ჰაკერებმა ევროკომისიაზე ”სერიოზული” კიბერ შეტევა განახორციელეს

 ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკომისია ჰაკერების კიბერ შეტევის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ევრონიუსი იუწყება. ამ დროისთვის  ევროკომისიის თანამშრომლები, მათ შორის ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კეტრინ ეშტონი ელექტრონული ფოსტით ვერ სარგებლობენ. ევროკომისიის წარმომადგენლებმა მედიას განუმარტეს, რომ ჰაკერებმა  კომპიუტერულ ქსელში ვირუსი გაუშვეს. ”ჩვენ ხშირად ვართ ჰაკერების შეტევის მსხვერპლი, თუმცა ეს შემთხვევა მათ შორის ყველაზე სერიოზულია,” ციტირებს BBC ანონიმურ წყაროს.

ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, შეტევის მიზანი კონფიდენციალური დოკუმენტების მოპოვება არ ყოფილა და  ჰაკერების მიერ შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირის სამიტი მაინც დროზე გაიხსნება. გასული წლის დეკემბერში მსგავსი შეტევის მსხვერპლი საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროც გახდა. მაშინ ჰაკერების სამიზნე დიდი ოცეულის სამიტის დოკუმენტები იყო, რომელიც პარიზში თებერვალში გაიმართა. მაშინ ჰაკერებმა საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი 170 ათასი კომპიუტერიდან 150-ის გატეხვა მოახერხეს. 

კომენტარები