ახალი კანონი ბერლუსკონის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში დაეხმარება

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონპროექტი,რომელიც ქვეყნის პრემიერ მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის, სავარაუდოდ, რამდენიმე სასამართლო პროცესისგან თავის დახსნის საშუალებას მისცემს. კერძოდ, საუბარია საქმეზე, რომელიც პრემიერის წინააღმდეგ თავისი ადვოკატის მოსყიდვის ბრალდებით აღიძრა. მას სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემაშიც ადანაშაულებენ. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას იტალიის სენატი დაამტკიცებს. სენატში ბერლუსკონის პარტია უმრავლესობაშია.

კანონპროექტი სასამართლო პროცესების ვადების შემცირებას ითვალისწინებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ადრე ნასამართლევი არ არიან. იტალიის პარლამენტის გადაწყვეტილება კანონპროექტის დამტკიცების შესახებ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მკაცრად გააკრიტიკეს. მათი თქმით, ბერლუსკონი ხელისუფლებაში სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ კანონთან დაკავშირებული პრობლემები აერიდებინა. ”ჩვენ უნდა ავუხსნათ ხალხს, თუ რა სამარცხვინოა ეს ზომები,” განაცხადა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ლიერლუიჯი ბრესანიმ.

იტალიელებმა კანონპროექტის მიღება რომში, პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ახალი კანონი რამდენიმე მნიშვნელოვან სასამართლო პროცესს დააყენებს საფრთხის ქვეშ. მათ შორის არის 2009 წელს მომხდარი სატვირთო მატარებლის კატასტროფის საქმე, რომელსაც 32 ადამიანი ემსხვერპლა.

ტელეკომპანია ევრონიუსის ცნობით, ახალი კანონპროექტის მიუხედავად, იტალიის პრემიერ მინისტრს მაინც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა. საქმე ეხება სამართალდამცველების ბრალდებებს, რომ ბერლუსკონი არასრულწლოვან მეძავს სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ ფულს უხდიდა. ეს იტალიაში კანონდარღვევად ითვლება და 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. 74 წლის პრემიერი ბრალდებებს უარყოფს, და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია პოლიტიკურად არის მოტივირებული.  ამასთანავე, ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის თანამდებობას 2013 წელს დატოვებს და ახალი ვადით თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს. 

კომენტარები