#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/haiti.png##fbimage#
ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში პოპულარულმა მოღერალმა, მიშელ მარტინელიმ, იგივე ”ტკბილმა მიკიმ” გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მომღერალს მხარი ამომრჩეველთა 67,57 %-მა დაუჭირა. მის კონკურენტს, ჰაიტის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს, მირლანდ მანიგას კი ამომრჩეველთა 31,74 %-მა მისცა ხმა. არჩევნების ოფიციალური შედეგები 16 აპრილს გამოცხადდება.ჰაიტიზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარტინელი მეორე ტურში ვერ გადავიდა. მის ნაცვლად პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას მმართველი პარტიის კანდიდატი აგრძელებდა. თუმცა, ჰაიტიზე დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ საარჩევნო კომისიამ ბიულეტენები ხელახლა დათვალა და მარტინელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდა. პოპ-მომღერალს მხარი დაუჭირა პირველ ტურში დამარცხებულმა ხუთმა კანდიდატმა და რეპერმა უაიკლიფ ჯინმა, რომელიც ასევე აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა იმის გამო, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რეპერი აშშ-ში ცხოვრობდა, მას ჰაიტის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. 50 წლის მარტინელის პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს. ექსპერტების თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ ჰაიტის მოსახლეობამ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსებისთვის მხარდაჭერაზე უარი თქვა. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე მარტინელიმ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ”ჩვენ ვიმუშავებთ ყველა ჰაიტელისთვის. ერთად ჩვენ ამას შევძლებთ,” დაწერა მან სოციალურ ქსელ ტვიტერზე.




