გავიზიაროთ თუ გავუზიაროთ?

ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ მიერ დაქირავებული ექსპერტები, წლების მანძილზე საქართველოს მთავრობას საპენსიო რეფორმის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდნენ. თუმცა, ქვეყნის ყველა მთავრობის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მოუცლელობის ან სხვა მიზეზების გამო, მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს გადადგა უპასუხისმგებლო ნაბიჯი და სოციალური დაზღვევის იძულებითი სქემა დააკანონა. 2005 წელს ამ შეცდომის გამოსწორების მიუხედავად, საზოგადოებაში და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში დღემდე არსებობს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, თითქოს საპენსიო რეფორმა საქართველოში არ ჩატარებულა და რაღაც დროის შემდეგ ამ საქმისთვისაც უნდა მოვიცალოთ. ბოლოს, ორი კვირის წინ, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ სოციალური რეფორმის პროექტს ვაკრიტიკებდი. ამ უკანასკნელი ან მსგავსი შინაარსის საპენსიო რეფორმების მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, კრიტიკის ნაცვლად, ამჯერად მინდა კარგზე, ანუ ჩვენნაირი სისტემის უპირატესობაზე და პოტენციურ შესაძლებლობებზე მოვყვე.

თანამედროვე საპენსიო სქემები, პრინციპულად, ორნაირია. ერთ შემთხვევაში, შრომისუნარიანობის დროს ანუ ახალგაზრდობისას, ადამიანი იძულებულია საკუთარი შემოსავლის ნაწილის მოხმარებაზე უარი თქვას. ეს ნაწილი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ კერძო ან საჯარო ორგანიზაციას შესანახად უნდა მიაბაროს. დაგროვილი ფულის გამოყენება მას გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ შეეძლება და საკუთარ ფულს, რომელსაც უკან დაუბრუნებენ, პენსია ეწოდება. პენსიის მეორე ვარიანტი არ ითვალისწინებს ფულის დაგროვებას. ამ შემთხვევაში შრომისუნარიანი თაობა იძულებულია, კონკრეტულ მომენტში ქვეყანაში არსებული მოხუცების პენსიებისათვის საჭირო ფული გადაიხადოს იმ პირობით, რომ როდესაც მოხუცდება, მას შემდეგი თაობა დაუბრუნებს. ორივე შემთხვევაში, პენსიის ოდენობის გაანგარიშების წესები დგინდება სახელმწიფოს მიერ.

საკუთრების განკარგვის მესამე მხარის მიერ დადგენილი წესები შეუძლებელია ყოველთვის სამართლიანი იყოს. მაგალითად, ადამიანს შესაძლებელია დაგროვილი ჰქონდეს მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე გარდაიცვალოს და საკუთარი ფულით ვერ ისარგებლოს. მეორე შემთხვევაში, პენსიონერმა შესაძლებელია საშუალოზე ორჯერ მეტი იცოცხლოს და მიიღებს ფულს, რომელიც მას არ დაუგროვებია. ბუნებრივია, ტექნიკურად საპენსიო სქემები ბევრნაირია, მაგრამ ძირითადი შინაარსი არ იცვლება. 
 
ამ სქემების შემოქმედი მზრუნველი მთავრობების რწმენა შეიძლება ასე აღვწეროთ: ადამიანები შეიძლება უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, საკუთარი ფული დახარჯონ და სიბერეში უსახსროდ დარჩნენ. ღარიბი მოხუცების არსებობა რაღაცნაირად არასასიამოვნოა, ამიტომ დროულად ჯობია ვაიძულოთ ან საკუთარი ფულის ნაწილი შეინახონ ან ამჟამად მცხოვრები მოხუცებისათვის იმდენი ფული გამოვართვათ, რამდენიც სამართლიანად მიგვაჩნია. ვისაც ამ საკითხზე არ უფიქრია, ალბათ გაუკვირდება, მაგრამ ასეთ რწმენაზე დგას მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ე.წ. საპენსიო პოლიტიკა. 
 
ბუნებრივია, ადამიანებს უნდათ, მომავალი მათთვის ცნობილი იყოს. ამიტომ მთავრობის საპენსიო დაპირებების დაჯერება არ უჭირთ. მთავარი პრობლემა მომავლის პროგნოზირებაზე სახელმწიფოს პრეტენზიაა. არავის შეუძლია ადამიანებს დაჰპირდეს, თუ როგორი იქნება 30 წლის შემდეგ მისი შემოსავალი. დღეს უკვე არავისთვის დამალული არ არის, რომ ჩვენთვის მისაბაძმა ვერც ერთმა დასავლურმა ქვეყანამ მომავლის პროგნოზი სწორად ვერ გააკეთა.
 
მსოფლიოში საპენსიო სისტემის მასობრივად შემოღების ან არსებული სქემების გაფართოების დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდუქტიულ ასაკში გახლდათ, მოხუცების რაოდენობა  მცირე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლები იყო. ახალგაზრდების წილის ზრდა მთელ მოსახლეობაში ეგრეთ წოდებული ბეიბი ბუმერების თაობამ, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში (1946-1964) გაზრდილმა შობადობამ გამოიწვია.
 
განვითარებულ ქვეყნებში შეიქმნა ილუზია, თითქოს ბევრი დასაქმებულის მიერ ცოტა მოხუცებულის შენახვა მარტივი ამოცანა იქნებოდა, რადგან შრომისუნარიანი ასაკის (20-64) ადამიანებისა და მოხუცების (65-ს ზემოთ) თანაფარდობა 70 წლის წინ იყო 7,2:1. თუმცა 30 წლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და გახდა 5,1:1, დღეს OECD-ს ქვეყნებში თანაფარდობა 4,1:1-ია. ევროპაში ეს მაჩვენებელი უკვე 3,5:1-მდე ჩამოვიდა და პროგნოზის მიხედვით 2050 წელს 1,8:1 იქნება. პრობლემას, ერთი მხრივ, ძალიან პოზიტიური ამბავი – სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ამწვავებს. თუ 50 წლის წინ ევროპელ პენსიონერს საშუალოდ 20 წლის მანძილზე უნდა მიეღო პენსია, დღეს საპენსიო წლები 32-მდე გაიზარდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით საქართველო განვითარებული ქვეყნებისაგან დიდად არ განსხვავდება.
 
ამ მიზეზების გამო სახელმწიფოების პროგნოზები არ გამართლდა. მოხუცებულებისათვის პოლიტიკოსების მიერ ათწლეულების წინ დაპირებული შემოსავლების გადახდა დღევანდელ თაობას იმდენად უჭირს, რომ ქვეყნების საბიუჯეტო დეფიციტის და ეკონომიკური არასტაბილურობის მიზეზებში მთავარი ადგილი უჭირავს. 
 
თუმცა რეალობას ბოლომდე ვერავინ გაურბის და ევროპულ ქვეყნებს ორი გზა რჩებათ. მათ ან კიდევ უფრო უნდა გაზარდონ ახალგაზრდა თაობის გადასახადები ძველი დაპირებების შესასრულებლად, ან უარი უნდა თქვან მათზე, შეკვეცონ პენსიები და საპენსიო ასაკი გაზარდონ. ორივე გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურად რთულია. ერთი მხრივ გასაგებია, რომ გადასახადების შემდგომი მატება, გამძაფრებული საერთაშორისო კონკურენციის პირობებში, ევროპული ქვეყნების ეკონომიკებს დააზარალებს. მეორე მხრივ, თანამედროვე დემოკრატიაში ასაკოვანი ადამიანები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა გახდა. უკეთესი ჯანმრთელობა და მეტი თავისუფალი დრო მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ პოლიტიკურად უფრო აქტიურები, ვიდრე გადასახადების გადამხდელი თაობაა.
 
ზუსტად ამ ფაქტორების გამო, საქართველოს სტაბილური განვითარებისათვის ჩვენებური საპენსიო სქემა საუკეთესოა. აღწერილი პრობლემების უმრავლესობა ქართულ საპენსიო სისტემასთან საერთოდ არ არის კავშირში. ჩვენი საპენსიო სისტემა მთელ მოსახლეობაზე თითქმის თანაბრად ანაწილებს მოხუცებულების შენახვის ტვირთს. არ გვაქვს აღებული მომავალი საპენსიო ვალდებულება და ვხარჯავთ იმდენს, რამდენის დახარჯვის შესაძლებლობასაც ეკონომიკური განვითარება გვაძლევს. 
 
დასავლური ტიპის საპენსიო რეფორმის ენთუზიასტების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ საყოველთაოდ გავრცელებული განმარტების შესაბამისად, პენსიას მოხუცებულობაში სიღარიბისაგან დაცვის და შრომისუუნარობის გამო შემოსავლების მკვეთრი დაცემის შერბილების დანიშნულება აქვს. ჩვენს საპენსიო სისტემას პირველი ამოცანის გადაჭრა ნებისმიერ დროს შეუძლია, მეორე ამოცანა ფაქტობრივად დაუგეგმავად წყდება. 2004 წელს პენსია იყო საქართველოს მოქალაქეების საშუალო შემოსავლის 7,4%, 2010 წელს მხოლოდ ასაკის გამო პენსიამ 24,7%, ხოლო ასაკისა და სიღარიბის პენსიამ ერთად 32%-ს მიაღწია. ეს იმ პირობებში, როდესაც საპენსიო ხარჯების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში უმნიშვნელოდ შეიცვალა. 
საინტერესოა, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ოჯახების 20%-ში 135 ათასი მოხუცი  ცხოვრობს, ხოლო ყველაზე ღარიბ 20%-ში – ორჯერ ნაკლები, 74 ათასი პენსიონერი. ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენი საპენსიო სისტემა მოქნილია და აწმყოში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, შეგვიძლია, მოხუცების საერთო რაოდენობიდან გამოვყოთ ღარიბი ნაწილი და სიღარიბის გამო საპენსიო პაკეტი ისე გავუზარდოთ, რომ საპენსიო ხარჯები ეკონომიკის მთლიანი ზრდის შესაბამისი იყოს.
 
ჩემთვის უცნობია საპენსიო სისტემა, რომელსაც დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში ასეთი პროგრესი ეჩვენებინოს, ეკონომიკაზე ტვირთის ერთ დონეზე შენარჩუნების პირობებში. თქვენთვის? 

კომენტარები