მიხეილ კალატოზიშვილის კინოავანგარდი

 ჯიმ შვანთე (მარილი სვანეთს)
 გამოშვების წელი: 1930
რეჟისორი: მიხეილ კალატოზიშვილი
სცენარის ავტორი: სერგეი ტრეტიაკოვი
ოპერატორები: შალვა გეგელაშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი
მხატვარი: დავით კაკაბაძე
ხანგძლივობა: 44 წუთი

28 აპრილს შეხვედრის ადგილი კვლავ ლიტერატურის მუზეუმი  და კვლავ 10-20-იანი წლების ბუსტროფედონის ფარგლებში ორგანიზებული ავანგარდული ფილმების ჩვენება იყო; სწორედ ამიტომ მიხეილ კალატოზიშვილი და სწორედ ამიტომაც „ჯიმ შვანთე“. როცა საქმე ქართულ „avant-garde-ს“ ეხება, ვინ, თუ არა „მოწინავე რაზმელი კალატოზოვი“ და რა, თუ არა მისი სვანეთის ტრაგედია (მარილი სვანეთს). თუკი ერთხელ მაინც მოჰკრავ თვალს მის კინოსამყაროს, მაშინვე მიხვდები, თუ რატომ უნდა წაუყენოს ასე მკაცრი და უკომპრომისო მოთხოვნები ქართულმა კინომ თავის თანამედროვეებს (რეჟისორებს).

კადრი ფილმიდან "მიფრინავენ წეროები"
ქართული ავანგარდული კინოჩვენებების ფარგლებში მაყურებელს საშუალება მიეცა, 30-იან წლებში გადაღებული „ფერწერული ტილო“ (გამომსახველობითი ღირებულებების გამო მისი პარალელი ფერწერასთან ურიგო არ იქნება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფილმის მხატვარი დავით კაკაბაძეა.) რეზო კიკნაძის მუსიკით ეხილა. რაც შეეხება მიხეილ კალატოზიშვილს, შეიძლება ბევრს არ ახსოვს,  რომ იგი ერთადერთი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რეჟისორია, რომლის ფილმიც „მიფრინავენ წეროები“ კანის ფესტივალის ოქროს პალმით დაჯილდოვდა. მის ფილმებს დღესაც აქტიურად ადევნებენ თვალს ამერიკულ კინოსკოლებში, უფრო მეტიც, კალატოზიშვილის გვიანდელი ფილმის „მე - კუბას“ საერთაშორისო საავტორო უფლებების მფლობელები ფრენსის ფორდ კოპოლა და მარტინ სკორსეზე არიან: ამერიკაში ამ ფილმზე რეჟისურისა და ოპერატორის ხელოვნებასაც კი ასწავლიან. როგორც იტყვიან, ყველაფერი „30-იანებიდან“ დაიწყო, მაშინ როდესაც 26 წლის რეჟისორი „ჯიმ შვანთეს“ შეეჭიდა. იგი თავადაა ფილმის რეჟისორიც და ოპერატორიც. “შესანიშნავად გადაღებულმა "ჯიმ შვანთემ" ქართველი მიხეილ კალატოზიშვილის ტალანტი გახსნა“, – ამბობს ჟორჟ სადული.

კადრი ფილმიდან "მიფრინავენ წეროები"
   ...როგორ ესხმის თავბრუ კამერას, როგორ ტრიალებენ სვანური კოშკები, როგორ ერთიანდება სამი თვალი: კამერის, მაყურებლის და პერსონაჟის.  ეს ე.წ. სუბიექტური  კამერის დამკვიდრების ტრადიციაა, რომელსაც კალატოზიშვილი „ ჯიმ შვანთედან“ იწყებს და „მიფრინავენ წეროებში“ აგრძელებს. ამ ორი ფილმის ანალიზისას ხაზს უსვამენ ერთიან ავტორისეულ ხედვას და იმას, რომ „წეროებში განახლებული და გადააზრებული იყო მუნჯი კინოს, სწორედ „ჯიმ შვანთეს“ ესთეტიკა. გოგი გვახარიამ ფილმის ჩვენებამდე გაკეთებულ წინასიტყვაობაში აღნიშნა, რომ „დღეს უკვე ყველა აღიარებს  "ჯიმ შვანთეს", როგორც ესკიზს "მიფრინავენ წეროებისა".“ მისი აზრით, მონტაჟური კინოს ეპოქაში, იმისათვის, რომ აზრი გამოგვეტანა, ორი კადრი უნდა შეჯახებოდა  ერთმანეთს, სწორედ ამ ორი კადრის შეჯახების იდეა უარყო მიხეილ კალატოზიშვილმა და როგორც თვითონ ამბობს, მხარი დაუჭირა კამერის სივრცეში მოძრაობას, კამერის თავისუფლებას.

ჩვენებაზე მისულმა მაყურებელმა, გარდა „ჯიმ შვანთესი“, კიდევ ერთი, მიხეილ კალატოზიშვილის ნაკლებად ცნობილი ფილმი „ლურსმანი ჩექმაში“ იხილა.    ქართული ავანგარდული კინოს რეტროსპექტივა კი ამით არ დასრულებულა. ის კიდევ ორ კვირას გაგრძელდება კოტე მიქაბერიძისა და მიხეილ ჭიაურელის ფილმებით.

6 მაისი, 18:00 
წინასიტყვაობა: თეო ხატიაშვილი
ჩემი ბებია
გამოშვების წელი: 1929
რეჟისორი: კოტე მიქაბერიძე
ოპერატორები: ანტონ პოლიკევიჩი, ვლადიმერ პოზნანი
ხანგძლივობა: 67 წუთი

12 მაისი, 18:00
წინასიტყვაობა: ლაშა ბაქრაძე
საბა
გამოშვების წელი: 1929
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი, მხატვრები: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე
ხანგძლივობა: 76 წუთი


 

 

კომენტარები