პოლონელები სმოლენსკის კატასტროფის ადგილზე მემორიალური დაფის შეცვლას აპროტესტებენ

პოლონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა სმოლენსკის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალის ფონზე მიმდინარეობს.  გასულ წელს  სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ნათესავების ინიციატივით  შემთხვევის  ადგილზე მემორიალური დაფა დაიდგა. დაფაზე ეწერა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონური დელეგაცია მიემგზავრებოდა  იმ პოლონელი ოფიცრებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც საბჭოთა გენოციდის მსხვერპლი გახდნენ. 10 აპრილს ავიაკატასტროფის წლისთავის აღსანიშნავად სმოლენსკში ჩასულ ნათესავებს წარწერა შეცვლილი დახვდათ. ახლა შემთხვევის ადგილზე დგას რუსულ და პოლონურ ენებზე შესრულებული დაფა, წარწერით: ”ეძღვნება 2010 წლის 10 აპრილს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპულ  96 პოლონელს და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნას.”

მემორიალური დაფის შეცვლამ პოლონეთში უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.  ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და სხვა ოფიციალური პირების წლისთავის აღნიშვნა საპროტესტო მოწოდებებში გადაიზარდა. პოლონელი ხალხის უკმაყოფილებას დაღუპული პრეზიდენტის ძმა, იაროსლავ კაჩინსკიც შეუერთდა. მან ოფიციალურ სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. მემორიალური დაფის შეცვლის გამო პოლონელები ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისგან, ბრონისლავ კომოროვსკისგან  დმიტრი მედვედევათან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას მოითხოვდნენ. 

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაგეგმილ სამგლოვიარო ღონისძიებაში პრეზიდენტი კომოროვსკი მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ის მემორიალურ დაფას  გვირგვინით არ შეამკობს. მას შემდეგ,  რაც მოსკოვი ”უტაქტო საქციელსა” და ”ჭირისუფალთა ნების იგნორირებაში” დაადანაშაულეს, რუსულმა მხარემ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი მემორიალური დაფა კატასტროფის ადგილზე ოფიციალურ უწყებებთან შეუთანხმებლად დაიდგა და მხოლოდ პოლონურ ენაზე იყო. რუსი ოფიციალური პირების თქმით, ვინაიდან რუსეთის სახელმწიფო ენა რუსულია, ყველა წარწერა რუსულად უნდა იყოს შესრულებული. მემორიალური დაფის შეცვლა კრემლმა სწორედ ამ გარემოებით ახსნა.  თუმცა, პოლონელების უკმაყოფილება არა რუსულენოვან წარწერას, არამედ ტექსტის შეცვლას უკავშირდება. 

2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან, თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთის დელეგაცია 1940 წელს კატინში მომხდარი ტრაგედიის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად მიემგზავრებოდა.  მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელ კატინთან საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა  პოლონელი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს. 

კომენტარები