გიგიშა პაჭკორიას „თიხიანი ხელები”

ჯერ კარიერი უნდა მოთხარო,  თიხა გამოაცალკევო, გაასუფთაო, გადაცრა და  თაბაშირის ფორმაში ჩამოასხა. ამის შემდეგ იწყება თიხის მოზელის, გამოყვანის, გამოშრობისა და გამოწვის ხანგრძლივი პროცესი; პიგმენტებისა და ჟანგის შერევა, ბოლოს ფერის მიღება და ნივთი საექსპონატოდ უკვე მზად არის.

ვინ მოთვლის რამდენჯერ გაიარა ეს გზა გიგიშა პაჭკორიამ. აი ახლაც, გამოფენისთვის გულდასმით მოემზადა. 24 მარტს ხელოვანის (თუ ხელოსნის) ცხოვრებაში მეხუთე პერსონალური გამოფენა გაიმართა, ბაია გალერეამ კერამიკოსის 32 ექსპონატს უმასპინძლა. 

 გამოფენაზე,  ჩაიდნის სერიის “1001 ჩაიდანი, როგორც 1001 შეჰერეზადას ღამე”  გარდა,  ღვინის ჭურჭელიც წარმოადგინეს. როგორც გიგიშა ამბობს, ეს არ არის ჩვეულებრივი დოქები,  ყანწები და არც ფიალები –  არამედ იმპროვიზებული ნივთებია, პრაქტიკული, თუმცა ორიგინალური. 

რაც შეეხება ჩაიდნებს. ეს თემა მის შემოქმედებაში 1980 წლიდან იკიდებს ფეხს. ხელოვანი სამი წელი ცდილობდა სამხატვრო აკადემიაში მოხვედრას, და ბოლოს სწორედ ჩაიდნისა და ჩაის ჭურჭლის კარგად გამოყვანისთვის მიიღეს. როგორც თავად ამბობს, ეს ჭურჭელი ერთ-ერთი ყველაზე რთული გასაკეთებელია – „პირველი კერამიკული ნივთი, რომელიც აკადემიაში გავაკეთე, სწორედ ჩაიდანი იყო. მას შემდეგ დაიბადა 1001 უძილო ღამისა და
1001 სხვადასხვა ჩაიდნის იდეაც, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია ვახორციელებ. და ამასობაში, უკვე 900-ზე მეტი გავაკეთე”. 
 
სტუდენტობის შემდეგ იყო გამოცდილების მიღების ხანგრძლივი პროცესი, რის გამოც, დაღესტანში, სოფელ ბალხარშიც იმოგზაურა, სადაც კერამიკა უძველესი მეთოდით გამოჰყავთ. ახლა კი ყველაფერს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსა და კერძო სახელოსნოს – თიხიანი ხელები – მოსწავლეებს უზიარებს. 
 
გიგიშა პაჭკორიას ნამუშევრები საქართველოს, რუსეთის, ავსტრიის, გერმანიის, ირლანდიის,  საფრანგეთის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში ინახება. 

კომენტარები