აღსარების თერაპია

არ აქვს მნიშვნელობა, მღვდლის ოლარის ქვეშ გაქვთ თავი მოდრეკილი თუ ფსიქოლოგის კაბინეტში კომფორტულ სავარძელზე წევხართ – თქვენ საუბრობთ. ეს ნიშნავს, რომ მეორე პირს ინტიმურ გარემოში თქვენს წუხილს ანდობთ. მართალია, უკანასკნელ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ, ტაძარში კი „მესამეც” სუფევს, მაგრამ აღსარებასა და ფსიქოთერაპიის სეანსს რაღაც საერთო ნამდვილად აქვს.

ახალი არ არის, რომ სტრესის, დაბნეულობის თუ დეპრესიის დროს, ადამიანებს სჭირდებათ ვიღაც, ვინც მათ მოუსმენს და რჩევას მისცემს. წარსულში ამ ფუნქციას წარმატებით ითავსებდა და ხშირად, დღესაც ითავსებს რელიგიური ინსტიტუტები. აღსარებაც ერთ-ერთი ანტისტრესული საშუალებაა – სულიერი გაწონასწორებულობისა და სიმშვიდის მოპოვების გზა. გარდა საეკლესიო საიდუმლოს რელიგიური დანიშნულებისა, სულიერ მოძღვართან საკუთარ ცოდვებზე საუბარი, ხშირად „აუცილებლად შესასრულებელი” როლიც ხდება. მავანს ეს გარშემომყოფებში სტატუსის გასამყარებელად სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, აღსარებაზე სიარული ზოგან ისეთივე მოდური ტენდენციაა, როგორც მდიდარ საზოგადოებებში – პირადი ფსიქოთერაპევტის ყოლა. სულიერი მოძღვრისა და ფსიქოლოგისათვის დარდის „ერთდროულად” გაზიარება კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

ზოგან პირადი ფსიქოლოგის ყოლის ტენდენცია იმდენად ძლიერია, რომ ფსიქოლოგიას ახალ რელიგიას, ფსიქოთერაპევტს კი ჩვენი დროის საერო მოძღვარსაც უწოდებენ. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე დასავლეთში ბედნიერების მთელი „მეცნიერება” განვითარდა. ფსიქოლოგებმა სასულიერო პირებისგან პრივილეგია გარკვეულწილად გადაიბარეს – მთავარ ცხოვრებისეულ კითხვებს უკვე ისინი პასუხობენ და საზღვრავენ, თუ როგორია „კარგი ცხოვრება”. ადამიანებმა ბედნიერების, მხიარულების, კმაყოფილების, სიყვარულის მიზეზების „მეცნიერულად” განსაზღვრა დაიწყეს. ბედნიერების ახალი კანონები ცხოვრების მთავარ საქმიანობებში მათ მოქმედებებს მართავს – იქნება ეს  სამსახური, ოჯახი თუ საზოგადოება. საბოლოოდ თერაპიის სეანსები, წიგნები თუ მრჩევლები უზარმაზარ ინდუსტრიად გვევლინება. ე.წ. პოპულარული ფსიქოლოგია ადამიანებს ყოველდღიურად აწვდის მათი ქცევების გამარტივებულ, არადამტკიცებად და არასწორად ინტერპრეტირებულ ახსნებს.
 
ფსიქოლოგებმა სასულიერო პირებისგან პრივილეგია გარკვეულწილად გადაიბარეს – მთავარ ცხოვრებისეულ კითხვებს უკვე ისინი პასუხობენ და საზღვრავენ, თუ როგორია „კარგი ცხოვრება”.
ამ თვალსაზრისით, პოპულარული ფსიქოლოგია ჩვენთვის ნაცნობ, პოპულარულ რელიგიას წააგავს, რომელიც, ჩვენს ყოველდღიურობაში, ანალოგიურად გვთავაზობს ქცევისა და განსჯის საყოველთაო, მზა წესებს. მეტიც, საქართველოში ფსიქოლოგს ხშირად მღვდელთან ან მეგობართან აიგივებენ. 
 
ზოგიერთ ფსიქოთერაპევტს მართლაც შესწევს ძალა, პაციენტთან სულიერი მოძღვრის როლი შეითავსოს. ისევე, როგორც სასულიერო პირს შეუძლია, თავის სულიერ შვილს ფსიქოლოგად მოევლინოს. მეტიც, აშშ-ში ფსიქოთერაპიის მეთოდებში სულიერებასთან დაკავშირებული მოტივების დანერგვა, საკმაოდ მძლავრი ტენდენციაა.
 
მაინც რა აკავშირებს აღსარების თქმასა და ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს, გარდა იმისა, რომ ორივე ცხოვრების რუტინული წესი ან მოდური ტენდენცია შეიძლება იყოს?
 
საბოლოო ჯამში, ფსიქოთერაპიისა და რელიგიური პრაქტიკის საერთო მიზანი ტანჯვის შემსუბუქებაა. რაღაც აზრით, ორივე მათგანი „სულის განკურნებას” ემსახურება. თუმცა ფსიქოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანი არა იმქვეყნიური სრულყოფილების, არამედ ამქვეყნიური კომფორტის მიღწევაა. სულიერი იდეალებისკენ რელიგიური სწრაფვა კი გამოჯანმრთელების გზაზე, ხშირად, თერაპევტული პერსპექტივიდან, დაბრკოლებად იქცევა.
 
ფსიქოთერაპიის სეანსის დროს, ისევე როგორც მოძღვართან ვიზიტისას, ადამიანს სიმართლის თქმა და ნეგატიური ემოციებისგან – შიშის, სიბრაზისა თუ წარსულის შეცდომებისგან გათავისუფლება შინაგან კომფორტს უქმნის. გარდა ამისა, ორივე პროცესისას, არა მარტო მღვდლის ან თერაპევტის მიმართ, არამედ საკუთარი თავისადმი ნდობაა მნიშვნელოვანი. სულიერმა შვილმა თუ პაციენტმა უნდა თქვას ის, რასაც რეალურად ფიქრობს ან გრძნობს – მხოლოდ ამ შემთხვევაში დამშვიდდება სული თუ ფსიქიკა. ფსიქოთერაპევტის შემთხვევაში ნდობის აშენებას მეტი დრო სჭირდება, მოძღვართან კი, როგორც წესი, მისდამი წინასწარვე ნდობით განმსჭვალულნი მიდიან.
 
მნიშვნელოვანია, რომ ორივე შემთხვევაში, ადამიანს კონფიდენციალობის გარანტია აქვს. ეს მას, საკუთარ თავზე საუბრისას, სირცხვილის გრძნობის, შიშის დაძლევას უადვილებს. ფსიქოლოგებს მკაცრად მოეთხოვებათ, დაიცვან პაციენტის კონფიდენციალობა. მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება, მკურნალობაში ჩართული სხვა პირებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს – მაგალითად, ფსიქიატრის ან წინა თერაპევტისთვის. 
 
გარდა ამისა, როდესაც ადამიანი ფსიქოლოგთან სეანსზე ან მღვდელთან აღსარების სათქმელად მიდის, ის გაგებასა და პატიებას მოელის. ფსიქოთერაპევტებისთვის, პაციენტის მიმართ არაკრიტიკული განწყობა, ოქროს წესია. მან არამც და არამც არ უნდა შეითავსოს მოსამართლის როლი. იდეალურ შემთხვევაში, გასამართლება არც მოძღვრის კომპეტენციაში შედის, თუმცა პრაქტიკა ხშირად განსხვავებულია. 
 
თუ გვსურს, რომ მოძღვართან ან ფსიქოლოგთან ურთიერთობა დადებითი შედეგით დასრულდეს და სულიერი თუ ფსიქიკური შფოთი კიდევ უფრო არ გართულდეს, ადამიანს აუცილებლად სჭირდება მოტივაცია. მას თავად უნდა სურდეს ცოდვების მონანიება ან ფსიქოლოგიური ტრავმების გადალახვა. 
 
კიდევ ერთი რამ, რაც ფსიქოთერაპევტსა და მოძღვარს აერთიანებს, საკუთარი სტატუსის მუდმივი ხსოვნაა. წესით, პაციენტთან თუ სულიერ შვილთან გარკვეული დისტანცია ორივეს მოეთხოვება. ამიტომ, თუ საკუთარ ფსიქოლოგთან ერთად ხშირად სვამთ ყავას სამზარეულოში, ან მოძღვარს ზედმეტად გაუშინაურდით, ჩათვალეთ, რომ ეს მათთან დაახლოების თავდაპირველ მიზანს ნაკლებად შეესაბამება.
 
ამრიგად, საბოლოო ეფექტი, ისევე როგორც ადამიანის მოტივაცია, მსგავსია. განსხვავება მეთოდებშია. მაგალითად, თერაპიის დროს სეანსის შინაარსს პაციენტი განსაზღვრავს. თერაპევტი მას მიჰყვება და საკუთარი მიდგომიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მდგომარეობის შესაბამისად მოქმედებს. სასულიერო პირი სულიერ შვილს თავად უდგენს ქცევის წესსა თუ სანქციებს. გარდა ამისა, თერაპიული ურთიერთობის დროს ფსიქოლოგს მოეთხოვება, არ მოახვიოს პაციენტს საკუთარი რწმენა, მაშინ როცა მოძღვართან ვიზიტისას წინასწარი თანხმობა არსებობს.
ცხადია, კარგია, როდესაც ადამიანები დამთრგუნველი განცდებისგან გათავისუფლებას ახერხებენ. თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ რისკიც: შესაძლოა, ერთ დღესაც აღმოაჩინოთ, რომ სულიერ მოძღვარზე ან პირად ფსიქოლოგზე ზედმეტად დამოკიდებული ხართ. ამის შეცნობა ადვილად შეიძლება. მაგალითად, როდესაც მარტივ მოქმედებებს და ყოფით გეგმებს წინ უსწრებს ფრაზა – „ფსიქოლოგს ვკითხავ”, ან „მოძღვარს ვთხოვ, მაკურთხოს”, დროა, დაფიქრდეთ, რატომ გსურთ, ყველა მოქმედება სხვის მიერ იყოს ნებადართული.

კომენტარები