შემდეგი?

მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ლიბიაში განვითარებული მოვლენებისკენაა მიპყრობილი, სირიაში დაძაბულობა დღითი დღე იზრდება. რამდენიმე კვირაა, ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითხოვენ. თუმცა პრეზიდენტმა 30 მარტს პარლამენტის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში დემონსტრანტებს იმედები გაუცრუა და გადადგომაზე უარი განაცხადა.  

 მიუხედავად ხალხში გაჩენილი ოპტიმისტური მოლოდინებისა, პრეზიდენტი ალ-ასადი კომპრომისზე არ წავიდა და კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ ძალაში დატოვა. ეს კანონი ქვეყანაში 1963 წლიდან მოქმედებს და მისი გაუქმება მომიტინგეთა ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა. ალ-ასადის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი კონსპირაციის შესახებ მსჯელობას დაეთმო: “მტრებს სირია მიზანში ჰყავთ ამოღებული”... [და] “ეს ტესტია ჩვენი ერთიანობისათვის”. პრეზიდენტმა რეფორმების შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს საპროტესტო ტალღის ზეწოლის შედეგი არ იქნება.

ფოტო: Reuters ©
არაბული სამყაროს სხვა ქვეყნების მსგავსად, სირიაში ამბოხების მთავარი მიზეზები უმუშევრობა, რეჟიმის ავტორიტარულობა და კორუფციის მაღალი დონე იყო. სირია სეკულარული ქვეყანაა, სადაც 1963 წლიდან ძალაუფლება სოციალისტური პარტია ბაასის ხელშია. Freedom House-ის მონაცემებით მოქალაქეთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით სირია არათავისუფალ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება. ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით Heritage Foundation-ის რეიტინგში ის 140-ე პოზიციას იკავებს. ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმია გავრცელებული. კორუფციის დონის მიხედვით Transparency International-ის 2009 წლის მონაცემებით იგი 180 სახელმწიფოდან 126-ე ადგილს იკავებს. ეკონომიკურ ძალაუფლებას ალ-ასადის მილიარდერი ბიძაშვილი, რემი მახლოუფი ფლობს. მას, კორუმპირებულობის გამო, ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციის დროს, ამერიკაში ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება შეუზღუდეს. დამოუკიდებელი ბიზნესი აქ თითქმის არ არსებობს, როგორც ამბობენ – სირიაში ერთი ადამიანის ეკონომიკაა. 
 
CIA-ს მონაცემებით მოსახლეობის 56% ქალაქებში ცხოვრობს. მაშინ, როცა უმუშევრობის დონე 8.5%-ს აღემატება (Heritage Foundation), ხოლო დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დღეში 2 აშშ დოლარია, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოშობს. 
 
ფოტო: Reuters ©
პროტესტის აგორების კიდევ ერთ მიზეზად ხელისუფლების უუნარობა იქცა, როცა მან გადაწყვიტა ახალგაზრდების მოთხოვნებზე ეპასუხა. საზოგადოებაში წიგნიერების დონის გაზრდამ (79.6%, CIA) ახალი თაობის პროცესებისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენებით შთაგონებულმა ახალგაზრდობამ გააცნობიერა და მოითხოვა დემოკრატიული ცვლილებების აუცილებლობა. მოსახლეობის საშუალო ასაკის გათვალისწინებით (21.9, CIA) საპროტესტო მუხტი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
 
სირიის რევოლუციური ტალღა რეგიონის მსგავსი მოვლენებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რევოლუციური ეიფორია სირიაში, შეგვიძლია, რამდენიმე ეტაპად დავყოთ: ტუნისისა და ეგვიპტის წარმატებული რევოლუციების შემდეგ, გაჩნდა ვერსია, რომ დომინოს პრინციპით, იგივე სცენარი დამასკოშიც განვითარდებოდა. თუმცა 4-5 თებერვლის „მრისხანების დღის”, 17-23 თებერვლის ვერშემდგარი მასობრივი პროტესტის (17 თებერვალს შეიკრიბა 500 ადამიანი, ხოლო 23 თებერვალს ლიბიის საელჩოსთან სოლიდარობის აქციაზე – მხოლოდ 200 ადამიანი) შემდეგ „დომინის პრინციპი” ახალმა თეორიამ ჩაანაცვლა. მას „სირიული გამონაკლისი” უწოდეს. ეს ყველაფერი იმანაც განაპირობა, რომ ხელისუფლებამ „ეგვიპტური გაკვეთილები” გაითვალისწინა.
 
ფოტო: Reuters ©
თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, წინა პლანზე კვლავ დომინოს თეორია წამოსწია. ყველაზე რეალური საფრთხე, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბაასისტურ ხელისუფლებას, სირიის მუსლიმური საძმოსგან ემუქრება. სირიაში ხელისუფლებაში წამყვანი პოზიციები უკავიათ ალავიტური კონფესიის წარმომადგენლებს. ისინი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა 4 მილიონს არ აღემატება. მოსახლეობის 74% სუნიტური ისლამის მიმდევარია. ალავიტებმა სახელი მუჰამედის ბიძაშვილის და სიძის, მეოთხე წმინდა ხალიფასაგან აიღეს. მიუხედავად ამისა, ისინი მნიშვნელოვანწილად დაშორდნენ შიიზმს. ალავიტებმა მოძღვრებას ისმაილიტური ისლამის და ქრისტიანობის ელემენტები შეურწყეს. სუნიტი უმრავლესობის ნაწილი მათ ერეტიკოსებად მიიჩნევს. 
 
დამასკო, ალეპო, ჰომსი და ჰამა მუსლიმური საძმოს 600 ათასი წევრის ძირითადი საცხოვრებელი არეალია. ბოლო დღეებში, საპროტესტო მუხტი, სწორედ ამ ქალაქებიდან მოდიოდა. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად მუსლიმური საძმო პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ საძმოს წევრების უმრავლესობას კარგად ახსოვს 1982 წელი, როდესაც სუნიტების ამბოხი ჰამაში ალავიტურმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო და 20 ათასი ადამიანი მოკლა. 
 
ფოტო: Reuters ©
მიუხედავად პროტესტის მონაწილეთა რაოდენობის ზრდისა, ამ ეტაპზე მათი გამარჯვება მაინც სათუოა. ეგვიპტესთან და ტუნისთან შედარებით სირიაში სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო სუსტია და არც სერიოზული პარტია არსებობს, რომელიც მასების ორგანიზებას შეძლებდა. მნიშვნელოვან როლს თამაშობს დემოგრაფიაც: სირიის მოსახლეობა ეთნიკურად, რელიგიურად და კულტურულად დაყოფილია. აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სუნიტები (74%), ქრისტიანები (10%), ქურთები, ალავიტები და დრუზები (16%). გამორიცხულია, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, „პოლიტიკური ბროკერის” როლი ჩვეულებრივმა შეიარაღებულმა ძალებმა ითამაშონ. სახელმწიფო რეპრესიული მანქანა სირიაში რესპუბლიკურ არმიასა და სპეცდანიშნულების რაზმებს ეფუძნება, რომლებიც ღრმად პოლიტიზირებული არიან. ისინი  მმართველ უმცირესობაზე, ალავიტებზე არიან დამოკიდებულნი.
 
რეგიონული და საერთაშორისო მდგომარეობა უმეტესწილად ბაშარ ალ-ასადს „უმაგრებს ზურგს”: პირველი – სტატუს-კვოს შენარჩუნება რეგიონის ბევრი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია. ირანისთვის ალავიტების ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა, ლევანტის რეგიონში პლაცდარმის შენარჩუნებასთანაა პირდაპირ კავშირში. ეგვიპტისთვის მნიშვნელოვანია სირიის მონაწილეობა პალესტინის ტერიტორიებზე ჰამასსა და ფატჰს შორის მოლაპარაკებებში. საკუთრივ ისრაელისთვისაც კი, რომელსაც გოლანის მაღლობი აქვს ოკუპირებული, პროგნოზირებად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან ურთიერთობა უფრო მისაღებია, ვიდრე ძნელად პროგნოზირებად მუსლიმურ საძმოსთან. 
 
ფოტო: Reuters ©
მეორე – სირიის მიმართ აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაა ობამას ადმინისტრაციის დროს. თუკი ბუში ალ-ასადის რეჟიმის დასუსტებას ცდილობდა ეკონომიკური სანქციების შემოღებითა და სირიაში დემოკრატიული მოძრაობების დაფინანსებით, ობამამ სირიის ირანის გავლენის სფეროდან გასათავისუფლებლად განსხვავებული კურსი აირჩია. აშშ-მა შეარბილა ეკონომიკური სანქციები და მიმდინარე წლის იანვარში, 2005 წლის შემდეგ პირველად, დამასკოში ელჩი დააბრუნა (2005 წელს ელჩის გაწვევა ლიბანის პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობაზე ბუშის ადმინისტრაციის პასუხი იყო. მკვლელობის შეკვეთაში ასადს ადანაშაულებდნენ). The New York Times-ის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სირია ამერიკისთვის გახდა „პარტნიორი მშვიდობისათვის”. დამასკოსა და დერაას ქუჩებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, თეთრი სახლი კვლავ ამ პოზიციაზე რჩება. 27 მარტს Columbia Broadcasting System (CBS)-ის პოლიტიკური ანალიტიკოსის, ბობ შიფერის კითხვას, თუ რა განასხვავებს სირიის მოვლენებს ლიბიის ამბოხისაგან, ჰილარი კლინტონმა მარტივი პასუხი გასცა – „სირიაში განსხვავებული ლიდერია”, „კონგრესის წევრების უმრავლესობას, რომლებიც ამ თვეებში სირიაში იმყოფებოდნენ, სწამთ, რომ ასადი რეფორმატორია”. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „სირიაში საქმე გვაქვს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გადამეტებასთან”, მაშინ როცა კადაფი „თავისი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქებს ბომბავს”. მსგავს რიტორიკას, ისევე როგორც ობამას ახლო აღმოსავლურ პოლიტიკას, აშშ-ში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათი უმრავლესობა, პროცესში ამერიკის უფრო აქტიურად ჩართვას მოითხოვს. რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის, ტიმ პოულენტის განცხადებით, „ასადი მკვლელი, დიქტატორია” და მშვიდობის დამყარებაში მისი პარტნიორად განხილვა „სრული სისულელეა”.
 
ფოტო: Reuters ©
საგარეო მხარდაჭერით უზრუნველყოფილი რეჟიმის რეპრესიული მანქანა მთლიანად ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების შესანარჩუნებლად არის მობილიზებული. საზოგადოებამ იცის, თუ რა შეუძლია ამ მანქანას და ეს გარკვეულწილად თვითცენზურასა და თვითშეზღუდვას იწვევს. თუმცა, არაბულ სამყაროში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სამხედრო ძალა აღარ არის ადრინდელივით ეფექტიანი: მისი გამოყენების „ფასის” ზრდის პარალელურად, მოტანილი სარგებელი მცირდება.
პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებული მოლოდინების ვერგამართლება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. ქუჩაში ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერები გამოჩნდნენ და ალტერნატიული მსვლელობები ეწყობა. ეს ზრდის რეჟიმის მომხრე-მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების შესაძლებლობას. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სირიაში ცვლილებები ეგვიპტისა და ტუნისის მსგავსად განხორციელდეს.

კომენტარები