტების არქიტექტორის, ალ-ყაიდას დამაარსებლისა და მეთაურის ლიკვიდაცია დაადასტურა. ამერიკელები და მათი მოკავშირეები ამას უკვე 10 წელია ელიან. 
 
ამ პერიოდში, ამერიკელებმა არაერთი წარუმატებლობა იწვნიეს: ჯერ ალ-ყაიდა დაესხა თავს, შემდეგ დაუსრულებელი კამპანია ავღანეთში, ომი ერაყში და ბოლოს ლიბიის ოპერაცია, სადაც NATO-ს ჯარები ჯერჯერობით ვერ აღწევენ აშკარა წარმატებას. თითქოს ამერიკამ ძალაუფლება და გავლენა დაკარგა, მაგრამ ოპერაცია ჯერონიმომ ყველას შეახსენა მისი სამხედრო ძალის ძლევამოსილება. 
 
ფოტო: REUTERS ©
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ჟანრში გადაწყვეტილმა სპეცოპერაციამ, აშშ-ის ზოგიერთი მოკავშირის, განსაკუთრებით კი პაკისტანის სანდოობის შესახებ კითხვები დაბადა. საინტერესოა, რომ პაკისტანის მთავრობამ, მისსავე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის შესახებ არაფერი იცოდა.   
 
მსოფლიოს #1 ძებნილი, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე, ხრიოკ მთებს კი არ აფარებდა თავს, არამედ ისლამაბადიდან 60 კილომეტრში მდებარე ქალაქ აბოტაბადში მშვიდად ცხოვრობდა. ეს არის სააგარაკო ტიპის დასახლება, სადაც პაკისტანის მთავარი სამხედრო აკადემიაა განლაგებული. იქვე, ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები და გადამდგარი გენერლები ცხოვრობენ. შესაბამისად, თითქმის დაუჯერებელია, პაკისტანის სადაზვერვო სამსახურებს არ სცოდნოდათ, თუ ვინ ცხოვრობდა ქალაქის ცენტრში, მაღალი გალავნით დაცულ გასაიდუმლოებულ სახლში. თანაც, სახლის ბინადრები იმდენად კონსპირაციულად ცხოვრობდნენ, რომ ნაგავსაც კი ეზოშივე წვავდნენ.  
 
არავინ იცოდა, თუ რა დრო დასჭირდებოდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტერორისტის მიგნებას. ლიდერის მოკვლა ან დაკავება, რომლის მიმდევრებიც მზად არიან, ნებისმიერი ფორმით შეიფარონ და დამალონ იგი, ამ საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. მისი აღმოჩენა პაკისტანში, რომლის მოქალაქეებიც ქვეყანაში გაბატონებულ ქრონიკულ დესტაბილიზაციას აშშ-ს მიაწერენ, ამოცანას თითქმის განუხორციელებელს ხდიდა.
აშშ-ის დაზვერვა, ბინ ლადენის კვალზე, 4 წლის წინ, გუანტანამოს ტუსაღების „აგრესიული დაკითხვის” შემდეგ გავიდა. დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ბინ ლადენის ნდობით აღჭურვილი კურიერის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად კი ამ ადამიანის ზედმეტსახელი მოიპოვა. გასულ აგვისტოს, კურიერის სატელეფონო ზარის მოსმენის შემდეგ, მისი ზუსტი ვინაობა და ადგილსამყოფელი დადგინდა. იგი აბოტაბადში მცხოვრები ქუვეითელი აბუ აჰმადი აღმოჩნდა. სწორედ მასზე თვალთვალის და დაკვირვების შედეგად  მიაკვლია ამერიკამ ბინ ლადენს. 
 
აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე მიმდინარე ოპერაციაში, გადამწყვეტი როლი, სწორედ გუანტანამოს პატიმრების დაკითხვის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას უთამაშია. არადა, თეთრ სახლში მოსვლამდე, კანდიდატი ობამა თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა ბუშის ადმინისტრაციის დროს შემოღებულ დაკითხვის აგრესიულ მეთოდოლოგიას. მეტიც, ახლანდელ პრეზიდენტს იგი წამების რანგში აჰყავდა. ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღესვე, ობამამ გუანტანამოს ციხის დახურვის ბრძანება გასცა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს აგრესიული დაკითხვის პროგრამა გააუქმა. მოგვიანებით ამ უწყების გამომძიებლების წინააღმდეგ ტერორისტების დაკითხვის მეთოდებთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.  
 
რეალობასთან შეჯახებამ პრეზიდენტი ობამა აიძულა პოზიციებისათვის გადაეხედა: გუანტანამო აღარ დახურა, სასამართლო სანქციის გარეშე მოსმენები გააგრძელა, უარი თქვა სამოქალაქო სასამართლოებში ტერორისტების გასამართლებაზე და სამხედრო ტრიბუნალები აღადგინა, დრონების (უპილოტო საფრენი აპარატი) პროგრამა გააათკეცა. მიუხედავად ამისა, ბუშის დროს დამკვიდრებულ დაკითხვის მეთოდებს, ობამა დღემდე უარყოფს. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, ბინ ლადენის შემთხვევაში პრეზიდენტი დილემის წინაშე დადგა: ან დაეკავებინა იგი და „აგრესიული დაკითხვით” მოეპოვებინა ტერორიზმთან ბრძოლისთვის საჭირო ღირებული ინფორმაცია, ან  მისი ლიკვიდაციის ბრძანება გაეცა. ბინ ლადენის ლიკვიდაციის სასარგებლოდ სხვა არგუმენტებიც თამაშობდა: სად უნდა განეთავსებინათ იგი, გუანტანამოზე? როგორი ტიპის სასამართლოს უნდა გაესამართლებინა? ექნებოდათ უფლებადამცველებს პროცესის მონიტორინგის უფლება? გასამართლების შემთხვევაში სასამართლო ცირკად გადაიქცეოდა, სადაც #1 ტერორისტს ტრიბუნა ექნებოდა.
 
ფოტო: REUTERS ©
ანტიტერორისტულ საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ამოცანა ბინ ლადენის ცოცხლად აყვანა იყო, თუ ის წინააღმდეგობას არ გასწევდა. თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, შეუიარაღებელი ბინ ლადენი მაინც მოკლეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციით, პრეზიდენტმა ობამამ უფლებადამცველების ყიჟინა აიცილა თავიდან. თუმცა აქვე დაიკარგა უნიკალური შესაძლებლობა, დაზვერვას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეღო – მაგალითად, იგივე ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელისა და სხვა ლიდერების შესახებ. 
 
#1 ტერორისტის განადგურებით, პრეზიდენტმა ობამამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კრიტიკა მაინც ვერ აიცილა თავიდან. „ნათელია, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო”, – განაცხადა დასავლეთ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ჰელმუდ შმიტმა. Human Rights Watch-ის (HRW) აღმასრულებელმა დირექტორმა, კენ როთმა კი სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა: „სამართლიანი არ არის [ბინ ლადენის] მოკვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ’გამართლებული’ იყოს. არ ყოფილა სასამართლო პროცესი და მსჯავრის დადება”. მწვავე კრიტიკა სხვა კუთხითაც გაისმის – მედია ბინ ლადენის სურათების გამოქვეყნებას ითხოვს, ობამა უარზეა. მეტი გამჭვირვალობის ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსულმა პრეზიდენტმა, ინფორმაციის გასაიდუმლოებაც დაიწყო. ეს ცალკე შეთქმულების თეორიებს იწვევს. 
 
ბინ ლადენის ლიკვიდაციით, ტერორიზმთან ბრძოლა არ დასრულებულა. გაურკვეველია, მისი სიკვდილი კიდევ უფრო გაამწვავებს ძალადობას, თუ პირიქით, ალ -ყაიდას, როგორც ტერორის ძალის ისტორიას დაასრულებს. ტერორისტული ორგანიზაციების ისტორიაში ორი მაგალითი არსებობს: უფრო ცენტრალიზებულ ორგანიზაციებში, ლიდერის ნეიტრალიზაცია ტერორის დასრულებას იწვევს (სენდერო ლუმინოსა, PKK); უფრო დეცენტრალიზებული სტრუქტურის მქონე ორგანიზაციები კი მეტად სიცოცხლისუნარიანები არიან (ჰამასი, ჰეზბოლა) და ლიდერის განადგურების შემდეგაც განაგრძობენ საქმიანობას. ვარაუდობენ, რომ ალ-ყაიდა უფრო პირველ კატეგორიას განეკუთვნება. ალ-ყაიდას „ემირი”, ამ ორგანიზაციის მხოლოდ სულიერი ლიდერის ფუნქციას არ ითავსებდა. ოპერაციის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებების მიხედვით, იგი უშუალოდ ალ-ყაიდას ოპერაციებს იემენში, სომალსა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში ხელმძღვანელობდა. ისიც აშკარაა, რომ მსოფლიოს ყველაზე „წარმატებული” ტერორისტის სისხლისმღვრელ ბრძოლას, რეალური შედეგები არ მოუტანია: აშშ ახლო აღმოსავლეთში ისევ გავლენიანი ძალაა, ხალიფატი არ გამოცხადებულა, არც ისრაელი განადგურებულა და ერაყში თეოკრატიის დამყარება ვერ მოხერხდა. 
 
ფოტო: REUTERS ©
ისლამს ამოფარებული იატაკქვეშა ტერორისტული ჯგუფები, ბინ ლადენის შემდეგაც, მსოფლიოსთვის დიდი საფრთხეა. მათ თავდასხმებს, ადამიანური მსხვერპლის გარდა, სახელმწიფოების ეკონომიკური ფუნქციონირებისა და მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლის შეფერხება შეუძლია. ახლო მომავალში აუცილებლად გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებიც ტერორისტული ბრძოლის ახალ ტაქტიკებს განავითარებენ. 
დღეს, მსოფლიო არაბულ გაზაფხულს, ანუ რევოლუციური ცვლილებების ტალღას იმედის თვალით აკვირდება, ათი ათასობით არაბი ახალგაზრდა, დიქტატორების წინააღმდეგ ხმას იმაღლებს. ისინი ეძებენ მმართველობის ახალ ფორმებს, რომელიც მათსავე ქვეყნებს, შუა საუკუნეების ჩრდილიდან გამოიყვანს და ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინსვლას უზრუნველყოფს. ეს ტერორიზმის, როგორც ბრძოლის მეთოდის, პოპულარობას ძირს უთხრის.  
 
ჯერონიმო ინდიელი აპაჩების ტომის ბელადი იყო, მექსიკისა და აშშ-ის წანააღმდეგ იბრძოდა. მისი ოჯახის წევრების უმრავლესობა მექსიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს. შურისძიების მიზნით მან შეიარაღებული რაზმი შექმნა და მექსიკელებსა და ამერიკელებს შეუტია. ინდიელებს შორის თავისი სიმამაცის და გაბედული ოპერაციების გამო სახელი გაითქვა, მას სულიერ ლიდერად აღიქვამდნენ. ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციისთვის ინდიელი ლიდერის სახელის შერჩევამ, სენატის ინდიელთა საკითხების კომიტეტში აღელვება გამოიწვია. კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტერორისტისთვის ინდიელი გმირის სახელის წოდება რასობრივ სტერეოტიპს ამყარებს.
ბინ ლადენის სიკვდილზე დიდი პოტენციური დარტყმა, არაბულ სამყაროში დემოკრატიული პოლიტიკის გავრცელებაა. თუ ამან გაამართლა, ალ-ყაიდა ფუნქციას დაკარგავს. Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბინ ლადენისადმი ნდობა მუსლიმურ ქვეყნებში შემცირდა. პაკისტანში, სადაც მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, ტერორისტული საქმიანობისადმი დადებითად განწყობილთა 52%-იანი (2005წ.) მაჩვენებელი, 2010 წლისთვის 18%-მდე ჩამოვიდა. მუსლიმთა უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ ისლამის ბინ ლადენური ვერსიის ქვეშ ცხოვრება აღარ სურს. აშშ-ის სადაზვერვოს ხელმძღვანელების მტკიცებით, ბინ ლადენმა ბოლო დროს, საკუთარ მიმდევრებს აგენტების დახმარებით, აბოტაბადის სამალავიდან გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა. ახსენებდა, რომ მათი სამიზნე აშშ იყო და არა ადგილობრივი რეჟიმები. ის მუსლიმებს მოუწოდებდა, თქვენი უფლებების დასაბრუნებლად და ერთიანობის მისაღწევად, შეძლებისდაგვარი სიმწვავით ამერიკას უნდა შეუტიოთო.
 
არაბული გაზაფხულის გაკვეთილი კი განსხვავებულ სურათს იძლევა: ტუნისელმა და ეგვიპტელმა ახალგაზრდებმა საკუთარი ერთიანობისა და უფლებების დასაცავად, ქუჩაში გამოსვლა არჩიეს. 
 
79 „ზღვის ლომი” და რამდენიმე ტყვია და ბინ ლადენის ლეგენდა დასრულდა. მაგრამ ერაყსა და ავღანეთში ორი ხანგრძლივი ომი, ერთ ტრილიონამდე დანახარჯი და დაახლოებით 150 ათასი ადამიანის სიცოცხლე, ერთი კაცის სიცოცხლისთვის მძიმე ხარკია.  

კომენტარები