ორი კურ­დღე­ლი ერ­თი გას­რო­ლით: პრი­ვა­ტი­ზა­ცია ვა­ლის და­სა­ფა­რა­ვად

ტელეკომუნიკაციების შვედური კომპანია თელიასონერა საქართველოში მისი პარტნიორი კომპანიის, ჯეოსელის სარეკლამო რგოლებიდან არის ცნობილი. თელიასონერა შვედეთის იმ სახელმწიფო კომპანიების ნუსხაშია, რომელთა პრივატიზებაც 2007 წლიდან იგეგმება. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ამ ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა ბევრგან, ლიბერალიზაციის გადავადების საბაბი გახდა. თუმცა შვედეთის მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ წელს, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა. საპრივატიზაციო ნუსხაში სულ 52 ობიექტი შედის.

შვედეთის მთავრობამ უკვე გაყიდა სახელმწიფო ბანკის – Nordea Bank AB – 19.8% წილი. ბიუჯეტი 2.9 მილიარდი აშშ დოლარით შეივსო. პრივატიზაციის რიგში შემდეგი, იპოთეკური სესხების გამცემი SBAB-ია. შემდეგ მოდის ტელეკომოპერატორი თელიასონერა. ამ კომპანიების პრივატიზებით, შვედეთი 15 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს. თანხა სკანდინავიური ქვეყნის ვალის მომსახურებას მოხმარდება. შვედეთის ვალი მშპ-ს 35%-ია, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, სახელმწიფო კომპანიების უმეტესობა, მათ შორის, იგივე თელიასონერა ან არაყი Absolut-ი მოგებაზე მუშაობს. პრივატიზაციის გეგმის კრიტიკოსები თვლიან, რომ სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს თავისი აქტივები და დივიდენდებიდან მოგება ნახოს: შვედეთის ეკონომიკა შარშან 6%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2011 წელს მატება 4% იქნება, კიდევ სულ მცირე 2 წელი ბიუჯეტი პროფიციტს შეინარჩუნებს. 
 
მთავრობა ცდილობს ოპონენტებს აუხსნას, რომ სახელმწიფო კომპანიების გასხვისება და ამ თანხით ვალის შემცირება ეკონომიკურად სწორი ნაბიჯია: მოკლევადიანი შოკი გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის გაჯანსაღებას მოიტანს. 2009 წელს, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სამინისტრომ საწარმოთა სპეციალური ანგარიშიც წარადგინა. იგი აჩვენებს, რომ შვედეთის ყოფილი სახელმწიფო საწარმოები პრივატიზაციის შემდეგ კიდევ უფრო მომგებიანები და ეფექტიანები გახდა. 
 
თუმცა შვედეთში, სადაც ბევრი პროფესიული კავშირი არსებობს და სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის 23% მთავრობისგან სხვადასხვა ტიპის დახმარებას იღებს (მაგალითად, დროებითი ან მუდმივი დახმარება შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის), პოლიტიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმის დასაბუთება, რომ უნდა გასხვისდეს 54 სახელმწიფო კომპანია, სადაც 188 ათასი ადამიანია დასაქმებული. მთავრობას კომპრომისზე წასვლა მოუხდა: ორი კომპანია – ენერგეტიკული გიგანტი Vattenfall-ი და სამთო-სამრეწველო კომპანია LKAB – როგორც ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის პოლიტიკურად მგრძნობიარე სექტორების მოთამაშეები, საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს.
 
შვედეთის ეკონომიკური განვითარება პირობითად შეიძლება სამი ძირითადი მოდელის მიხედვით დავყოთ. პირველი მოდელი (1870-1960 წწ.) აქცენტს საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული კანონმდებლობის, განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აკეთებდა. შედეგად, შვედეთი ერთ-ერთი უღარიბესი დასავლური სახელმწიფოდან ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობით მსოფლიოში მესამე ქვეყნად იქცა. 
მეორე მოდელის დროს (1960-1985წწ.) გამდიდრებულმა შვედეთმა სოციალური სიკეთეების ხელგაშლილად დარიგება დაიწყო. შედეგად, 80-იანი წლების ბოლოსთვის, მთავრობის ზომა მშპ-ს 60-65%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 1960 წელს 30%-მდე იყო. პარალელურად, სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის ზღვრული გადასახადების დონემ 65-75%-ს მიაღწია. იგივე მაჩვენებელი 1960 წელს 40%-მდე იყო. 70-იანი წლების დასაწყისში შრომითი ბაზრის ახალი რეგულირებები გაჩნდა, რომლებიც სამუშაო ადგილების დაცვას ემსახურებოდა და ამ დროისთვის მომძლავრებული და ცენტრალიზებული პროფკავშირები აქტიურად ლობირებდნენ. შედეგად, 1970-1995 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ შვედეთში, OECD-ის მდიდარი წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 18%-ით ჩამორჩებოდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეიტინგში შვედეთი მესამე ადგილიდან მეჩვიდმეტეზე ჩამოვიდა. 
 
90-იანი წლების დასაწყისში შვედეთი ევროკავშირში შევიდა. თუმცა მანამდე, ქვეყანამ, ბაზრის რეგულაციების და ასევე, უცხოური ვალუტის კონტროლის უმეტესი მექანიზმების დერეგულირება მოასწრო. ამით საფუძველი ჩაეყარა მესამე მოდელს. 1991 წელს გადასახადები უმეტესი მოსახლეობისთვის 10-20%-მდე, თითქმის 3-ჯერ შემცირდა. ცენტრისტული მემარჯვენე მთავრობის პერიოდში, ტელეკომუნიკაციების, ელექტროენერგიის, საგზაო ტრანსპორტის, ტაქსების და ნაწილობრივ რკინიგზის ბაზრების დერეგულაცია მიღებული პრაქტიკა გახდა. ბავშვთა და ხანდაზმულთა მოვლის და ასევე განათლების სფეროში დახმარების მექანიზმად, ვაუჩერული სისტემა დაინერგა. რეფორმის მიზანი კონკურენციის გაზრდა და არჩევანის თავისუფლების გარანტირება იყო. ამან კარგად იმუშავა: 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, შვედეთის მშპ-მ აქტიური ზრდა დაიწყო. 1970-იან წლებში თითქმის სამჯერ შემცირებული ეკონომიკა ისევ ძველ რელსებზე დადგა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საგადასახადო ტვირთი თითქმის 25%-ით შემცირდა. 2010 წელს ექსპორტი, რაც სკანდინავიური ქვეყნის მშპ-ს ნახევარზე მეტს შეადგენს, 11.9%-ით გაიზარდა. შვედეთის მშპ-ს ყველაზე დიდი წილი – 73.1% – მომსახურების სფეროზე მოდის. სოფლის მეურნეობა მშპ-ს მხოლოდ 1.7%-ს შეადგენს. დღეს შვედეთის მთავრობა კონკურენციის ხელშეწყობისა და არჩევანის თავისუფლების ზრდის პოლიტიკას, სახელმწიფო კომპანიების მასშტაბური განკერძოების გზით სტაბილურად აგრძელებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსის მიხედვით, შვედეთი, შვეიცარიის შემდეგ, მსოფლიოს მეორე ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკაა.

კომენტარები