გოლფის რევოლუციის მოლოდინში

ბოლო პერიოდში კომუნისტურ კუბაზე ბურჟუაზიული სპორტის, გოლფის „დაბრუნების” აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. კუნძულის ტურიზმის მინისტრის განცხადებით, „უკვე დამტკიცდა 16 პროექტი ქვეყანაში გოლფის განვითარებისათვის”, შესაბამისად, უახლოეს 5-6 წელიწადში, მზად გოლფის 16 ახალი მოედანი იქნება. 

„მშრომელების” ყურადღება „ბურჟუაზიული გასართობისკენ” ეკონომიკურმა გამოწვევებმა მიმართა. კუბას, იმპორტირებული საქონლის საფასურის გადასახდელად, ფული სჭირდება. მაშინ როცა უკვე „მოძმე კომუნისტური” სახელმწიფოები ან აღარ არსებობენ ან საკუთარი პრობლემები აქვთ, ფულის გამომუშავების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ტურიზმი იქვა. კუბის გოლფისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტების რაოდენობის გაზრდას. ამასთანავე კუნძულზე ჩასული ტურისტები უფრო მეტ ფულს დახარჯავენ, რაც კუბის შემოსავალს გაზრდის.

კუნძულზე სპორტის ეს სახეობა ადრე არაპოპულარული ერთი ძირითადი მიზეზის გამო იყო. 1962 წელს ფიდელ კასტრომ გოლფის მოედნების უმრავლესობა სამხედრო ბანაკებად, ნაწილი კი ხელოვნების სკოლებად აქცია. მხოლოდ ორი მოედანი გადაურჩა „რეპრესიებს”. აღსანიშნავია, რომ კასტროს ამ გადაწყვეტილებას საინტერესო ისტორია უძღოდა წინ – არშემდგარი გოლფის დიპლომატია. 1962 წელს ამერიკასთან გართულებული ურთიერთობების ფონზე ფიდელ კასტრომ თავისი მეგობარი, რევოლუციონერი ჩე გევარა გოლფის სათამაშოდ მიიწვია. როგორც შემდეგ მისმა პირადმა რეპორტიორმა, ლორენცო ფუენტესმა Wall Street Journal-ს განუცხადა, კასტრომ მას სთხოვა მომდევნო დღეს გამოექვეყნებინა სტატია სათაურით „პრეზიდენტი კასტრო პრეზიდენტ კენედის გოლფის მეგობრულად სათამაშოდ იწვევს”.
 
კასტროს გეგმა ჩავარდა: კენედიმ, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა გოლფს, მიწვევა არ მიიღო. მეტიც, მან კიდევ უფრო გაამკაცრა ბლოკადა, რომელშიც კუბა იმავე წელს საყოველთაოდ ცნობილი „სარაკეტო კრიზისის” გამო აღმოჩნდა. 
 
სწორედ ამის შემდეგ მიიღო ფიდელ კასტრომ გოლფის მოედნების ბანაკებად და სკოლებად გადაკეთების გადაწყვეტილება. მშრომელთა სახელმწიფოში ბურჟუაზიული გადმონაშთების ადგილი აღარ იყო. 
 
მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა. დღეს რაულ კასტროს რეჟიმის შერბილების პირობებში „იდეოლოგიური შეუთავსებლობის” ნიველირების შესაძლებლობა გაჩნდა. გოლფის განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტორების მოზიდვა. ცხადია, ქვეყანაში, სადაც არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფო მოახდენს ინვესტორის ქონების ნაციონალიზებას – ფულს არავინ ჩადებს. ამიტომ „მნიშვნელოვნად შეიცვალა და ინვესტორთათთვის უფრო მიმზიდველი გახდა საკუთრების შესახებ კანონი”, – განაცხადა CNN-თან ინტერვიუში ენდრიუ მაკდონალდმა, Esencia Hotels and Resorts-ის ხელმძღვანელმა. Esencia Hotels and Resorts-ი უკვე ფლობს Carbonera Country Club-ს ვარადეროში და მიმდინარე წელს იქ ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს. მაკდონალდი დარწმუნებულია, რომ „ამ წელს გოლფი კუბაში რეალობა გახდება”. მის განწყობას რამდენიმე ესპანური და კანადური კომპანია იზიარებს.
 
  კუბაში ვარაუდობენ, რომ ამერიკა, იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კუბას სტუმრობენ,შეზღუდვებს შეასუსტებს. რამდენად რეალურია გოლფის რევოლუციის შესაძლებლობა, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. საინტერესოა, სად აქვს ზღვარი ამ რევოლუციას და შეძლებს თუ არა გოლფი, პინგ-პონგის მსგავსად, საერთაშორისო დიპლომატიაში თავისი სიტყვა თქვას. ცხადია, ასეთ მომავალზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, მაგრამ ისიც ნათელია, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში მუდმივი მტრები არ არსებობენ. 

კომენტარები