#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/al.png##fbimage#
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ავიგდორ ლიბერმანს გენერალური პროკურატურა ბრალდების პროექტს ხვალ წარუდგენს. ლიბერმანს ბრალს სდებენ ფინანსურ მაქინაციებში, ფულის გათეთრებაში, დოკუმენტების გაყალბებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.გენერალური პროკურატურის წერილის მიღების შემდეგ ლიბერმანი არ არის ვალდებული თანამდებობა დატოვოს, რადგან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ფორმალურად ბრალს მხოლოდ მას შემდეგ წაუყენებენ, რაც წერილს ლიბერმანის ადვოკატები გაეცნობიან. ისრაელის გენერალური პროკურატურა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ბრალის წაყენებას ქრთამის აღებისთვისაც აპირებდა, თუმცა ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ სამართალდამცველებმა დაასკვნეს, რომ ამისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
ლიბერმანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2006 წლის აპრილში აღიძრა. სამართალდამცველების მტკიცებით, მაშინ, როცა ლიბერმანი ქნესეთის წევრი და ეროვნული ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, ის ბიზნესითაც იყო დაკავებული, რაც ისრაელში კანონდარღვევად ითვლება.




