Human Rights Watch ბინ ლადენის ლიკვიდაციას აკრიტიკებს

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის (HRW) აღმასრულებელმა დირექტორმა, კენ როთმა გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ფაქტთან დაკავშირებით გააკრიტიკა. სოციალურ ქსელ ტვიტერზე როთმა დაწერა, რომ ბან კი მუნის მიერ ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები ”არ იყო სწორი” . ”სამართლიანი არ არის მისი [ბინ ლადენის] მოკვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ’გამართლებული’ იყოს. არ ყოფილა სასამართლო პროცესი, არ ყოფილა მსჯავრის დადება,” დაწერა HRW-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბინ ლადენის ლიკვიდაცია შეაფასა, როგორც ”წყალგამყოფი მომენტი ჩვენს საერთო გლობალურ ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ.”  ბან კი მუნმა განაცხადა, რომ მან  ”შვებით ამოისუნთქა” იმის გამო, რომ ”სამართალი აღსრულდა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საერთაშორისო ტერორიზმის ლიდერი იყო.”

გარდა ბან კი მუნის მიმართ გამოთქმული კრიტიკისა, HRW-მ ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ”აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი იყვნენ, ამ მომენტიდან  [ბინ ლადენის ლიკვიდაციიდან] ახალი ფურცელი უნდა გადაშალონ და აღარ უნდა მიმართონ ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა წამება, სასტიკი მოპყრობა და სხვა სახის დარღვევები.” HRW-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბინ ლადენის სიკვდილმა ბოლო უნდა მოუღოს ”კონტრტერორიზმის სახელით ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევის საზარელ ფაქტებს.”

მოგვიანებით, ეს განცხადება HRW-ს ვებ გვერდიდან მოხსნეს და მის ნაცვლად შედარებით რბილი განცხადება გამოაქვეყნეს. ”როდესაც მსოფლიოს გარშემო მოქალაქეები თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ, ბინ ლადენის სიკვდილი გვახსენებს იმას, რომ ათასობით უდანაშაულო ადამიანი იტანჯება, როდესაც ტერორისტული ჯგუფები პოლიტიკური ცვლილებების მიღწევას სასტიკი გზებით ცდილობენ,” ვკითხულობთ კენ როთის განცხადებაში. 

კომენტარები