ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელიც გულგრილია საკუთარი გარემოს დაბინძურებისა თუ მომაკვდავი ცხოველების გამოსახულებების მიმართ. თუმცა ათწლეულებია, ეკოლოგიური პრობლემებისადმი ელექტორატის მგრძნობიარობა პოლიტიკური ქულების დაგროვების ცინიკურ ინსტრუმენტად იქცა. პოლიტიკოსები გარემოსდაცვით პრობლემებს აბუქებენ, მითებად აქცევენ, სათავისოდ იყენებენ და მთელ მსოფლიოს თვალში ნაცარს აყრიან. 2007 წელს, როდესაც ნობელის კომიტეტი ალ გორს პრემიას გადასცემდა, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ გლობალური დათბობის დოქტრინისგან მხოლოდ ბიუროკრატიული ქაღალდების გროვები შეგვრჩებოდა.
2006 წელი „მწვანე” რელიგიის ოქროს ხანად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ამ წელს გამოვიდა ოსკაროსანი ფილმი „უხერხული სიმართლე”, რომელმაც გლობალური აუდიტორია თავისი წინასწარმეტყველებით ააფორიაქა – ნიუ იორკს და მაიამის უახლოეს მომავალში 7 მეტრის სიმაღლის წყალი დაფარავდა.
სხვადასხვა ქვეყნებში გარემოს მდგომარეობას და მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელი პოლიტიკას, იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფი, 2006 წლიდან იკვლევს. კვლევა 25 ინდიკატორს ეყრდნობა, რომლებიც 2 ძირითად ჯგუფში ერთიანდება – ჯანსაღი გარემო და ეკოსისტემის მდგრადობა. უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველო, 163 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზეა. რეგიონში საქართველო უშუალო მეზობლებს – თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს – საშუალოდ 14 ადგილით უსწრებს.
2006 წელი „მწვანე” რელიგიის ოქროს ხანად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ამ წელს გამოვიდა ოსკაროსანი ფილმი „უხერხული სიმართლე”, რომელმაც გლობალური აუდიტორია თავისი წინასწარმეტყველებით ააფორიაქა – ნიუ იორკს და მაიამის უახლოეს მომავალში 7 მეტრის სიმაღლის წყალი დაფარავდა.
ეს, სულ მცირე, 10 „მეცნიერული” ტყუილიდან ერთ-ერთი იყო – განაჩენი სასამართლომ გამოიტანა. სასამართლო გარჩევის საბაბი 30 ათასი მეცნიერის საჩივარი გახდა, რომლებმაც დოკუმენტური ფილმის სკოლებში ჩვენების აკრძალვა მოითხოვეს. ფილმი არ აკრძალულა, თუმცა სათანადო ახსნა-განმარტების გარეშე, სასამართლომ ამ ფილმის ჩვენება მიზანშეუწონლად ჩათვალა. მეცნიერებმა ფილმში აღწერილ „აპოკალიპტურ ხედვას” პოლიტიზებული, ხოლო კლიმატური ცვლილებების ანალიზს მიკერძოებული უწოდეს. ტყუილს კი მეცნიერული სიმართლე დაუპირისპირეს – წყლის დონის მატება 7-მეტრიან ნიშნულს მხოლოდ ათასწლეულის შემდეგ მიაღწევდა. ეს ვადა „უახლოესი მომავლის” კატეგორიაში დროის მეცნიერული საზომითაც ვერ მოხვდა.
"იყო დრო, როცა მთავრობის მთავარი მიზანი ეკონომიკური ზრდა იყო. ახლა მთავარია კეთილდღეობა, თანასწორობა და გარემოზე ზრუნვა." გორდონ ბრაუნი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 2007-2010 წწ.
ფილმის გამოსვლიდან 12 თვეში, თემა მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა აიტაცეს. რა შეიძლება იყოს იმაზე კეთილშობილური, ვიდრე მთელი პლანეტის გადარჩენაა?! ანგელა მერკელმა, რომელსაც გერმანულმა მედიამ „კლიმატის კანცლერი” შეარქვა, 2020 წლამდე ევროპაში გამონაბოლქვის დონის 20%-ით შემცირების საჯარო პირობა დადო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა, რომლისთვისაც კლიმატის ცვლილება ფაშიზმის ტოლი ბოროტება იყო, 2050 წლამდე ზღვარი 60%-მდე ასწია. 2007 წლის დეკემბერში კი მსოფლიოს, პირველი „მწვანე” ლიდერი გამოუჩნდა: ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კევინ რუდმა პოსტი სწორედ „ეკოლოგიურად სუფთა” პლატფორმით მოიპოვა.
2008 წელს გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა პრიორიტეტები შეცვალა: გარემოსდაცვით პოლიტიკაზე მომგებიანი, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება გახდა.
მაგალითად, ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Gallup-ის 25-წლიან ისტორიაში, 1985-2002 წლებში გარემოს დაცვა უფრო პრიორიტეტული იყო. 2002 წლიდან პასუხები პროცენტულად თითქმის თანაბრად იყოფოდა. 2007-2008 წლებში კი, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობისთვის ეკონომიკური ზრდა, გარემოს დაცვასთან შედარებით, მთელი 15%-ით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. Gallup-ი 25 წლის მანძილზე ამერიკელებს ერთ კითხვას უსვამდა: რა უფრო მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვა თუნდაც ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე, თუ ეკონომიკური ზრდის მიღწევა იმ შემთხვევაშიც, თუ ამით გარემოს საფრთხე დაემუქრება?
საზოგადოებრივი აზრის სხვა არაერთი კვლევითაც დასტურდება, რომ გლობალურად, ამომრჩეველთა უმეტესობას სჯერა, რომ ეკონომიკური ზრდით ორივე შესაძლებელია – ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნის მიღწევა მაშინ, როცა გარემოსდაცვითმა პოლიტიკამ შეიძლება ეკონომიკა დაამახინჯოს.
გერმანიის მზის ენერგიის სუბსიდია, მაგალითად, მომხმარებლებს 125 მილიარდი დოლარი უჯდებათ, თუმცა ქვეყნის ენერგეტიკაში მისი წილი 0.25%-ს ვერ ცდება. ბიოსაწვავზე დახარჯული თანხაც იგივე სუბსიდიაა სოფლის მეურნეობის დარგში – წლიური 20 მილიარდი დოლარი, რასაც გამონაბოლქვის შემცირებაზე ეფექტი პრაქტიკულად არ აქვს.
გერმანიაში, მწვანე ინიციატივების პროგრამა ერთ-ერთი პირველი იყო იმ ხარჯების სიაში, რომლებიც ანგელა მერკელმა, ქამრების მოჭერის პოლიტიკის ფარგლებში, გაანახევრა. აშშ-ში, ბარაკ ობამა ბოლო პერიოდში ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას აღარ ახსენებს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი კევინ რუდი კი პირველი „მწვანე” ლიდერი აღმოჩნდა, რომელმაც პოსტი იმიტომ დაკარგა, რომ მაღალფარდოვანი მიზნების პრაქტიკაში გატარება ვერ მოახერხა.
საქართველოს მიერ არჩეული, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ლიბერალური კურსი, როგორც ჩანს, რეგიონში მის 4-წლიან ეკოლოგიურ ლიდერობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
გარემოს დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, როგორც წესი, მკაცრ რეგულირებას გულისხმობს. ამ მიდგომის მთავარი პრობლემა იმის დაშვებაა, რომ გარემოს მეტად დაცვისთვის, ეკონომიკური ზრდა უნდა შემცირდეს, გარკვეული დროის შემდეგ კი ეკოლოგიურად სუფთა გარემო ერთ სულზე შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მიერ შედგენილ ეკოლოგიურ რეიტინგში საქართველოს დინამიკის ანალიზიც ამას ადასტურებს.
სხვადასხვა ქვეყნებში გარემოს მდგომარეობას და მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელი პოლიტიკას, იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფი, 2006 წლიდან იკვლევს. კვლევა 25 ინდიკატორს ეყრდნობა, რომლებიც 2 ძირითად ჯგუფში ერთიანდება – ჯანსაღი გარემო და ეკოსისტემის მდგრადობა. უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველო, 163 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზეა. რეგიონში საქართველო უშუალო მეზობლებს – თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს – საშუალოდ 14 ადგილით უსწრებს.
კვლევის ანგარიში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. ეკოლოგიური რეიტინგის მიხედვით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2008 წელს – მსოფლიოში 37-ე ადგილი – ჰქონდა. ამ წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2.3% შეადგინა. 2006-2007 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. შარშან ეკონომიკური მატება 2-ჯერ ნაკლები – 5.5% იყო. 2009 წელს კი – გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენით, ქვეყნის ეკონომიკა 3.9%-ით დაეცა. შემცირების მიუხედავად, საქართველოს ადგილი რეიტინგში მაინც გაუარესდა.
2010 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საშუალოდ 1.8-ჯერ ნაკლებია. ეს წინა წლებთან შედარებით, საშუალოდ, თითქმის იგივე მაჩვენებელია. თუმცა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკოლოგიური რეიტინგის მიხედვით, საქართველო სომხეთზე 1.1-ჯერ, აზერბაიჯანზე – 1.4-ჯერ, თურქეთზე – 1.3-ჯერ, ხოლო რუსეთზე 1.2-ჯერ წინაა.
გამოდის, რომ საქართველო ორივე დაშვებას – ნაკლები ეკონომიკური ზრდა, უკეთესი მაჩვენებელი და მეტი სისუფთავე, მეტი შემოსავალი – ეწინააღმდეგება.
იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების ანგარიში ასეთ შეუსაბამობებს იმით ხსნის, რომ ხშირად რეიტინგში ქვეყნის ეკოლოგიურ წარმატებას გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა განსაზღვრავს და არა შემოსავალი, ან სხვა ფაქტორები. ეფექტიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემთხვევაში სახელმწიფო „იცავს” იმ რესურსებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური ზრდისათვის, თუმცა მათი აქტიური მოხმარებაც გარემოს მდგრადობას საფრთხეს უქმნის – სახელმწიფომ ხელოვნურად უნდა შეზღუდოს ეკონომიკური ზრდა. საქართველო ამ მხრივაც გამონაკლისია. ის მსოფლიოში რეგულაციებისგან თავისუფალი, ლიბერალური მიდგომით არის ცნობილი. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა ქვეყანა ნომერ პირველ რეფორმატორად დაასახელა.
ლოგიკურია დავუშვათ, რომ რაც უფრო მდიდარია საზოგადოება, მით მეტი დრო აქვს, თვითგადარჩენის გარდა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც დაფიქრდეს – მათ შორის, გარემოზე. მდიდარ ქვეყანას შეუძლია მეტად დააფინანსოს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული კვლევები, რაც დააჩქარებს მათი განვითარებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ამ შემთხვევაში „ბინძური” და მოძველებული – ახალი და სუფთა ტექნოლოგიებით ისე ჩანაცვლდება, რომ ზედმეტ ტვირთად არც გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს და არც ბიზნესს არ დააწვება. მეტიც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიის ტრანსფერი დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდასაც წაახალისებს.
იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ მსოფლიო ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა, 2008 წელს იყო – 100-დან 72.5 ქულით. 2006 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.1-ჯერ, 2010 წელთან შედარებით კი – 1.3-ჯერ მეტია. 2008 წელს მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით, 1.2-ჯერ, 2010 წელთან შედარებით კი – 1.3-ჯერ უფრო მეტია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესის წარმოება რთულია, შეუძლებელია: რეგულაციები ინვესტორს, სულ მცირე, დროსა და ფულს ართმევს. ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგში საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზეა. ის თავის ყველა მეზობელ ქვეყანაზე წინაა, საშუალოდ 48 ადგილით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და, შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის ეკონომიკურ თავისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკური თავისუფლების პირობებში მოთხოვნა-მიწოდებას ბაზარი და არა მთავრობა არეგულირებს. ბაზრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო სამართლიანია, რადგან ის წარმოებისა და მოხმარებისთვის არსებულ მწირ რესურსებს მიკერძოებით არ ანაწილებს. ამდენად, ეკონომიკური თავისუფლება ინვესტორისთვის უკეთ წარმოაჩენს ქვეყნის ყველა ეკონომიკურ შესაძლებლობას, რაც სტაბილური ეკონომიკური ციკლის წინაპირობა ხდება – მეტი ინვესტიცია, მეტი ინოვაცია, დინამიკური ეკონომიკური ზრდა, მეტი კეთილდღეობა. ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, საქართველო ყველა თავის მეზობელ ქვეყანაზე წინაა, საშუალოდ 44 ადგილით.
საქართველოს მიერ არჩეული, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ლიბერალური კურსი, როგორც ჩანს, რეგიონში მის 4-წლიან ეკოლოგიურ ლიდერობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ამ დაშვებას საერთაშორისო კვლევების უმეტესობაც ამყარებს: ეკონომიკური ზრდის საწყის ეტაპზე (სანამ საშუალო შემოსავალს დაბალი ნიშნულიდან დაძვრა უწევს) გარემო შეიძლება მართლაც დაზარალდეს, თუმცა ეკონომიკური ზრდის გარკვეულ ეტაპზე (როცა საშუალო შემოსავალი სტაბილურად მაღალ ნიშნულს აღწევს), გარემოს დაბინძურების ხარისხი თანდათანობით მცირდება. გამოდის, რომ გარემოს სერიოზული დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა, სწორედ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნებაა.




