მზის ამაო მეტყველება

1970  წლების მიწურულს, ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველმა მდივანმა, ყველანი ასეთი ფრთიანი ფრაზით განაცვიფრა: მზე საქართველოში ჩრდილოეთიდან ამოდის. 

მზის ტრაექტორიის ეს არაბუნებრივი ცვლილება დღემდე დიდ ძმასთან მლიქვნელობის უნიკალურ, განუმეორებელ გამოვლინებად რჩება, თუმცა რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში საქართველოს პატრიარქმაც სოლარული მეტაფორა გამოიყენა და ასეთი რამ განაცხადა: მზის ამოსვლამდე მეზობლისკენ უნდა გაიხედო. 

ვცადოთ, ამ სენტენციის პოლიტიკური სემანტიკის დადგენა. 
 
ილია მეორე დაახლოებით ასეთ რამეს უნდა ამბობდეს: მანამდე, სანამ საქართველოში პოლიტიკური მზე ისევ ერთმორწმუნე ჩრდილოეთიდან ამობრწყინდება, ჩვენ, ბედის უკუღმართობის გამო პოლიტიკურად აღმოსავლურ-დასავლურ უკუნეთში გახიდულები, რელიგიურად მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლისკენ უნდა ვიცქირებოდეთ. მათგან უნდა მოვითხოვდეთ მოწყალებას.
 
თუ ამ კონტექსტში ჩავსვამთ უკვე გვიანი შევარდნაძის ფრაზასაც, რომ აფხაზეთის პრობლემის გასაღები რუსეთშია, მაშინ კიდევ უფრო ცხადი გახდება, რას გულისხმობს კათოლიკოსი მეზობლისკენ მიმართულ მზერაში.  
 
შევარდნაძის მსგავსად, ილია მეორისთვისაც საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის საკითხი რუსეთში წყდება, იქ წყდება საქართველოს ეკლესიის მთლიანობის ბედიც, რადგან თუკი რუსეთის ეკლესიამ გადაწყვიტა აფხაზეთის ავტოკეფალიის ცნობა ან სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების ინკორპორირება, მაშინ ცხადია, რომ ივერიის ეკლესიის სხეული დაირღვევა. 
 
მაგრამ თუ სხვა კუთხიდან შევხედავთ საკითხს და არა ფორმალურ, არამედ რეალურ ვითარებას მივიღებთ მხედველობაში, ვნახავთ, რომ აფხაზეთისა და ოსეთის უღიარებელ მართლმადიდებლურ გაერთიანებებთან დაკავშირებით ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუკი მოსკოვის საპატრიარქო მათ სცნობს, ხოლო საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკურ გეზს შეიცვლის.  
 
რეალური ვითარება იმგვარია, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთი უკვე კარგა ხანია, რაც ბოლომდე წარმართავს და აკონტროლებს რელიგიასაც და პოლიტიკასაც. ამ ფონზე საკუთარი თავის იმით დამშვიდება, რომ საეკლესიო ერთიანობა შენარჩუნებულია, უხეშად რომ ვთქვათ, ბლეფია. 
რუსეთისთვის „აღიარების” გზით წასვლა არახელსაყრელია. მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების მიერთება ანდა მათი დამოუკიდებლობის ცნობა, საერთაშორისო თავსატკივარის გარდა, იმასთანაც იქნება დაკავშირებული, რომ ეს საქართველოს საპატრიარქოს აიძულებს უფრო ხისტი პოზიცია გამოიმუშაოს მოსკოვის საპატრიარქოსადმი. ამას კი შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭერს მხარს და პოლიტიკური მართლმადიდებლობის რუკაზე რუსეთის შემაკავებელი ძალა გაჩნდება.
 
საბოლოო ჯამში კი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო კურსის შეცვლას, შერჩენილი რუსოფილიისა და საბჭოური ცნობიერების, როგორც პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური საფრთხის, მნიშვნელოვანი განეიტრალება მოჰყვება.
 
მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ აღდგომა ღამით, საქართველოს პატრიარქი გამობრძანდება აღსავლის კარიდან და მრევლს ქართულ, ბერძნულ და რუსულის ნაცვლად, აფხაზურ და ოსურ ენებზე ახარებს იესო ქრისტეს აღდგომას. ანუ საქართველოს ეკლესიის მეორე ენა რუსული კი არა, აფხაზური და ოსური გახდება. ამით საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის თანასწორუფლებიან წევრებად ოსები და აფხაზები პირველად იქნებიან აღიარებული.
 
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და მოსკოვის საპატრიარქოსთან სიბნელეში კი არ უნდა ჩურჩულებდეს და მათგან მოწყალებას ითხოვდეს, არამედ დღის შუქზე, ხმამაღლა და მკაფიოდ, მსოფლიოს გასაგონად ქართველების, აფხაზების, ოსების, მთელი კავკასიის მთავარი უბედურების – რუსული პოლიტიკური და რელიგიური იმპერიალიზმის შესახებ  უნდა მეტყველებდეს.
 
იგი მოკავშირეებს რუსეთსა და მოსკოვის სატელიტ მართლმადიდებელ ეკლესიებში კი არა, კონსტანტინოპოლში, რომსა და პროტესტანტულ სამყაროში უნდა ეძებდეს, ისევე როგორც ამას ერთი საუკუნის წინ საქართველოს ეკლესიის წმინდა პატრიარქები – კირიონი, ლეონიდე და ამბროსი იქმოდნენ. 
 
რეალობა ხომ არსებითად არ შეცვლილა – საქართველო 1920-იან წლებშიც და ახლაც, ისევ ოკუპირებულია. 

კომენტარები