ლადო გურგენიძის დახმარებით რუანდის ბანკი წარმატებას აღწევს

რუანდის ბანკი Kigali, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სტაბილურად იზრდება და ფართოვდება. გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე, წარმატებას Kigali, პირველ რიგში, ორგანიზებულ და ეფექტიან მენეჯმენტს მიაწერს. ბანკის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ლადო გურგენიძეა.

Kigali-მ ლადო გურგენიძე თავმჯდომარედ 2009 წლის ოქტომბერში აირჩია. შარშან მისი აქტივები 29%-ით გაიზარდა. ბოლო 18 თვის მანძილზე, ბანკმა 15 ახალი ფილიალი გახსნა. დღეს ის 70 ათას ინდივიდუალურ მომხმარებელს ემსახურება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში, კლიენტთა ბაზის ნახევარ მილიონამდე გაფართოებას გეგმავს. Kigali-ს ამბიციებს ლადო გურგენიძე Bloomberg-თან ინტერვიუში აჯამებს: „ბანკი, ამა თუ იმ ფორმით, მუდმივად უნდა ემსახურებოდეს ყოველ ფრანკს, რომელსაც ამ ქვეყანაში გამოიმუშავებენ, ინახავენ ან ხარჯავენ”.
 
ამავე ინტერვიუში, ლადო გურგენიძე რუანდის საბანკო სექტორისთვის საქართველოს საბანკო ინდუსტრიის მსგავს ზრდას პროგნოზირებს: „საქართველოში საბანკო აქტივების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 50%-ია. 2003 წელს იგივე მაჩვენებელი 15% იყო. ამ პერიოდში საბანკო აქტივები 600 მილიონიდან 6 მილიარდამდე გაიზარდა”. მთავარი პრობლემა კი რუანდაში ნაკლებად განვითარებული საბანკო კულტურაა – საბანკო ანგარიში ათიდან მხოლოდ ერთ მოქალაქეს აქვს. სულ ქვეყანაში 11.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

კომენტარები